საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

საქართველოს, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი ეწვევა.

სომეხ კოლეგას საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი უმასპინძლებს. საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა დღეს გაიმართება.

უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ზოჰრაბ მნაცაკანიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს შეხვდება.

სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალს. ის ასევე ეწვევა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს და შეხვდება სომხური დიასპორის წარმომადგენლებს.