სომხეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ვაზგენ სარგსიანს დღეს 60 წელი შეუსრულდებოდა

5 მარტი სომხეთის პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწის, მწერლის ვაზგენ სარგსიანის დაბადების დღეა. იგი 1959 წელს, სომხეთის ქალაქ არარატში დაიბადა.

აქტიური საქმიანობა სარგსიანმა 1988 წელს ყარაბაღის მოძრაობის დროს დაიწყო, რომლის მიზანი იყო სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის გაერთიანება. 1991 წლის ბოლოს, მას შემდეგ რაც სომხეთმა დამოუკიდებლობა მოიპოვა, ლევონ ტერ-პეტროსიანის ბრძანებით,  იგი თავდაცვის მინისტრად დაინიშნა.

ვაზგენ სარგსიანს ორჯერ ეკავა სომხეთის თავდაცვის მინისტრის თანამდებობა (1991-1992 და 1995-1999 წლებში). 1999 წლის ივნის-ოქტომბერში იგი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყო.

სარგსიანი, 1999 წლის 27 ოქტომბერს, სომხეთის პარლამენტში განხორციელებული ტერაქტის დროს დაიღუპა.

1999 წლის 27 ოქტომბერს, სომხეთის პარლამენტში, როდესაც იქ მთავრობის საათი მიმდინარეობდა, შეიარაღებული ჯგუფი შეიჭრა და ცეცხლი გაუხსნა დარბაზში შეკრებილებს, შედეგად გარდაიცვალა რვა ადამიანი, მათ შორის, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ვაზგენ სარგსიანი და ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე კარენ დემირჭიანი. სომხეთის პარლამენტში მომხდარი ტერაქტიდან წლები გავიდა თუმცა, სომხეთის მოქალაქეებისთვის 27 ოქტომბრის გვერდი არ დახურულა, რადგან ამ დრომდე დაუსჯელები არიან დანაშაულის ორგანიზატორები.

ვაზგენ სარგსიანი, რომელიც ტერაქტს ემსხვერპლა, ცნობილი იყო თავისი კრიტიკული განცხადებებით, რაც შესაძლოა გამხდარიყო მასზე თავდასხმის საფუძველი. ასევე, მას რომ ჰყოლოდა სათანადო დაცვა, რომელიც მის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა, შესაძლოა 27 ოქტომბერი არ მომხდარიყო.