სომხეთში საპროტესტო აქციებს ოპოზიციური პარტიები უერთდებიან

დღეს, სომხეთში განახლებულ აქციებს სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები შეუერთდნენ.

მათ შორისაა ბიზნესმენ გაგიკ წარუკიანი, რომელმაც 2017 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმების 27.35% მიიღო და მეორე ადგილზე გავიდა.

„გაგიკ წარუკიანი, „აყვავებული სომხეთის“ ლიდერი ხალხის მიერ აგორებულ პროტესტს შეუერთდება. ჩვენ მობილიზებისკენ მოვუწოდებთ პარტიის წევრებს ქვეყნის ყველა რეგიონსა და ერევანში და გამოვალთ ქუჩებში ხალხის მხარეს.  ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვიქნებით ჩვენი ერისა და თანამემამულეების მხარეს“, – ნათქვამია წარუკიანის განცხადებაში.

აქციის მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუცხადა „ნათელი სომხეთის“ ლიდერმა ედმონ მანუკიანმაც: “სომხეთის რესპუბლიკურმა პარტიამ ხალხის ნდობა დაკარგა. ამიტომ პრემიერ-მინისტრობის ნებისმიერი კანდიდატი ამ პარტიიდან მიუღებელია და ჩვენ უნდა შევაჩეროთ”, – განაცხადა მანუკიანმა.

შეგახსენებთ, რომ დილიდან ერევანში ანტისამთავრობო დაუმორჩილებლობის მშვიდობიანი აქცია განახლდა. ნიკოლ ფაშინიანმა მოსახლეობას მოუწოდა, რომ “სრულყოფილ გამარჯვებამდე,” სანამ მმართველი პარტია ხელისუფლებას არ დატოვებს, საპროტესტო აქციები გააგრძელონ.

Leave a Reply