ხოჯივანქი – სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა ავლაბრის პანთეონი

თბილისში, ავლაბრის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი 1961 წელს გაიხსნა. 2002 წლის 9 ნოემბერს თბილისის და ერევნის მუნიციპალიტეტების, საქართველოში სომხეთის საელჩოს, საქართველოს სომეხთა კავშირის, ფონდი „ერევანის“, პარტია „ძლიერი მამულის“, შპს „გრანიტის“ ერთობრივი ძალისხმევით მოხდა პანთეონის რესტავრაცია და სადღესასწაულო გახსნა. 2002 წლიდან პანთეონი დედაქალაქის მერიის ბალანსზე იმყოფება, ხოლო პანთეონის მოვლა-პატრონობის სამუშაოებს  საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ“ ცენტრი ახორციელებს.

„პანთეონს დიდი ხნის ისტორია აქვს. როგორც ცნობილია, ჯერ კიდევ, XVII საუკუნეში, ამ ადგილზე რამდენიმე ჰექტარი მიწა, ქართველმა მეფემ როსტომმა თავის მდივანს, იმ დროის ერთ-ერთ განათლებულ და სწავლულ პიროვნებას, აშხარბექ ბებუთოვს საჩუქრად გადასცა და თავდაპირველად  ბებუთოვების საგვარეულო სასაფლაო იყო“, –  ამბობს სომეხთა ეპარქიის კულტურის განყოფილების დირექტორი ლევონ ჩიდილიანი.

პანთეონის შესასვლეშივე გაკეთებულ საინფორმაციო დაფაზე ვკითხულობთ, რომ ქართველი მეფე დიდად აფასებდა აშხარბექის ერთგულებასა და პატიოსან სამსახურს, ამიტომ დაარქვა მას ხოჯა ბებუთი (დიდი ბებუთი).

აშხარბექმა მეფისგან მიღებული ნებართვით გააფართოვა სასაფლაო, გაიყვანა წყლის მილები, დარგო ხეები. 1655 წელს კი სასაფლაოზე ააშენა წმინდა ასტვაწაწინის ეკლესია, რომელსაც ხალხმა „ხოჯივანქი“ დაარქვა, ანუ ხოჯას მიერ აშენებული სავანე. შემდგომში, მთლიანად სასაფლაოს დაერქვა სახელი ხოჯივანქი.

ლევონ ჩიდილიანი ამბობს, რომ „შენარჩუნებულია მეფე როსტომის მიერ ქართულ-სპარსულ ენებზე შედგენილი სიგელი, რომლის მიხედვით ზარაბთუხუცესმა (მთეგავთა უფროსი) ხოჯა ბებუთმა მიმართა მეფის კარს თხოვნით, რათა მას საგვარეულო საძვალეზე ეკლესიის აშენების ნება დაერთო. როსტომმა მშენებლობის ნებართვის გარდა, ხოჯა ბებუთი, ბებუთოვების საძვალესთან ახლოს მდებარე ტაძრის ზემოთ განლაგებული ბაღით დაასაჩუქრა.

სიგელის ქართული რედაქცია შედგენილია მდივან-მწიგნობრის ბირთველ თუმანიშვილის მიერ, რომელიც დათარიღებულია 1654 წლით, საეკლესიო სამშენებლო წარწერა შენარჩუნებულია და ამჟამად, თბილისის ისტორიულ ეთნოგრაფიულ მუზეუმში ინახება. იგი გვაუწყებს: „ სომხურ 1104 წლის ზაფხულს, ღვთის ნებით, მე, ხოჯა ბებუთმა და ჩემმა ძმამ ხათინმა და ჩემმა ცოლმა ლალიმ ავაშენეთ წმინდა ეკლესია ლამაზ ასლანისა“.

შემდგომში სიგელი აღდგენილი და დადსტურებულია მეფე თეიმურაზ II-ის მიერ. მოგვიანებით კი 1756 წელს ერეკლე II-ის მიერ. ისტორიული აღწერების თანახმად, წმინდა ასტვაწაწინის ეკლესია მიძღვნილი იყო „ყოვლადწმინდა მეწამულ ღვთისმშობლისადმი. დიდებული გუმბათიანი ეკლესია შემოღობილი იყო და არაერთხელ აღდგენილი. მას ჰქონდა ლამაზი კედლები და გვერდს აყვავებული ბაღი უმშვენებდა“.

გარკვეული დროის განმავლობაში, მხოლოდ ბებუთოვების გვარის წარმომადგენლებს ჰქონდათ უფლება, სასაფლაოს ტერიტოიაზე დასაფლავებისა. მაგრამ, დროთა განმავლობაში ეკლესიის ირგვლივ არსებული სასაფლაო საგვარეულო საზღვრებს გასცდა და  თბილისის ყველაზე დიდი, ცნობილი, მთავარი სომხური სასაფლაო გახდა. სადაც ათასზე მეტი ცნობილი საზოგადო, ლიტერატურის და კულტურის მოღვაწე დაიკრძალა.

„1930 -იან წლებში სასაფლაო დაინგრა. ააფეთქეს სომხური მონასტრის ხოჯივანქის ნაგებობა და გაანადგურეს სამლოცველო. წლების განმავლობაში, ამ ადგილას თბილისის მეგობრობის საქალაქო პარკი იყო. მაგრამ ხლახს ახსოვდა ეს ადგილი. ბევრი ხე არ მოიჭრა და სწორედ, ხეების მიხედვით ხვდებოდნენ სად იყო მათი მიცვალებულებულები დაკრძალული. მოდიოდნენ აღდგომას და სანთლებს ანთებდნენ.

ამჟამად ამ ტერიტორიაზე  ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სამების საკათედრო ტაძარი დგას.

ვისაც შესაძლებლობა ჰქონდა, საფლავების ნაწილი სხვა სასაფლაოებზე გადაიტანეს. ძირითადად პეტრე-პავლეს სასაფლაოზე. ნაწილი კი, სრულიად განადგურებულია. ამ ადგილზე, ახლაც რომ დავიწყოთ მიწის თხრა, ძვლებს ისევ ვიპოვით. არაერთი შემთხვევა იყო, როდესაც სამების ტაძარს აშენებდნენ. სკოლის დირექტორი ბავშვებს ფანჯარასთან არ უშვებდა, რომ ეს ძვლები არ დაენახათ. სასაფლაო 300 წელი არსებობდა და 90 ათასი საფლავი იყო.

სასაფლაოს ქვები კი, გამოყენებული იყო, როგორც სამშენებლო მასალები. 10-15 წელია ვაგროვებთ ამ ქვებს, რომლებსაც წარწერები ჯერ კიდევ შენარჩუნებული აქვთ“, – ამბობს ლევონ ჩიდილიანი.

მხატვარ გიგო შარბაბჩიანისა და არქიტექტორ რუბენ აღაბაბიანის ძალისხმევით, შესაძლებელი გახდა მცირერიცხოვანი საფლავების გადარჩენა და რომანისტ რაფის საფლავის ქვის გარშემო, ამჟამინდელი პანთეონის ჩამოყალიბება. სწორედ ყოფილი სასაფლაოს ტერიტორიის საფლავებიდან შეგროვებული ქვებისგან და ნეშტისგან 1961 წელს  მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი გაიხსნა.

ამჟამად, პანთეონი მოქმედია, სადაც დაკრძალულნი არიან სომხური ლიტერატურის კლასიკოსები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ.

მზევინარ ხუციშვილი

Leave a Reply