სომხეთი აცხადებს, რომ აუქმებს თურქეთთან ურთიერთობის მოგვარების შეთანხმებას

სომხეთმა გააუქმა 2009 წელს შემუშავებული ორი პროტოკოლი, რომლებიც მიზნად ისახავდა ურთიერთობის ნორმალიზებას რეგიონულ მეტოქე თურქეთთან. ამ ცნობას ავრცელებს სომხეთის პრეზიდენტის ოფისი.

პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა კავშირების მოწესრიგების შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა, და ამ ნაბიჯის დეტალები ახლო მომავალში გამოქვეყნდება საჯაროდო, განაცხადა პრესმდივანმა ვლადიმირ ჰაკობიანმა 1 მარტს. რეგიონული მედია მანამდე ავრცელებდა ცნობას, რომ სარგსიანი მზად იყო ახალი მოლაპარაკებისთვის ურთიერთობის მოსაგვარებლად, ოღონდ “ახალი პირობების გათვალისწინებით”.

სომხეთის და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორ პროტოკოლს ხელი მოაწერეს 2009 წლის ოქტომბერში, ციურიხში. დოკუმენტები ითვალისწინებდა ანკარასა და ერევანს შორის დიპლომატიური კავშირების დამყარებას და საერთო საზღვრის გახსნას. თუმცა შეთანხმებას გულისწყრომით შეხვდნენ ერევანშიც და ანკარაშიც. მისი რატიფიკაცია არც ერთი ქვეყნის პარლამენტს არ მოუხდენია და სომხეთში უკვე დიდი ხანია მსჯელობენ მათი გაუქმების შესახებ.

2015 წლის თებერვალში სარგსიანმა პარლამენტის სპიკერს, გალუსტ საჰაკიანს სთხოვა პროტოკოლები მისთვის დაებრუნებინა, რადგან, მისი თქმით, “თურქეთის მთავრობას არ აქვს პოლიტიკური ნება, ის ცვლის პროტოკოლების სულისკვეთებას .. და განაგრძობს პირობების წამოყენების პოლიტიკას”.

2017 წლის სექტემბერში სარგსიანმა გაეროს გენერალურ ასამბლეას უთხრა, სომხეთი ამ “უშედეგო” პროტოკოლებს გაუქმებულად გამოაცხადებს 2018 წლის გაზაფხულზე, თუ ანკარა არ გადადგამს ნაბიჯებს მათი განხორციელებისკენო.

radiotavisupleba.ge

Leave a Reply