სომხეთში პანიკის გამომწვევი ამბების გავრცელება იკრძალება

სომხეთის ეროვნულმა ასამბლეამ 20 მარტს გამართულ საგანგებო სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღო ცვლილებები, რომლითაც საგანგებო მდგომარეობის პირობებში იკრძალება „ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელსაც პანიკის გამოწვევა შეუძლია“.

კერძოდ, საკანონმდებლო ცვლილებებით, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში „პანიკის გამომწვევი ინფორმაციის“ გავრცელება დაისჯება 300 000 დრამამდე (დაახლოებით 600 აშშ დოლარი) თანხით.

ცვლილებას მხარი ასამბლეის 102 დეპუტატმა დაუჭირა.

შეგახსენებთ, რომ სომხეთში 16 მარტიდან ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე ხელისუფლებამ ინფორმაციის გავრცელებაზე შეზღუდვები დააწესა.