24 აპრილს სომხები გენოციდის მსხვერპლებს იხსენებენ

1915 წლის 24 აპრილს, ახალგაზრდა ოსმალეთის იმპერიის თურქმა მმართველებმა, რომელთა შორის მთავარ როლს ასრულებდნენ თალაათ-ფაშა, ენვერ-ფაშა და ჯემალ-ფაშა, სომხური ინტელიგენციის შეკრება ბრძანეს სტამბულში, რათა გადაესახლებინათ. უმრავლესობა იმავე დღეს დახოცეს.

1915 წლის 24 აპრილს დაიწყო კონსტანტინეპოლში სომეხი ინტელექტუალური, რელიგიური, ეკონომიური და პოლიტიკური ელიტის მასობრივი დაკავება, რამაც გამოიწვია სომხური კულტურის მნიშვნელოვან შემოქმედთა მთელი პლეადის განადგურება. დაკავებულთა სიაში მოხვდნენ სხვადასხვა პოლიტიკური ხედვისა და პროფესიის ხალხი: მწერლები, მსახიობები, მომღერლები, მასწავლებლები, ექიმები, იურისტები, ჟურნალისტები, ბიზნესმენები, პოლიციელები და რელიგიური ლიდერები; ერთადერთი ფაქტორი, რომლითაც ისინი ერთმანეთთან იყვნენ დაკავშირებულნი იყო — ეროვნება და საზოგადოებრივი მდგომარეობა. გამოჩენილი სომეხი მოღვაწეების დაკავება გრძელდებოდა დროდადრო მაისის ბოლომდე, ამასთან დაკავებულებს არავითარ ბრალდებას არ უყენებდნენ.

სომეხი მოსახლეობის განადგურება გრძელდებოდა 1918 წლის სექტემბრამდე. ბოლო სამი წლის განმავლობაში 1,5 მილიონზე მეტი სომეხი დაიღუპა. დანარჩენი ნაწილი გაიქცა ან გადაასახლეს მესოპოტამიაში, ლიბანსა და სირიაში უდაბნოს გავლით, სადაც ბევრი მათგანი შიმშილითა და ავადმყოფობით დაიღუპა. ერთ მილიონზე მეტი სომეხი როგორც ლტოლვილი მთელს მსოფლიოში გაიფანტა.

გენოციდმა შედეგად ის მოიტანა, რომ სხვადასხვა სომხური ორგანიზაციები, მიუხედავად განსხვავებული იდეოლოგიებისა, გაერთიანდნენ ერთი მიზნით – გენოციდის ყველა ორგანიზატორი უნდა დასჯილიყო.

სომხების გენოციდი მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ აღიარა.  პირველმა, ოფიციალურად, ურუგვაიმ აღიარა სომხების გენოციდი. შემდგომ ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალმა, ევროკავშირმა, ევროპარლამენტმა, გაერომ დისკრიმინაციის შეწყვეტისა და ეთნიკური უმცირესობების დასაცავად, მსოფლიო ეკლესიათა კავშირმა. სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარეს საფრანგეთმა, იტალიამ, გერმანიამ, ბელგიამ, შვედეთმა, ნიდერლანდებმა, შვეიცარიამ, რუსეთმა, პოლონეთმა, ლიტვამ, საბერძნეთმა, კვიპროსმა, სლოვაკეთმა, არგენტინამ, ვენესუელამ, კანადამ, ვატიკანმა, ავსტრალიამ და სხვა სახელმწიფოებმა. ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში სომხების გენოციდის ისტორიული ფაქტის უარყოფისთვის აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.