სიძულვილის ენის სამართლებრივი რეგულირება– შედარებითი ანალიზი: დასავლეთი და საქართველო

საქართველოში სიძულვილის ენის ზუსტი განსაზღვრა, როგორც საერთაშორისო ხელშეკრულებებით, ისე საქართველოს ეროვნული კანონმდებლობით, არ არსებობს. თუმცა, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ 2019 წელს მიღებული სიძულვილის ენასთან ბრძოლის სტრატეგია და გეგმა განსაზღვრავს სიძულვილის ენას, როგორც ვერბალურ, წერით ან ქცევით გამოხატულებას, რომელიც მიმართულია პირზე ან პირთა ჯგუფზე და იყენებს დამამცირებელ, დისკრიმინაციულ ენას, რაც მათ რელიგიის, ეთნიკური წარმომავლობის, ეროვნების, რასის, კანის ფერის, გენდერის ან სხვა იდენტობის ფაქტორებით არის ნაკარნახევი. 

სიძულვილის ენას ხშირად აიგივებენ ყველა ტიპის ნეგატიურ გამონათქვამებთან. ზოგჯერ, შეურაცხმყოფელი, ცილისმწამებლური თუ დისკრედიტაციისთვის მომზადებული მასალა სიძულვილის ენად აღიქმება. სინამდვილეში მათ შორის დიდი განსხვავებაა. რადგან ყოველ ქვეყანას სხვადასხვანაირი უნიკალური კონტექსტი აქვს, რთულია განსაზღვრო, თუ რა არის სიძულვილის ენა, რომელი ტერმინები, ფრაზები და გამონათქვამები ამწვავებს ნეგატიურ დამოკიდებულებას ამა თუ იმ პირის მიმართ.

სიძულვილის ენა მეტია, ვიდრე უხეშობა. ის შეიძლება იყოს ნებისმიერი გამოხატულება შეურაცხყოფისა და დამცირებისა ან წაქეზება სიძულვილისა ადამიანთა ჯგუფის ან ფენის მიმართ. სიძულვილის ენა შეიძლება გამოიხატოს სიტყვით, სიმბოლოთი, გამოსახულებით ანდა ვიდეოთი. სიძულვილის ენას ზიანი მოაქვს როგორც ცალკეული პირებისათვის, ისე პირთა ჯგუფებისა და საზოგადოებისათვის. არაერთი კვლევა მოწმობს, რომ სიძულვილის ენა იწვევს უარყოფით ემოციურ, მენტალურ და ფიზიკურ შედეგებს. შედეგები მოიცავს დაბალ თვითშეფასებას, შფოთვას, შიშს, მათ შორის საკუთარი სიცოცხლის დაკარგვის შიშს, თვითდაზიანებას და თვითმკვლელობასაც კი. 

განვიხილოთ კონკრეტული მაგალითი, მამუკა ხაზარაძის შემთხვევა სიძულვილის ენის კლასიკური მაგალითია, რომელიც პოლიტიკურ მიზნებს ეთნიკური ქსენოფობიის საშუალებით ემსახურება. 2024 წლის 11 და 13 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების 2 კვირის წინ, პროსამთავრობო POSTV-მ ორი სიუჟეტი გაავრცელა, სადაც კოალიცია “ძლიერი საქართველო”-ს ერთ-ერთ ლიდერის მამუკა ხაზარაძის “სომხური წარმომავლობა” განხილული იყო.  POS TV-ის ჟურნალისტის მიერ ხაზარაძის სომხური წარმომავლობა გამოიყენება, როგორც უარყოფითი კონტექსტი, თითქოს სომეხი ყოფნა თავისთავად პრობლემაა. 

მაგალითად, რომ ეთქვათ: “კონკრეტული პოლიტიკური ან სხვა პირის” ფინანსური საქმიანობა საეჭვოა და მისი ბიზნეს საქმიანობა უნდა შემოწმდეს.“ — ეს მკაცრი პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიტიკაა, მაგრამ ეთნიკურ კუთვნილებას არ ეხება და სიძულვილის ენად არ მიიჩნევა.

სიძულვილის ენა და გამოხატვის თავისუფლება ხშირად ერთმანეთში ხვდება და მათი გამიჯვნა არაერთგვაროვანია, როგორც საერთაშორისო პრაქტიკაში, ისე ეროვნულ დისკურსებში. მიუხედავად იმისა, რომ გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია, იგი არ არის აბსოლუტური და მისი შეზღუდვა შესაძლებელია მაშინ, როცა სიტყვიერი გამოსვლები მტრობას, დისკრიმინაციას ან ძალადობას უწყობს ხელს. ამასთანავე, პრაქტიკაში მკვეთრი ზღვარის გავლება რთულია, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში სიძულვილის ენად შეფასებული განცხადებები უბრალოდ მკაცრი კრიტიკა ან პოლიტიკური დისკრედიტაციაა, რაც დაცულია გამოხატვის თავისუფლებით. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია კონტექსტის, შინაარსისა და ზემოქმედების შეფასება თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში.

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, „სახელმწიფო ცნობს და იცავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ფასეულობებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.“  

კანონში ასახულია გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი ტერმინი, მინიშნებულია ისიც, რომ „კანონის ინტერპრეტირება უნდა მოხდეს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების, მათ შორის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის შესაბამისად.“ ამასთან ერთად მითითებულ კანონში არ არის აღნიშნული, რას ნიშნავს სიძულვილის ენა ან რამდენად არის ის გამოხატვის თავისუფლების ნაწილი. ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული კანონის მიერ დამკვიდრებული სტანდარტი შეესაბამება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებულ პრაქტიკას და უფრო ახლოს ამერიკულ მოდელთან დგას.

საერთაშორისო სამართლის ნორმები და საქართველოს კანონმდებლობა კრძალავენ დისკრიმინაციას, მტრობის გაღვივებას და ძალადობის წაქეზებას, თუმცა ნაკლებად არეგულირებენ სიძულვილის ენის გამოყენებას. სიძულვილის ენა, როგორც წესი, არ აღწევს წაქეზების ზღვარს, რაც ნიშნავს, რომ საერთაშორისო კანონმდებლობა არ ავალდებულებს სახელმწიფოებს მისი აკრძალვაში. მიუხედავად ამისა, სიძულვილის ენა კვლავ შეიძლება იყოს ზიანის მომტანი, რადგან ის ხელს უწყობს დისკრიმინაციის და ძალადობის გარემოს შექმნას.

საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება კონსტიტუციით და „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონით არის დაცული. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, „სახელმწიფო ცნობს და იცავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ფასეულობებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.“

ამავე დროს, რიგ შემთხვევებში, კონკრეტულ სექტორებში, როგორიცაა მედია და კომუნიკაციების სფერო, სიძულვილის ენის რეგულაცია ზოგადი პრინციპისგან განსხვავებულ, უფრო დეტალურ და სპეციფიკურ მიდგომებს არეგულირებს. “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 56 (3) მუხლი ადგენს, “იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც მიმართულია პირის ან ჯგუფის ფიზიკური შესაძლებლობის, ეთნიკური კუთვნილების, რელიგიის, მსოფლმხედველობის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის ან სხვა თვისებისა თუ სტატუსის გამო შეურაცხყოფისაკენ, დისკრიმინაციისაკენ ან ამ თვისებისა თუ სტატუსის განსაკუთრებული ხაზგასმისაკენ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის შინაარსიდან გამომდინარე და მიზნად ისახავს არსებული შუღლის ილუსტრირებას.”

სიძულვილის ენა არის ძალადობისკენ მოწოდების ერთ-ერთი მაგალითი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება კონსტიტუციური უფლებაა, არსებობს სიტუაციები, როდესაც გამოხატვა შეიძლება გასცდეს დასაშვებ ფარგლებს და რეალურ საფრთხედ იქცეს.

ამ კონტექსტში აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობს სპეციალური ნორმა, რომელიც პირდაპირ განსაზღვრავს და აკრძალავს სიძულვილის ენას როგორც სამართლებრივ კატეგორიას. მაგრამ სისხლის სამართლის კონდექსის (სსკ) 239 პრიმა მუხლის მიხედვით, ძალადობრივი ქმედებისაკენ მოწოდება, რომელიც აშკარად და პირდაპირ ქმნის საფრთხეს, არის დანაშაული, შესაბამისად მხოლოდ ამ ნაწილში შეიძლება ჩაითვალოს იგი დასჯად ქმედებად.

