ირანი საჰაერო თავდაცვის წვრთნებს იწყებს

21 ოქტომბერს ირანის საჰაერო თავდაცვის დანაყოფები სამხედრო წვრთნებს ჩაატარებენ, რაც ქვეყნის ტერიტორიის ნახევარზე მეტს მოიცავს. ამის შესახებ საინფორმაციო Tasnimnews-ი იუწყება.

სწავლების მეთაურმა, გენერალმა ქადერ რაჰიმზადემ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის წვრთნები დაიწყება კოდური სახელით “Velayat-99 Sky Guardians”. ზემოაღნიშნული სწავლება მიზნად ისახავს არმიის საბრძოლო ეფექტურობის გაზრდას და გაძლიერებას.

გენერალმა დასძინა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის საჰაერო ძალები წვრთნების  დროს მოიერიშე თვითმფრინავებისა და უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებას გეგმავს.

ასევე აღნიშნულია, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამწვავების შემდეგ ხოდაფარინის ტერიტორიაზე დაახლოებით 60 ჭურვი ჩამოვარდა.

ოფიციალურმა თეირანმა მანამდე  გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა, რომ კონფლიქტის ზონიდან ირანის ტერიტორიაზე არცერთი ჭურვი არ მოხვედრილიყო.