ფაშინიანი: ამიერიდან ხალხია თავისი ქვეყნის პატრონი

მოძრაობა “ჩემი ნაბიჯის” ლიდერი, სომხეთის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ნიკოლ ფაშინიანი აღნიშნავს, რომ ხავერდოვანი, არა ძალადობრივი, დემოკრატიული რევოლუცია მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ ხალხი გახდა თავის ქვეყნის პატრონი.

ფაშინიანი ხაზ უსვამს იმას, რომ ეს არა ლოზუნგი, არამედ ფაქტია. მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა ვინ გახდება პრემიერ-მინისტრი, რადგან მთავარი ხალხის გამარჯვებაა.

დღეს რესპუბლიკის მოედანზე ხალხი დილიდანვე შეიკრიბა სომხეთის დროშის ფერი ბუშტებით პარლამენტში დაგეგმილ პრემიერ-მინისტრის არჩევნებში ფაშნიანის მხარდასაჭერად.

ფაშინიანმა მათ გუშინ მოუწოდა რომ,  1-ელ მაისს 11 საათზე მოედანზე შეკრებილიყვნენ შეშფოთების, ემიგრაციის, სისუსტის, გაურკვევლობის წინააღმდეგ ბრძოლაში გამარჯვების აღსანიშნავად.

დღეს სომხეთის საკანონმდებლო ორგანოში მთავრობის მეთაურის, იგივე პრემიერ-მინისტრის არჩევნები გაიმართება. პრემიერ-მინისტრის კანდიდატად მხოლოდ ნიკოლ ფაშინიანია წარდგენილი.

ფაშინიანის კანდიდატურა მისმა პარტიამ „ელქმა“ წარადგინა, ხოლო კიდევ ორმა ფრაქციამ – „წარუკიანმა“ და „დაშნაკცუთიუნმა“ მას მხარი დაუჭირეს.

საერთო ჯამში ამ სამ ფრაქციას 105-ადგილიან პარლამენტში 47 მანდატი აქვს, პრემიერის პოსტზე ასარჩევად კი 53 ხმაა საჭირო.

შესაბამისად, პრემიერის პოსტზე ასარჩევად ფაშინიანს მმართველი “რესპუბლიკური პარტიის” სულ მცირე 6 დეპუტატის ხმა დასჭირდება.

“რესპუბლიკური პარტიის” აღმასრულებელი ორგანოს წევრის ედუარდ შარმაზანოვის თქმით, გადაწყვეტილებას ისინი ნიკოლ ფაშინიანის პროგრამის მოსმენის შემდეგ მიიღებენ.

Leave a Reply