ფაშინიანმა ხალხს სასამართლოს შესასვლელების დაბლოკვისკენ მოუწოდა

“დილის 8:30 საათზე ჩვენ, გამონაკლისის გარეშე, დავბლოკავთ ყველა სასამართლოს შემოსასვლელებს ისე რომ ვერავინ შემოვიდეს”, – დაწერა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

“12:00 საათზე ჩემი გამოსვლა პირდაპირ ეთერში გადაიცემა”, – განაცხადა ფაშინიანმა. მან უფრო ადრე დაანონსა, რომ ხვალ 12:00 საათზე სომხეთის რევოლუციის მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპის დაწყების შესახებ განცხადებას გააკეთებს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 18 მაისს, ერევნის გენერალური იურისდიქციის სასამართლოს ცნობით, 1 მარტის საქმეზე ბრალდებული, ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი, რომელიც საკონსტიტუციო წესრიგის დამხობასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებაში დაადანაშაულეს, თავდებობის სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლეს.