ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთსა და რუსეთს, სომხეთსა და ევროპას შორის სრული ურთიერთნდობა ჩამოყალიბდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, სომხეთსა და რუსეთს, სომხეთსა და ევროპას შორის სრული ურთიერთნდობა ჩამოყალიბდა. ამის შესახებ მან პარლამენტის საგანგებო სხდომაზე გააკეთა.

„თავიდან ჩვენ ბრალს გვდებდნენ იმაში, რომ რუსეთთან ურთიერთობები გამოუსწორებლად გაფუჭდა. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ერევანსა და მოსკოვს შორის სრული ურთიერთნდობა ჩამოყალიბდა. შემდეგ იმაში დაგვადანაშაულეს, რომ ევროპასთან გვაქვს ცუდი ურთიერთობა, მაგრამ ევროპის ქვეყნებთანაც სრული ურთიერთნდობა გვაქვს“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მისივე თქმით, დღეს ერევანში ამერიკული დელეგაცია ჩადის და მათთან ურთიერთობებშიც სომხეთი იმავე შედეგს მიაღწევს.

„საქმე ისაა, რომ სომხეთში არსებობს ლეგიტიმური მთავრობა, რომელსაც შეუძლია ყველა საგარეო პარტნიორთან კარგი ურთიერთობა ააწყოს“, – აღნიშნა ფაშინიანმა.