ფაშინიანმა სამოქმედო გეგმა გამოაქვეყნა

ყარაბაღის საკითხით გამოწვეული შიდაპოლიტიკური პროცესების ფონზე, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მრავალპუნქტიან სამოქმედო გეგმას აქვეყნებს.

“მე ვარ ნომერ პირველი პასუხისმგებელი შექმნილი სიტუაციის გამო და ასევე, მე ვარ პასუხისმგებელი მის დასაძლევასა და სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე”,  – დაწერა ფაშინიანმა დღეს, 18 ნოემბერს ფეისბუკზე.

აღნიშნული სამოქმედო გეგმის მიხედვით, ხელისუფლება, ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში, ყარაბაღის სტატუსის განსაზღვრის, ასევე ყარაბაღში საკუთარ სახლებში დევნილთა დაბრუნების უზრუნველყოფისა და სახლებისა და ინფრასტრუქტურის აღდგენის საკითხებზე, გეგმავს მოლაპარაკებათა პროცესი გააგრძელოს.

ფაშინიანს გეგმებს შორისაა, ასევე დაღუპულ სამხედროთა ოჯახების სოციალური გარანტიების უზრუნველყოფა, დაჭრილი სამხედროების პრობლემების მოგვარება, ტყვეების დაბრუნება, “ომის მონაწილეთა და მთლიანობაში, საზოგადოების” ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია.

სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს ასევე რეფორმებს ქვეყნის პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებში, როგორიცაა შეიარაღებული ძალების რეფორმა, ეკონომიკური აქტიურიობის აღდგენა, საარჩევნო კოდექსის შეცვლა, პარტიების შესახებ კანონის მიღება, რეფორმებს სასამართლო სფეროში და ა.შ.

ფაშინიანი ირწმუნება, რომ 2021 წლის ივნისში ის აღნიშნული პროგრამების რეალიზაციის შესახებ ანგარიშით წარდგება.

წყარო: netgazeti.ge