საქართველოს კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ გარკვეულწილად არეგულირებს სიძულვილის ენას. კერძოდ, დისკრიმინაციული ქმედების გამოვლენისას დაწესებულება ვალდებულია სწრაფად და ეფექტურად იმოქმედოს და პასუხისმგებლობა დააკისროს დამრღვევ პირს. ამ მიმართულებით კონტროლს ახორციელებს საქართველოს სახალხო დამცველი, რომელიც ზედამხედველობს დისკრიმინაციის აღმოფხვრასა და თანასწორობის უზრუნველყოფას.

განვიხილოთ, თუ როგორია სამართლებრივი ჩარჩო დასავლეთის ქვეყნებში.

დიდი ბრიტანეთი

საინტერესოა განვიხილოთ დიდი ბრიტანეთის მაგალითი , რომელიც ცხადყოფს, როგორ შეიძლება დემოკრატიულმა სახელმწიფომ ეფექტიანად შეამციროს სიძულვილის ენა კანონის ფარგლებში, ისე რომ სიტყვის თავისუფლების პრინციპები არ შეილახოს — სწორედ ამ ბალანსის პოვნაა გამოწვევა საქართველოშიც.

დიდ ბრიტანეთში სიძულვილის ენის მიმართ კანონმდებლობა მკაცრია. მოქმედებს „საჯარო წესრიგის აქტი“ (Public Order Act 1986), რომელიც კრძალავს რასობრივი, ეთნიკური და რელიგიური ნიშნით სიძულვილის გაღვივებას, მათ შორის — ინტერნეტში გამოქვეყნებულ განცხადებებსაც. ბრიტანული სასამართლოები არაერთი პრეცედენტით ამკაცრებენ მიდგომებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პოლიცია აქტიურად რეაგირებს ციფრულ სივრცეშიც — მოქალაქეების საჩივრები ხშირად მოჰყვება რეალურ გამოძიებას.

მაგალითად, 2022 წელს TikTok-ზე გავრცელებული ჰომოფობიური ვიდეო გამოიწვია სამართლებრივი დევნა. ბრიტანეთის პოლიტიკა ეფუძნება პრინციპს, რომ სიძულვილის ენა არა მხოლოდ ძალადობის წახალისებაა, არამედ დემოკრატიული თანაცხოვრების საფრთხეც.

აშშ 

ამერიკაში სიძულვილის ენის რეგულაცია გაცილებით სუსტია, რადგან მოქმედებს სიტყვის თავისუფლების კონსტიტუციური გარანტია (First Amendment). სასამართლო პრაქტიკით მხოლოდ იმ ტიპის განცხადებები ექვემდებარება რეგულირებას, რომლებიც პირდაპირ ძალადობისკენ მოუწოდებს ან საფრთხეს ქმნის კონკრეტულ ჯგუფზე.

ეს მიდგომა აჩენს კრიტიკას — განსაკუთრებით მაშინ, როცა სიძულვილის ენა პოლიტიკოსების ან მედიის მხრიდან საზოგადოებრივ დაპირისპირებას ზრდის. მიუხედავად ამისა, აშშ-ში აქტიურად მოქმედებენ კერძო პლატფორმები, რომლებიც საკუთარ პოლიტიკას იყენებენ — Twitter, Facebook და YouTube საკუთარ წესებს აწესებენ სიძულვილის შემცველი კონტენტის წაშლისთვის, თუმცა ხშირია უკმაყოფილება არათანაბარ მიდგომებზე. 

