კორონავირუსის გავრცელების მიზეზი სომხეთში

სომხეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა პირველ მარტს დადასტურდა  და ის ირანიდან ჩამოსულ სომხეთის მოქალაქეს უკავშირდება.

ამჟამად სომხეთში კორონავირუსის 160 დადასტურებული შემთხვევიდან 133  ეჩმიაძინის და შენგავითის რაიონში მდებარე საწარმოს შემთხვევებთანაა დაკავშირებული.

ეჩმიაძინის შემთხვევა

კორონავირუსით ერთ-ერთი დაინფიცირებული ეჩმიაძინის მცხოვრები 45 წლის ქალბატონია.  ის თებერვლის ბოლოს იტალიიდან ჩამოვიდა და შვილის 40-კაციან ნიშნობას დაესწრო. როგორც მოგვიანებით დადგინდა, ქალი უკვე დაინფიცირებული იყო კორონავირუსით.

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, იტალიიდან ჩამოსულ ქალბატონს თვითიზოლაციაში დარჩენის რეკომენდაცია მიეცა, რომელიც მან უხეშად დაარღვია.

”ქალის საკონტაქტო  წრე და მასთან დაკავშირებული პირები დაზუსტდა და გადაეცა ჯანდაცვის სამინისტროს. ჯანდაცვის სამინისტრომ მოახდინა პირთა იდენტიფიცირება , რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ ინფიცირებულთან და შესაძლოა რისკის ქვეშ არიან ”- განაცხადა ქალაქ ეჩმიაძინის მერმა დიანა გასპარიანმა.

საწარმოს შემთხვევა

”ჩვენ არ ვახსენებთ საწარმოს სახელს, თუმცა ვიტყვით, რომ ეს საწარმო მდებარეობს ერევნის ერთ-ერთ უბანში – შენგავითში. საწარმოში ვიზიტით იმყოფებოდა  იტალიელი კოლეგა, რომელმაც ინფექცია დამალა და სიცხის დამწევი საშუალებები მიიღო. მან ორი დღე გაატარა საწარმოში,  შემდეგ  გაემგზავრა  სომხეთიდან, თუმცა დატოვა ინფექცია”- ინფექციის მეორე წყაროზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლა ფაშინიანმა ისაუბრა.

ზუსტად ამ ორი შემთხვევის გამო  სომხეთის ტერიტორიაზე ე.წ. იმპორტირებული ინფექციის გარდა შიდა გავრცელება უფრო მეტს შეადგენს. პროცენტულად რომ ვთქვათ, დაინფიცირებულთა საერთო ოდენობის 83 % ზემოაღნიშნულ ორ წყაროზე მოდის.