აშშ სომხეთს ფინანსურ დახმარებას 20 მლნ-ით უზრდის

2019 წლისთვის აშშ სომხეთისთვის ფინანსური დახმარების გაზრდას გეგმავს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სომხეთს, დაახლოებით, 26 მილიონ დოლარს გამოუყოფს. ეს თავიდან გათვალისწინებულზე 20 მილიონით მეტია. ინფორმაციას Jamnews-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თანხის ნაწილი იმ პროგრამებზე დაიხარჯება, რომელთა მიზანიც სომხეთში სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის ჩამოყალიბებაა. თანხის მეორე ნაწილი კი სომხურ და ამერიკულ კომპანიებს შორის სავაჭრო და საქმიანი ურთიერთობების გასაფართოებლად, ასევე – სომხეთისთვის პრიორიტეტული საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროსა და ენერგეტიკული რეფორმებისთვის გამოიყენებენ.

2018 წელს სომხეთმა 14 მილიონის ოდენობის დამატებითი დაფინანსება უკვე მიიღო.