სომხეთისკენ ახკერპის გავლით მიმავალი გზის მშენებლობა კვლავ გადაიდო

მარნეულის მუნიციპალიტეტის სადახლო-წოფი-ახკერპი-სომხეთის საზღვართან მიმავალი გზის რეაბილიტაციის სამუშაოები მეორე წელია გრძელდება, თუმცა სამშენებლო სამუშაოების დასასრული არ ჩანს. მოუწესრიგებელმა და ალაგ-ალაგმოასფალტებულმა გზამ პრობლემები შეუქმნა ამ გზით მოსარგებლე სოფლების, ახკერპის, ჩანახჩის, ხოხმელისა  და ოფრეთის მოსახლეობას.

სადახლო-წოფი-ახკერპი-სოხეთის გზა, რომლის სიგრძე 25 კმ-ია, წლების განმავლობაში, რბილად რომ ვთქვათ, ცუდ მდგომარეობაშია. გზის მშენებლობა 2019 წელს დაიწყო, ჯერ 5 კილომეტრიანი მონაკვეთი გარემონტდა, ორწლიანი შესვენების შემდეგ  მომდევნო მონაკვეთზე, 9-18 კილომეტრზე სამშენებლო სამუშაოები 2021 წლის დეკემბრიდან გაგრძელდება. სხვათა შორის, მიმდინარე სამუშაოები სოფელ ახკერპმდე არ აღწევს.

9-18 კმ გზის მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოებზე (ტენდერის ნომერი: NAT210019572)  8,319,982 ლარიანი ტენდერი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე 2021 წლის 11 ოქტომბერს გამოაცხადა. ტენდერში 6 კომპანია მონაწილეობდა, საიდანაც კომპანიებმა  „იბერი“ და „ქცია“ ერთნაირი თანხა – 6, 655, 986 ლარის შეთავაზება დააფიქსირეს. კონტრაქტი 2021 წლის 9 დეკემბერს კომპანია “იბერთან” გაფორმდა . შპს „იბერი“ გარდაბანის რაიონის სოფელ ფონიჭალაშია რეგისტრირებული. ის 2009 წლის 12 დეკემბრიდან ფუნქციონირებს და მისი 100%-იანი მეწილე ნიკოლოზ ჩახვაშვილია.

სარებილიტაციო სამუშაოები 2021 წლის დეკემბერში დაიწყო, თავდაპირველი ხელშეკრულებით ის 2023 წლის 13 მარტს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ხელშეკრულების დასრულებამდე 3 დღით ადრე, 2023 წლის 10 მარტს, კომპანიამ სახელმწიფოს მშენებლობაზე სამუშაოების შესრულების ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით მიმართა,  საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მიმართვა დააკმაყოფილა და სამუშაოების შესრულების ვადა 2023 წლის 10 ივნისამდე გადაწია.

2023 წლის 7 აგვისტოს კომპანია „იბერმა“ კვლავ მიმართა დეპარტამენტს სამუშაოების დასრულების გაგრძელების თხოვნით, რაც ასევე დაკმაყოფილდა და ახალ თარიღად 30 სექტემბერი განისაზღვრა.. 2023 წლის 30 დეკემბერს სამუშაოების ვადის თაობაზე კომპანიამ დეპარტამენტს კიდევ ერთხელ მიმართა. ბოლო ცვლილებების მიხედვით კომპანიას სამუშაოების შესრულების ვადა 2024 წლის 30 აპრილს ეწურება.

აღსანიშნავია, რომ დეპარტამენტის და სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას შორის 2021 წლის 9 დეკემბერს გაფორმებულ ხელშეკრულებაში 15 ცვლილება შევიდა.

სამშენებლო სამუშაოების შემსრულებელი კომპანია „იბერის“ დირექტორი ნიკოლოზ ჩახვაშვილი 2023 წლის ოქტომბერში „ალიქ მედიასთან“ საუბარში გვარწმუნებდა, რომ მათზე მინდობილი გზის მონაკვეთი 2023 წლის ბოლომდე შევიდოდა ექსპლუატაციაში..

„მიუხედავად იმისა, რომ კომპანია „დაჯარიმების რეჟიმში“ მუშაობს, გპირდებით, რომ გზის მონაკვეთი ექსპლუატაციაში 15-20 დეკემბრამდე შევა, მომავალი კვირიდან იგეგმება სამუშაოების გააქტიურება, ასფალტის სამუშაოების დაწყებაც”,-  განაცხადა  ჩახვაშვილმა.

მანამდე, 2022 წლის ნოემბერში ნიკოლოზ ჩახვაშვილმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ გზის მშენებლობა გართულებებით მიმდინარეობდა. ფასის მატების მიზეზადაც ეს დასახელდა. კომპანიის დირექტორის თქმით,საჭირო იყო კვლევების ჩატარება, შემდეგ კლდის დანგრევა, გზის გაფართოება და ამიტომ სამუშაოები შენელდა. 2023 წლის მაისში ნიკოლოზ ჩახვაშვილმა უკვე პროექტში არსებულ ხარვეზებზეც მიუთითა.

სანამ გზის მშენებლობა ჭიანურდება, ამ გზით მოსარგებლე სოფლების მცხოვრებლებს უჭირთ გადაადგილება, განსაკუთრებით ზამთრის პირობებში, რადგან ეს გზა მარნეულის რაიონულ ცენტრთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზაა. ამ დროისთვის სამუშაოების დასრულება 2024 წლის აპრილშია დაგეგმილი, არადა როდესაც ხელშეკრულება გაფორმდა, 2021 წლის დეკემბერში, სამუშაოების დასრულება ერთ წელიწადში იგეგმებოდა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, თანხის თითქმის ნახევარი (46%) 3 მილიონ ლარზე მეტი კომპანიისთვის უკვე გადახდილია, აქედან 1.3 მილიონი კომპანიას ავანსის სახით გადაურიცხეს.

„ალიქ მედია“ სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის მონიტორინგს გააგრძელებს, საკითხზე განახლებულ ინფორმაციას უახლოეს მომავალში მიაწვდის.