ნინოწმინდაში საზღვრის სომხეთის მონაკვეთზე და ახალქალაქი-კარწახის გზაზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

ნინოწმინდაში საზღვრის სომხეთის მონაკვეთზე და ახალქალაქი-კარწახის გზაზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი ქარის და ნამქერების გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდას (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი)საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდა-საზღვრის სომხეთის მონაკვეთი) მონაკვეთზე და საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ1-კმ36.5 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდას (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“,- ნათქვამია განცხადებაში.