ამერიკის ყოფილი ელჩი სომხეთის ხელისუფლებას მოუწოდებს მოერიდონ სააკაშვილის შეცდომებს

“ამერიკის ხმა” სომხეთში მიმდინარე ანტიკორუფციულ რეფორმებს სტატიას უძღვნის და საქართველოსა და ბელარუსში ამერიკის ყოფილი ელჩის კენეტ იალოვიჩის მოსაზრებას გვთავაზობს.

“სომხები ბრძოლით გამოვიდნენ ქვეყანაში გავრცელებული კორუფციისა და არაეფექტური ეკონომიკის წინააღმდეგ”, – წერია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოისთვის გაგზავნილ 25 ამერიკელი კონგრესმენის წერილში.

ამ მოვლენებს გამოეხმაურა ასევე საქართველოსა და ბელარუსში ამერიკის ყოფილი ელჩი კენეტ იალოვიჩი.

“სომხეთში ოლიგარქის ბიზნეს წრეები და მთავრობა ერთმანეთთან იყო დაკავშირებული. ეს მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც ყურადღებას საჭიროებს. უკიდურესად საამაყო ნაბიჯებია ახალი ხელისუფლების მიერ კორუმპირებული გენერლებისა და ბიზნესმენების დასჯა, მაგრამ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ. ეს არ უნდა იყოს ბრძოლა ზოგიერთი პირის წინააღმდეგ. აუცილებელია მართლმსაჯულების, სასამართლო სისტემების, ასევე პოლიტიკური და ეკონომიკური სფეროების სერიოზული რეფორმები,” – აღნიშნავს ელჩი.

იალოვიჩის განცხადებით, მნიშვნელოვანია რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში სომხეთის ხელისუფლებამ შეინარჩუნოს ლეგიტიმაცია და უზრუნველყოს ადამიანის უფლებები. მან საქართველოსთან პარალელები გაავლო და მოუწოდა სომხეთის ახალ ხელისუფლებას, რომ თავიდან აიცილოს საქართველოში დაშვებული შეცდომები.

“სააკაშვილის ხელისუფლებამ დაიწყო ოლიგარქებისა და კორუმპირებული მოღვაწეების წინააღმდეგ ბრძოლა, მაგრამ ეს ქმედებები არ იყო თანმიმდევრული, ღია და გამჭვირვალე, უზრუნველყოფილი სამართლებრივი პროცედურებით. მათ გამოიყენეს სასამართლო სისტემა, როგორც ზეწოლის საშუალება, რის შედეგადაც ბევრი ადამიანი აღმოჩნდა გისოსებს მიღმა. მე მოვუწოდებ სომხეთის ხელისუფლებას, რომ თავიდან აიცილოს ასეთი ქმედებები,” – განაცხადა ელჩმა.

Leave a Reply