მხარდამჭერები ამ რეგულაციის აცხადებენ, რომ სოციალური მედია არ არის უბრალოდ ნეიტრალური სივრცე, არამედ აქტიურად ზემოქმედებს საზოგადოებრივ განწყობებზე. ამიტომ, პლატფორმების ვალდებულებაა, რომ აღკვეთონ მტრობა, დისკრიმინაცია და ძალადობის წახალისება, განსაკუთრებით მაშინ, როცა საუბარია უმცირესობების დაცვისა და საზოგადოების პოლარიზაციის თავიდან არიდებაზე. მათი აზრით, ამ სოციალურ ქსელებს აქვთ უფლება და ვალდებულება განსაზღვრონ სტანდარტები თავიანთ სერვისებში და თავიანთი წესებით მოახდინონ სიძულვილის ენის შემცველი კონტენტის წაშლა. მეორე მხრივ, კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ამ პლატფორმების რეგულაციები ხშირად ბუნდოვანია და არათანაბარ და შერჩევით გამოყენებას იწვევს. მათი თქმით, ხშირია შემთხვევები, როცა კონკრეტული პოლიტიკური ან იდეოლოგიური ჯგუფები უფრო მკაცრად ისჯებიან, ვიდრე სხვები, რაც პლატფორმებს ცენზურის ინსტრუმენტად წარმოაჩენს. ამას დამატებული აქვთ ასევე არგუმენტი, რომ ასეთი რეგულაციები ხელს უშლის თავისუფალი დებატების განვითარებას და საფრთხეს უქმნის გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტურ პრინციპს, რომელიც აშშ-ის კონსტიტუციით განსაკუთრებულადაა დაცული.

მიუხედავად ამისა, მაგალითად აშშ-ში, სადაც გამოხატვის თავისუფლების უფლებები განსაკუთრებული დაცვით სარგებლობს, აქტიურად მოქმედებენ კერძო პლატფორმები, როგორიცაა Twitter, Facebook და YouTube, რომლებიც საკუთარ წესებს აწესებენ სიძულვილის შემცველი კონტენტის წაშლისთვის. თუმცა ხშირია უკმაყოფილება ამ პლატფორმების არათანაბარ და ხშირად პოლიტიკურად მოტივირებულ მიდგომებზე, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს ამ საკითხის სირთულეს გლობალურ დონეზე.

მიუხედავად იმისა რომ საქართველოში ისე აბსოლუტურად არ არის აღიარებული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, არსებობს ერთგვარი მსგავსება საქართველოსა და აშშ-ს მიდგომებს შორის.

ევროკავშირი

ევროკავშირში სიძულვილის ენის რეგულაცია წევრ სახელმწიფოებს ევალებათ, თუმცა ბოლო წლებია, გაჩნდა მცდელობა საერთო სტანდარტების ჩამოყალიბებისთვის. მაგალითად, 2022 წელს ძალაში შევიდა ციფრული სერვისების აქტი (Digital Services Act), რომელიც ავალდებულებს პლატფორმებს, რომ სიძულვილის ენაზე რეაგირება სწრაფად მოახდინონ და მომხმარებლებს შესთავაზონ გამჭვირვალე წესები. 

გარდა ამისა, ევროკავშირის ანტიდისკრიმინაციული დირექტივები წევრ სახელმწიფოებს ავალდებულებს სიძულვილის ენაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებას, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება რასიზმს, ქსენოფობიას ან ანტისემიტიზმს. გერმანიასა და საფრანგეთში მოქმედებს ძლიერი რეგულაციები ონლაინ სივრცეში, სადაც ციფრული დანაშაულის აღმოჩენაზე პასუხისმგებლობას სახელმწიფოც და პლატფორმებიც იღებენ.

ევროკავშირთან მიმართებით ამ თემის განხილვისას, აუცილებელია აღვნიშნოთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა ამ თემასთან მიმართებით.ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „სანჩესი საფრანგეთის წინააღმდეგ“ დაადგინა, რომ Facebook-ის მომხმარებელი პასუხისმგებელია მის გვერდზე დატოვებული სიძულვილის ენის შემცველ კომენტარებზე.

