დროა გალღვეს რუსეთ-ამერიკის კავშირები – პუტინისა და ტრამპის შეხვედრის დეტალები

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჰელსინკში, ამერიკელ კოლეგას დონალდ ტრამპს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტებმა ჟურნალისტებისთვის ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

„დიპლომატია და ურთიერთქმედება უკეთესია, ვიდრე კონფლიქტი და დაპირისპირება, ხოლო მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის დიალოგი მსოფლიოს ინტერესებს პასუხობს. ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის არასოდეს ყოფილა ამაზე უარესი, თუმცა სიტუაცია სამიტის შემდეგ მკვეთრად შეიცვალა“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა

რუსეთის ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაჯანსაღებისკენ მიმართული ნაბიჯების დაგეგმვას.
ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთხელ უარყო 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა რუსეთის მხრიდან.

„რუსეთის სახელმწიფო არ ჩარეულა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში და მზად არის კიბერუსაფრთხოების ერთობლივი ჯგუფების ფარგლებში იმუშაოს“, – აღნიშნა მან.

თავის მხრივ, აშშ-იზს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დიალოგი ვლადიმერ პუტინთან პროდუქტიული იყო.

პრესკონფერენციაზე პუტინმა ასევე განაცხადა, რომ დონალდ ტრამპს შესთავაზა, ორმხრივი გრძელვადიანი ურთიერთობების ფილოსოფიაზე იფიქროს. „რა თქმა უნდა, დროა, გალღვეს რუსეთ-ამერიკის კავშირები საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხაზით, კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროში. ამასთან დაკავშირებით, ამერიკის პრეზიდენტს ვუთხარით, რომ იფიქროს არა მხოლოდ პრაქტიკულ საკითხებზე, არამედ ორმხრივი ხანგრძლივი ურთიერთობების ფილოსოფიაზე“.

ტრამპის თქმით, რუსეთი და აშშ ერთად არიან დამნაშავეები ორმხრივი ურთიერთობების გაუარესებაში.

Leave a Reply