გარესამყაროს მოწყვეტილი სოფელი ახკერპი

საქართველო-სომხეთის საზღვრის ერთ-ერთ მონაკვეთზე, მთა ლალვარის ფერდობებზე, პატარა სოფელი ახკერპი მდებარეობს, გარესამყაროსგან მოწყვეტილი და  ყველასგან მივიწყებული თავის პრობლემებით და უკეთესი მომავლის მოლოდინით.

ქვემო ქართლის მარნეულის რაიონის სომხური სოფელი მუნიციპალიტეტიდან, დაახლოებით, 60 კილომეტრში მდებარეობს, ხოლო თბილისიდან 100 კილომეტრში.

სოფელში, სადაც 700-ზე მეტი მოსახლე ცხოვრობს, დრო მდორედ მიედინება. სოფლს ბევრი პრობლემა აქვს, მათ შორის, ცუდი გზა, რომელიც საბჭოთა მემკვდრეობაა,  უმუშევრობა და სიღარიბე. ახკერპში სამუშაო ადგილს მხოლოდ სკოლა და გამგეობა ქმნის, სოფელი გაზიფიცირებული არაა, და არც ინტერნეტი არის ხელმისაწვდომი.

აქ სოფლის მეურნეობაც შეზღუდულია. 2006 წელს სომხეთ-საქართველოს საზღვრის დამტკიცების შემდეგ, სომხეთის ტერიტორიაზე დარჩა მიმდებარე ტყის ძირითადი ნაწილი, მათ შორის საძოვრები, რომლის ნებართვას სახელმწიფო გასცემს.

საზვრების დამტკიცების შემდგომ, სომხეთის ტერიტორიაზე დარჩა ასევე ჰუჯაბის მონასტერი, რომელიც მანამდე ტურისტებით იყო სავსე, რაც უფრო აქტიურ რეჟიმში ინარჩუნებდა სოფელ ახკერპის ცხოვრებას.

სოფელში მცხოვრები მამაკაცების ნაწილი ზაფხულს ოჯახისგან შორს, საზღვარგარეთ სამუშაოდ ატარებს, ყოველდღიური ცხოვრების პრობლემის მოსაგვარებლად.

ახკერპიდან სადახლომდე, დაახლოებით, 20 კილომეტრია. ეს დაზიანებული გზაც სოფლის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. ადგილობრივები იმედოვნებენ,  რომ ამჯერად გზას გააკეთებენ. “გვითხრეს შემდეგ წელს გააკეთებენ, ვნახოთ ამჯერად რას იზამენ,” ამბობს ადგილობრივი.

სოფელს აქვს კომუნიკაციის პრობლემა დანარჩენ სამყაროსთან. სოფლიდან მარნეულისკენ ავტობუსი მხოლოდ ორ დღეში ერთხელ გადის. ეს ერთადერთი ტრანსპორტია, რომელიც სოფელი მარნეულს უკავშირდება. ცუდი გზის გამო, სასწრაფო დახმარებაც დროულად ვერ მოდის: “ჯობია ჩვენ როგორღაც წავიყვანოთ ავადმყოფი, ვიდრე დაველოდოთ, სანამ სასწრაფო მოვა”, – ამბობენ იმედგაკარგული სოფლის მცხოვრებები.

ძველი საავადმყოფოს შენობიდან, სადაც თავის დროზე სამშობიაროც იყო და სტომატოლოგიური ცენტრიც, ახლა დარჩენილია მხოლოდ პატარა სამედიცინო ცენტრი, სადაც კვირაში სამჯერ ჩამოდის ექიმი, ხოლო სხვა დღეებში პირველად დახმარებას ექთანი ასრულებს.

სოფლელები ჩივიან, რომ ბოლო პერიოდში ქურდობაც მომრავლდა: “პოლიციაც მოდის, მაგრამ მაინც არაფერი. ამდენი ხანია არაფერი გამოუძიებიათ, მხოლოდ იმედს გვაძლევენ”.

აღსანიშნავია, რომ ახკერპისა და მეზობელი სოფელ ჩანახჩის გამგებელი ადგილობრივი არაა და სოფლის მცხოვრებლების აზრით, პრობლემებს ვერ აგვარებს.

სოფლის ცენტრში, აგურით აშენებული ორსართულიანი სკოლა დგას, ლურჯი კვერცხის ფორმის ფანჯრებით, რაც კიდევ უფრო კოლორიტულს ხდის 1934 წელს აშენებულ შენობას. მსგავს შენობაში სწავლობს 100-მდე მოსწავლე, საქართველოში გამომცემული სომხურენოვანი და ქართულენოვანი სახელმძღვანელოებებით.

წლების განმავლობაში სკოლამ საინტერესო წიგნების არქივი შექმნა, სომხეთისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების ინიციატივით.

სკოლას არ აქვს ინტერნეტი, რის გამოც,  მოსწავლეებს 15 კმ-ის გავლა უწევს სოფელ ხოჯორნიში რომ ჩავიდნენ, ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად.

სკოლაში მოსწავლეების ყველაზე დიდი რაოდენობა, 14 ბავშვი  მე-8 კლასშია, ხოლო ყველაზე ცოტა, 2 მოსწავლე მე-4 კლასშია.

გასული წლის ბოლოს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აშენდა სოფლის სპორტული მოედანი, რომელიც სოფლის ცენტრში შეკრებილი ახალგაზრდებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია. მათთვის ეს არის ბოლო წლების ერთადერთი წარმატება.

ამჟამად, ყოფილი საბავშვო ბაღის შენობა ნაგავსაყრელად არის ქცეული და ადგილობრივებმა საბავშვო ბაღის აშენების იმედიც დაკარგეს, საბავშვო ბაღის გარდა, აქ არ არის ასევე გასართობი ან სპორტული კლუბები.

სოფლის ერთადერთი გასართობი ადგილი “მეიდან ცენტრია”, სადაც ადგილობრივები იკრიბებიან და საშინაო და გლობალურ პრობლემებს განიხილავენ, კამათობენ, და ბოლოს რიგდებიან.

Leave a Reply