სტრასბურგის სასამართლო, რომელმაც გადაწყვეტილება 2021 წლის 2 სექტემბერს გამოიტანა, დაეთანხმა საფრანგეთის სასამართლოებს, რომლებმაც მის გვერდზე დატოვებული კომენტარების შინაარსზე პასუხისმგებლობა დააკისრა ფრანგ პოლიტიკოსს ჟულიენ სანჩესს. 2011 წელს საფრანგეთში ბოკერის მერი და ოქიტანიის რეგიონული საბჭოს წევრი ჟულიენ სანჩესი, რომელიც „ეროვნული ფრონტის“ სახელით საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდა, Facebook-ზე ოპონენტის წინააღმდეგ პოსტი გაავრცელა. მის გვერდზე გამართულ დისკუსიაში გაჩნდა კომენტარები, რომლებიც საფრანგეთში მცხოვრებ მუსლიმებს შეურაცხყოფდა და კრიმინალთან აიგივებდა. სანჩესის ოპონენტის პარტნიორმა სიძულვილის შემცველი კომენტარების გამო სარჩელი შეიტანა სასამართლოში. სტრასბურგის სასამართლოში განხილვისას დადგინდა, რომ სანჩესი პასუხისმგებელი იყო მის გვერდზე გამოქვეყნებულ სიძულვილის შემცველ კომენტარებზე. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მსგავსი გამოხატულებები საფრთხეს უქმნიდა პლურალისტურ საზოგადოებას, და დაადგინა, რომ სანჩესის წინააღმდეგ გამოყენებული სანქციები პროპორციული და ლეგიტიმური იყო.

სოციალური ქსელები

არამხოლოდ ქვეყნებს აწუხებს სიძულვილის ენისა და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას შორის ბალანსის პოვნის პრობლემა არამედ დიდ კომპანიებს, როგორებიცაა წამყვანი სოცილაური ქსელები.

X (ყოფილი Twitter) წარსულში ცდილობდა უფრო ლიბერალური მიდგომა შეენარჩუნებინა სიტყვის თავისუფლების სასარგებლოდ, და იმის მერე, რომ ილონ მასკმა შეიძინა კომპანია და ცვლილებები განახორციელა, სიძულვილის შემცველი პოსტები თითქმის 60%-ით გაიზარდა. იმავდროულად, Amnesty International და სხვა უფლებადამცველი ორგანიზაციები ხაზს უსვამენ, რომ პლატფორმაზე სიძულვილის ენის ზრდა პირდაპირ აისახა მარგინალიზებული ჯგუფების მიმართ საფრთხეების მომატებაში.

Facebook (Meta) ოფიციალურად აცხადებს, რომ სიძულვილის ენის წინააღმდეგ მკაცრი პოლიტიკა აქვს და პრიორიტეტს ანიჭებს ანგარიშების დაბლოკვას და პოსტების წაშლას სიძულვილის ენის შემცველობის შემთხვევაში. მაგალითად, 2024 წლის მეორე კვარტალში პლატფორმამ წაშალა 7.2 მილიონი სიძულვილის შემცველი პოსტი. თუმცა, ბოლო პერიოდში Meta-მ შეამცირა სიძულვილის ენის რეგულაციის სიმკაცრე. 2025 წლის იანვარში კომპანიამ გააუქმა აშშ-ში ფაქტების გადამოწმების პროგრამა. ამ ცვლილებებს მოჰყვა კრიტიკა. Meta-ს დამოუკიდებელმა ზედამხედველმა საბჭომ გააკრიტიკა კომპანიის გადაწყვეტილება ფაქტების გადამოწმების პროგრამის გაუქმების გამო.

TikTok-ის სიძულვილის ენის რეგულაციის პოლიტიკა ოფიციალურად მკაცრია და კრძალავს რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური, სექსუალური ორიენტაციისა და სხვა ნიშნით სიძულვილის შემცველ კონტენტს. მაგალითად, 2020 წელს კომპანიამ აშშ-ში წაშალა 380,000-ზე მეტი ვიდეო და დაბლოკა 1,300-ზე მეტი ანგარიში სიძულვილის ენის გამო . თუმცა, პრაქტიკაში პლატფორმა ხშირად კრიტიკის ობიექტია მოდერაციის არათანმიმდევრულობისა და კონკრეტულ ქვეყნებში სპეციფიკურ კონტექსტებზე არასაკმარისი რეაგირების გამო. გამოდის, რომ მიუხედავად ოფიციალური პოლიტიკისა, TikTok-ის მოდერაციის პრაქტიკა ხშირად არათანმიმდევრულია და კონკრეტულ რეგიონებში სიძულვილის ენის წინააღმდეგ ეფექტური რეაგირების ნაკლებობას განიცდი

ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით შეგვიძლია ვთქვთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთში განსხვავებული მიდგომები არსებობს, საერთო მიზანი ერთია — დაიცვას საზოგადოება დისკრიმინაციისგან და ხელი შეუწყოს სამოქალაქო თანაცხოვრებას. საქართველომ ამ გზაზე ჯერ მხოლოდ პირველი ნაბიჯები გადადგა. მნიშვნელოვანია, რომ რეგულაციები რეალურად განხორციელდეს და არ გახდეს პოლიტიკური მანიპულაციის ინსტრუმენტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, სიძულვილის ენა დარჩება პოლიტიკური იარაღი.

