ქართულმა სათვისტომომ სომხეთში აღდგომის დღესასწაული აღნიშნა

8 აპრილს, სომხეთში ქართულმა სათვისტომო „ივერიამ“ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული აღნიშნა. 

„ივერიის“ წევრები 7 აპრილის საღამოს ერევნის იესო ქრისტეს ამაღლების სახელობის ეკლესიას ეწვივნენ.  ქალაქის გარეუბან ნორაგავითში 1640 წელს აშენებული მართლმადიდებლური სამლოცველო კომუნისტური რეჟიმის დროს  სამხედრო იარაღების საწყობი იყო, ხოლო 1987 წლიდან  საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის კურთხევით აღორძინდა და  უშუალოდ საქართველოს პატრიარქს დაექვემდებარა.

„ჩვენი ნოეს კიდობანი,“ ასე უწოდებს მას სიყვარულით ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი ალექსანდრე შკარბანენკო. იგი წირვა-ლოცვას რუსულ ენაზე ატარებს, მაგრამ ეკლესიაში ყველა ქართული საეკლესიო დღესასწაული აღინიშნება და სალოცავად მისულ მართლმადიდებლებს ქართული ხატები ეგებება კედლებიდან.

სააღდგომო ლიტურგიას ეკლესიის მცირერიცხოვანი, მაგრამ მრავალეროვანი მრევლი ესწრებოდა. საკურთხეველთან წითელი კვერცხებითა და სააღდგომო პასკებით სავსე კალათები შემოარიგეს ქართველებმა, რუსებმა, უკრაინელებმა, ბერძნებმა, ასირიელებმა და სომხებმა.

ქართული ეკლესიის მრევლმა უზენაესი სიხარულის განცდით გაათია მზიან დღეზე ნათელი აღდგომის ღამე და სააღდგომო ცისკარს გალობით შეხვდა, სადაც ისმოდა სიტყვები „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი.“

სააღდგომო საცისკრო მსახურების დასასრულს მამა ალექსანდრე შკარბანენკომ მრევლს მხიარულად აუწყა ქრისტეს აღდგომა. სადღესასწაულო ღვთისმსახურების შემდეგ მამა ალექსანდრემ მრევლს სიკვდილით ქრისტეს მიერ თვით სიკვდილის არსის შეცვლა განუმარტა და აღნიშნა, რომ ქრისტემ სიკვდილი ზეციურ სასუფეველში გადასვლად აქცია.

აღდგომა საყოველთაო განახლებისა და ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების დღესასწაულია და ყველას მოუწოდა  ქრისტესმიერი სიყვარულით უყვარდეთ ერთმანეთი.

სომხეთში მცხოვრებმა ქართველებმა აღდგომის დღესასწაული ეროვნულ უმცირესობათა კულტურის ცენტრში გააგრძელეს. „ივერიის“ წევრები სათვისტომოს პრეზიდენტის  სვეტლანა ნამჩევაძის ხელმძღვანელობით, ერთად აღნიშნავენ ქართულ ეკლესიურ თუ სახელმწიფო დღესასწაულებს. აღდგომის ზეიმს უხუცესებთან ერთად, ახალგაზრდები,  საკვირაო სკოლის მოსწავლეები და სტუმრები ესწრებოდნენ.

დღესასწაული მამაო ჩვენოს ლოცვით დაიწყო. სააღდგომო სუფრაზე უხვად იყო, როგორც ქართული ხაჭაპური და ფხალეული, ასევე სომხური ლავაში და ქადები.  პასკაზე ანთებულმა სანთლების შუქმა ბრწყინვალე აღდგომის მადლითა და სიხარულით აავსო ივერიელები. სუფრას მხიარულება ვოკალურმა ანსამბლმა „ციცინათელამ“ და საკვირაო სკოლის ცეკვის მასწავლებელ-მოსწავლეების ცეკვებმაც შემატა.

ნაირის მიწაზე შექმნილ პატრა,,ივერიაში“ დიდხანს სუფევდა სადღესასწაულო  განწყობა.

ნინო სპანდერაშვილი

Leave a Reply