შეერთებული შტატები  მოწინააღმდეგე მხარეებს ცეცხლის შეწყვეტას  მოუწოდებს და გმობს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში მესამე ძალების ჩარევას

შეერთებული შტატები კონფლიქტის მხარეებს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შეთანხმებას მოუწოდებს და გმობს მესამე ძალების ჩარევას, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ Fox News-თან ინტერვიუში.

”ჩვენ ვეწინააღმდეგებით ამ კონფლიქტის საერთაშორისო კონფლიქტად გადაქცევას, ვფიქრობთ, რომ გარე ძალებმა თავი უნდა შეიკავონ. ჩვენ ცეცხლის შეწყვეტას მოვუწოდებთ”, – განაცხადა პომპეომ და აღნიშნა, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე ესაუბრა.

”ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს დღეებში ისინი დარწმუნდებიან, რომ შეუძლებელია ეთნიკური და პოლიტიკური კონფლიქტების სამხედრო გზით მოგვარება და რომ მესამე ქვეყნების ჩარევა პრობლემას კიდევ უფრო ამძაფრებს”, – თქვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

ამ ღამეს სომხეთის მთავრობამ ინფორმაცია გაავრცელა პრემიერ მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ რობერტ ო’ბრაიენს  შორის გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ.