თბილისის სომეხი მაყურებლის საყვარელი ცისფერთვალება მსახიობი აღარაა… დამშვიდობება ლეილა მკრტჩიას

 

“მსახიობის უდროო სიკვდილმა გვაიძულა, გავიხსენოთ მისი განვლილი შემოქმედებითი ცხოვრება: მჟღერი ხმა, დასამახსოვრებელი პერსონაჟი, კომიკური და ტრაგიკული შერწყმა, სცენის შეგრძნების თანდაყოლილი უნარი, ენით აღუწერელი გარეგნული სილამაზე…” – ასე ახასიათებენ მას სომხური დრამატურგიის წამყვანი მსახიობები. მისი ასამდე როლი უკვე დიდი ხანია მაყურებლის საკუთრებაა.

მოკლეხნიან ცხოვრებაში ბევრი რამის გაკეთება მოასწრო, მაგრამ სათქმელი და გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრი ჰქონდა. თუმცა დაუნდობელი  დაავადება უფრო ძლიერი აღმოჩნდა და მოერია.

თბილისის სომხური დრამატული თეატრის რეჟიორი რომა მათიაშვილი: „ათეულობით როლი, ერთი მეორეზე კარგი. მან შექმნა პერსონაჟების მთელი გალერეა, რომელი ერთი ვთქვა, როგორ ვადიდო ის ადამიანი, რომელმაც ჩვენ ყველას გული გაგვიტეხა…“

11

ჰაკო ღაზანჩიანი, თბილისის სომხური დრამატული თეატრის ხელმძღვანელი: „სასწაული ადამიანი იყო. ამ დონის თავაზიანობა, ქალურობა, სიკეთე… რომელი ერთი ვთქვა, რთულია წარმოვიდგინოთ ყოველივე  ერთ ადამიანში“.

სომხეთის უმაღლესი თეატრალური ჯილდო; თეატრის მოღვაწეთა კავშირის „არტავაზდ“ ყოველწლიური დაჯილოების სპეციალური ჯილდო  ქალის საუკეთესო როლისთვის; 2015-2014  წლებში  სომხური თეატრალური კავშირის ოქროს მედალი… – ეს მისი ჯილდოების ჩამონათვალია. წელს კი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარველაშვილის ბრძანებით თეატრალური ხელოვნების სახალხოდ ქცევისა და ქართულ-სომხური კულტურული ურთიერთობების განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და დამსახურებული შემოქმედებისთვის, ღირსების ორდენით დაჯილდოვდა.

ახალგაზრდა მსახიობის უდროო გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მოვიდა.  უამრავი ადამიანი ჩამოვიდა სომხეთიდან, საქართველოს ეროვნებით სომხებით დასახლებული რეგიონებიდან.  თბილისის მერი დავით ნარმანია მსახიობის წვლილს ფასდაუდებელად მიიჩნევს:

„მოვედი, რომ მივუსამძიმრო მსახიობის ოჯახის წევრებს, მის ახლობლებს. რა თქმა უნდა, ჩვენმა ქალაქმა ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი დაკარგა, მისი არსებობა თეატრს საგრძნობლად დააკლდება“.

მსახიობმა უკანასკნელი როლი შეასრულა სომეხთა გენოციდის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ სპექტაკლში „ამ ღამით არავინ არ უნდა დაიძინოს“.

160 წლის სომხური თეატრის საყრდენებიდან კიდევ ერთი დაგვაკლდა. მსახიობის ნეშთი ხოჯივანქის „სომეხ მწერალთა და საზოგადოებრივ მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს“.

Leave a Reply