დღეიდან საქართველოს ყოფილ მოქალაქეებს საშუალება აქვთ მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით, სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართონ

საქართველოს ყოფილ მოქალაქეს, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგა, უფლება აქვს, 2020 წლის 31 დეკემბრამდე სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით მიმართოს.

ინიციატივის მომზადება, საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებმა განაპირობა, რომლის მიხედვითაც, ორმაგი მოქალაქეობა დასაშვები ხდება. „მოქალაქეობის შესახებ“ კანონი პარლამენტმა საგაზაფხულო სესიაზე მესამე მოსმენით დაამტკიცა.

კანონის მიხედვით, პირს მოქალაქეობა აღუდგება, თუ რამდენიმე მოთხოვნას დააკმაყოფილებს, მათ შორის: დადგენილ ფარგლებში უნდა ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას, ასევე თუ არ მიმდინარეობს მისი ძებნა ან მის მიმართ არ ხორციელდება საექსტრადიციო ან გაძევების პროცედურები.

კანონით კონკრეტდება, რომ პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭების შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეობა მის არასრულწლოვან შვილსაც მიენიჭება.

Leave a Reply