“წმინდა სარგისის” დღესასწაული თბილისში

7-8 თებერვალს სომხური ეკლესია წმინდა სარგის (სურბ სარგის) მხედართმთავრის, მისი ვაჟის – მარტიროსის და 14 ჯარისკაცის დღესასწაულს აღნიშნავს.

ტრადიციის მიხედვით, პირველ დღეს, ძილისწინ, ახალაგაზრდებმა უნდა შეჭამონ მარილიანი კვერი, ხოლო ღამით მათ დაესიზმრებათ მომავალი მეუღლე, რომელიც მათ წყალს მიართმევს. ხალხში მიღებულია ასევე მკითხაობა.

დღესასწაულთან დაკავშირებით, უკვე ტრადიციად ქცეული, მომლოცველთა მსვლელობა ჩატარდა. 7 თებერვალს, ავლაბრის წმინდა ეჯმიაწინის ეკლესიიდან სომეხმა მომლოცველებმა ხარფუხის “სურბ სარგის” სამლოცველოსკენ მსვლელობაში მონაწილეობა მიიღეს.

სამლოცველოში სანთლების დანთების და ლოცვის შემდეგ მომლოცველებმა მსვლელობა მეიდანის „სურბ გევორგის“ მთავარი საკათედრო ტაძრისკენ გამართეს.

ტაძარში გაიმართა ,,სურბ სარგის“ წინასადღესასწაულო ცერემონია, ახალგაზრდების კურთხევის წესი აღევლინა, რომლებსაც მარილიანი კვერები დაურიგდათ.

დღეს, 8 თებერვალს, „სურბ გევორგის“ მთავარ საკათედრო ტაძარში სურბ სარგის მხედართმთავრის, მისი ვაჟის – მარტიროსის და 14 ჯარისკაცის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღვთო ლიტურგია აღევლინა.