გირჩის პრეზიდენტობის კანდიდატმა ხმა მისცა

„გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, ზურაბ ჯაფარიძემ არჩევნებზე ხმა ვაკის 49-ე საარჩევნო უბანზე მისცა. როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, მან საარჩევნო ბიულეტენში საკუთარი თავი შემოხაზა.

„სხვა კანდიდატებმა ხმა მისცეს გაბრწყინებულ ივერიასა და ნათელ მომავალს, უღრუბლო ცას. მე მივეცი ხმა „გირჩის“ კანდიდატ ზურაბ ჯაფარიძეს. შემოვხაზე საკუთარი თავი და ამით მხარი დავუჭირე თავისუფლებისთვის ბრძოლის გაგრძელებას ამ ქვეყანაში”.

ჯაფარიძემ მეორე ტურის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

„ჩვენ ვაშენებთ თავისუფალ საზოგადოებას. საზოგადოებას, რომელიც შედგება თავისუფალი ადამიანებისგან და არა მონებისგან. ადამიანებისგან, რომლებსაც სჯერათ საკუთარი თავის… მეორე ტური არის დამოკიდებული იმაზე, რამდენი ადამიანი მივა არჩევნებზე, ჯერჯერობით, მე რასაც აქ ვუყურებ აქტივობა არის დაბალი. თუ დაბალი აქტივობა იქნება, ქართული ოცნება გამოიყვანს თავის პარტაქტივს, თავის საჯარო მოხელეებს, თავის ადმინისტრაციულ რესურს, დათვლილი აქვთ ხმები და ზუსტად იციან, რომ გადალახავენ 50 პროცენტს, თუ ხალხი მივა ბევრი, მაშინ მათი დათვლილი რაოდენობა ვეღარ იქნება 50 პროცენტზე მეტი და მაშინ იქნება მეორე ტური,“ – განაცხადა ჯაფარიძემ.