Jamnews. თბილისის მერია ხელს უშლის თურქეთის საელჩოსთან სომეხთა გენოციდის წლისთავის აღნიშვნას

თუმცა, კანონით მას ამის უფლება არ აქვს

ყოველ 24 აპრილს – სომეხთა გენოციდის დროს დაღუპულთა ხსოვნის დღეს, თბილისში, თურქეთის საელჩოსთან აქცია იმართება. ამგვარად საქართველოში მცხოვრები ეთნიკური სომხები ოსმალეთის იმპერიაში 1915-1918 წლებში დაღუპულთა ხსოვნას მიაგებენ პატივს.

წელს ეს ტრადიცია შეიძლება დაირღვეს – თბილისის მერია ცდილობს ამ აქციის ჩატარებას ხელი შეუშალოს.

სათვისტომომ დედაქალაქის მერიიდან მიიღო შეტყობინება, რომ თბილისის ტრანსპორტის სამსახური აქციის გამართვას „სასურველად არ მიიჩნევს“. მიზეზად საგზაო მოძრაობის სავარაუდო შეფერხება სახელდება.

“საქართველოს სომეხთა სათვისტომო” ამ წერილს აკრძალვად არ აღიქვამს და საკუთარი გეგმების შეცვლას არ აპირებს.

JAMnews-სთან საუბარში „საქართველოს სომეხთა სათვისტომოს“ საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი სანდრო ოგანოვი ამბობს, რომ მერიის პასუხს “უსიამოვნო” და “მოულოდნელი” იყო:

„ ჩვენ ამას არ აღვიქვამთ, როგორც აკრძალვას იმიტომ, რომ აქციის ჩატარების უფლებას ჩვენ კონსტიტუცია გვაძლევს. 2005 წლიდან ვატარებთ ღონისძიებებს ზუსტად ამ ადგილას და მსგავსი რამ არასოდეს მომხდარა. არის თუ არა „სასურველი“ აქცია, ამას კონსტიტუცია განსაზღვრავს, რომელიც მოქალაქეებს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებს აძლევს და არა ტრანსპორტის სამსახური”.

ოგანოვმა მიანიშნა, რომ მერიის ამ პასუხთან დაკავშირებით აქვს “გარკვეული ვარაუდები”, რომ ეს შესაძლოა პოლიტიკური გადაწყვეტილება იყოს, თუმცა ვრცლად ამ თემაზე საუბრისგან თავი შეიკავა: “ეს მხოლოდ ვარაუდებია. არ გვსურს ქვეყნებს შორის ურთიერთობა დავძაბოთ,” – ამბობს ოგანოვი.

„საქართველოს სომეხთა სათვისტომომ“ თბილისის მერიას, მოქმედი კანონმდებლობის თანხმად, გაუგზავნა შეტყობინება, რომ 24 აპრილს თბილისში, თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართავენ.

საქართველოს კონსტიტუციით მშვიდობიანი აქციის გამართვის უფლება აქვს ყველას, თუ ეს არ არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული აქცია. აქციის გამართვას ნებართვას არ სჭირდება. სავალდებულოა მხოლოდ ადგილობრივი მუნიციპალიტეტისთვის შეტყობინების გაგზავნა აქციის გამართვასთან დაკავშირებით, რათა სხვა ღონისძიებას არ დაემთხვეს. მუნიციპალიტეტი კი ვალდებულია, რომ აქციის ჩატარებას ხელი შეუწყოს. როდესაც მუნიციპალიტეტი აქციის ჩატარებაზე შეტყობინებას მიიღებს, ის არ არის ვალდებული პასუხი დაწეროს. პასუხი იწერება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მითითებულ ადგილზე, მითითებულ დროს უკვე დაგეგმილია სხვა ღონისძიება. მერია პასუხს აგზავნის იმიტომ, რომ აქციის ჩასატარებლად სხვა ადგილი შესთავაზოს.

24 აპრილს თურქეთის საელჩოსთან არანაირი ღონისძიება არ არის დაგეგმილი და შესაბამისად, მერიიდან პასუხი საჭირო არ იყო.

—  თბილისში სომეხთა გენოციდის 102-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები 23 აპრილს ვაკის პარკთან საპროტესტო მსვლელობით დაიწყება. მსვლელობის მონაწილეებს ხელში ჩირაღდნები და სანთლები ექნებათ და ისინი თურქეთის საელჩოსთან მივლენ. 24 აპრილს ღამის 12 საათზე საპროტესტო მანიფესტაცია კვლავ თურქეთის საელჩოსთან გაიმართება. აქციის მონაწილეები თურქეთის ხელისუფლებას სომეხთა გენოციდის აღიარებისკენ მოუწოდებენ. იმავე მოწოდებით მიმართავენ ისინი საქართველოს ხელისუფლებასაც.

—  14 აპრილს საქართველოში მოქმედმა სომხურმა საერო-საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა უკვე მიმართეს საქართველოს პარლამენტს, პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს გენოციდის საკითხის განხილვის მოთხოვნით.

წყარო- Jamnews

Leave a Reply