სიძულვილის ენის რეგულაციას აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები. ერთის მხრივ, ასეთი რეგულაცია მიზნად ისახავს სხვადასხვა და მათ შორის მოწყვლადი ჯგუფების დაცვას დისკრიმინაციისგან, ძალადობის წახალისებისგან და სიძულვილის გავრცელებისგან, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მრავალფეროვან და დემოკრატიულ საზოგადოებებში. მეორეს მხრივ, ზედმეტად მკაცრი რეგულაციები შეიძლება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვამდე მივიდეს და განსხვავაებული აზრის გამოხატვა საფრთხის წინაშე დააყენოს. როგორც აღვნიშნეთ, არც დასავლეთის ქვეყნებში არსებობს სიძულვილის ენის მიმართ ერთიანი და სრულად შეთანხმებული მიდგომა: ზოგი სახელმწიფო მეტად იცავს სიტყვის თავისუფლებას, მაშინ როცა სხვები უფრო მკაცრ რეგულაციებს აწესებენ სიძულვილის ენის წინააღმდეგ.

დღესდღეობით სხვადასხვა გლობალური სოციალური მედია პლატფორმები განსხვავებული პოლიტიკებით ებრძვიან სიძულვილის ენას. Facebook აფორმებს დეტალურ წესებს, რომლებიც კრძალავს გამოხტომებს რასის, ეთნოსის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, რელიგიის და სხვა ნიშნით მიმართული სიძულვილის წინააღმდეგ, ასევე ავტომატურ ალგორითმებს მსგავსი კონტენტის ამოსაცნობად და წასაშლელად.

როგორც ვასკვნით, ზემოაღნიშნულ ქვეყნებში არ არსებობს ერთგვაროვანი მიდგომა. დასავლეთში ხშირია აზრთა სხვადასხვაობა და ცხარე დებატები. 2025 წლის 14 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების 61-ე კონფერენციაზე, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა გააკრიტიკა ევროკავშირის ლიდერებს, რომლებიც, მისი თქმით, “სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიის უკუსვლას” იწვევენ. ვენსმა აღნიშნა, რომ ევროპული ქვეყნების ხელისუფლებები ხშირად იყენებენ სიძულვილის ენისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის არგუმენტს იმისთვის, რომ შეზღუდონ განსხვავებული მოსაზრებები და პოლიტიკური ოპონენტების ხმა.

ონლაინსივრცეში ძალადობრივი და ზიანის მომტანი გამონათქვამების ზრდის ფაქტორის გამო ბევრ ქვეყანაში ისმება კითხვა: უნდა იქნეს თუ არა შემოღებული სიძულვილის ენის აკრძალვა და გამოხადტვის თავისუფლების ამ ნაწილში შეზღუდვა, თუ კი, როგორ უნდა მოხდეს ამის რეგულირება. 

ამ თემაზე ერთგვაროვანი მოსაზრება არც საქართველოშია, ბევრი უფლებადამცველი ეყრდნობა ევროკავშირის პოლიტიკას და აღნიშნავს, რომ სიძულვილის ენის რეგულირება აუცილებელი კომპონენტია, ხოლო სხვები კი, ეყრდნობიან აშშ-ს მიდგომებს და იზიარებენ გამოხატვის თავისუფლების აბსოლუტურ ხასიათს. თქვენ რას ფიქრობთ ამ თემასთან დაკავშირებით? საჭიროა თუ არა სიძულვილის ენის რეგულირება?

  1. სიძულვილის ენა და არმენოფობია ქართულ პოლიტიკაში
  2. ალთა მიმართ გამოყენებული სიძულვილის ენა საქართველოში