Human Rights Watch სომხეთის ხელისუფლებას აქციების მშვიდობიანი გზით ჩატარებისკენ მოუწოდებს

ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში Human Rights Watch- ის სამხრეთ კავკასიის ოფისის დირექტორმა გიორგი გოგიამ სომხეთში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე ისაუბრა.

“Human Rights Watch- ის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაცია ყურადღებით აკვირდება სომხეთში პოლიტიკურ დემონსტრაციებსა და პროტესტებს. სამწუხაროდ, სომხეთს აქვს თავისუფალი შეკრებისა და მშვიდობიანი მიტინგების და დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენების ისტორია, რაც ამჯერადაც განმეორდა. ჩვენ ახლოს ვაკვირდებით სომხეთის შიდა პოლიტიკურ მოვლენებს და მოვუწოდებთ სომხეთის ხელისუფლებას, ხელი არ შეუშალოს მშვიდობიანი დემონსტრანტების აქციებს,” განაცხადა გოგიამ.

დღეს დილით, Human Rights Watch- მა განცხადება გაავრცელა და მოუწოდა მთავრობას, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ზედმეტი ძალის გამოყენება არ მოხდეს, როგორც წარსულში იყო.

“ჩვენ მოვუწოდებთ სომხეთის ხელისუფლებას, პატივი სცეს საერთაშორისო ვალდებულებებს”, – აღნიშნა გოგიამ სკაიპის საშუალებით “ამერიკის ხმასთან” საუბრისას.

სომხეის დედაქალაქში აქციები სერჟ სარგისიანის პრემიერ-მინისტრად არჩევის წინააღმდეგ მე-5 დღეა გრძელდება.

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი ქვეყნის პარლამენტის 17 აპრილის  საგანგებო სხდომაზე პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე 77 ხმით, 17-ის წინააღმდეგ აირჩიეს. მისი კანდიდატურა სომხეთის მმართველმა რესპუბლიკურმა პარტიამ წარადგინა.

Leave a Reply