სომხეთში ცხოვრებისას გულში შენახული საქართველო

ოჯახი, სახლი, სამუშაო, მეგობრები… ნინო სპანდერაშვილმა ცხოვრების დიდი ნაწილი სამშობლოდან შორს, სომხეთში გაატარა, სადაც ქართული კულტურის პოპულარიზაციასა და ქართული ტრადიციების დაცვას უწყობს ხელს.

ნინო სპანდერაშვილს ქართველებისთვის საყვარელ ადგილას, სომხეთში შექმნილ პატარა საქართველოში, ქართულ სათვისტომო „ივერიაში“ შევხვდით. იგი სათვისტომოს ვიცე-პრეზიდენტი, სათვისტომოს გაზეთ „ივერიის“ რედკოლეგიის წევრი და საკვირაო სკოლის ქართული ენის მასწავლებელია. პირადად იცნობს სათვისტომოს ყველა წევრს, ყველას დიდი სიყვარულით ეგებება და აცილებს. ალიქ მედიის ჟურნალისტებსაც გამართული სომხურით გვესაუბრა და გვიამბო სომხეთში მისი ცხოვრების საინტერესო ისტორია.

სიყვარულის კვალდაკვალ

ნინო სპანდერაშვილი კახეთში, სიღნაღის რაიონის ქ. წნორში დაიბადა. ადგილობრივი სკოლის დამთავრების შემდეგ მან სწავლა ქ. პიატიგორსკში გააგრძელა, საიდანაც ბედმა სომხეთში წაიყვანა.

“იქ სომეხ გოგონებთან ვმეგობრობდი, ერთად ვცხოვრობდით. 8 მარტის მოსალოცად მათ სომეხი ბიჭები ეწვივნენ ყვავილების თაიგულებით.  ასე რომ ჩემი მომავალი მეუღლე მათი მეშვეობით გავიცანი. ბიჭებმა  პატარა კონცერტი მოგვიწყეს. ჩემმა მეუღლემ აკარდეონზე დაუკრა და ქართულად იმღერა. სომეხი ახალგაზრდის ჟესტი ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო. ამ ყველაფერს გულგრილი არ დავუტოვებივარ. დავმეგობრდით. იგი სომხურ ლექსებს მიკთხავდა და მითარგმნიდა, მიყვებოდა  ცნობილ სომეხ მოღვაწეებზე, მე ქართული პოეზიის ნიმუშები და სახელოვანი ქართველები გავაცანი”.

ერთმანეთის კულტურული თავისებურებების გაცნობა, საერთო ინტერესების  გათავისება, მალე სიყვარულში გადაიზარდა, ქორწინებით დაგვირგვინდა და ერევანში გადავიდნენ საცხოვრებლად. დღეს უკვე სამი შვილი და სამი შვილიშვილი ჰყავთ.

სომხეთთან შეგუება

“დედამთილ-მამამთილმა დიდი სიყვარულით და სითბოთი მიმიღეს. ჩემი მული სკოლის მოსწავლე იყო. დანახვისთანავე ჩამეხუტა. ჩემი შვილად მიღების ფაქტი და შემდგომი თბილი დამოკიდებულება ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. სომხური ენა არ ვიცოდი, მაგრამ შევეცადე ქმრისთვის მესიამოვნებინა და თან დამემტკიცებინა, რომ ქართველები ნიჭიერი ხალხია. თითქმის ერთ დღეში ვისწავლე სომხური ანბანი და საკუთარი სახელი და გვარი დიდი სიამაყით დავწერე სომხურად. დანარჩენი შვილებთან ერთად ვისწავლე,” – იხსენებს ნინო.

ნ.სპანდერაშვილის მშობლიურ მხარესა და ერევანს შორის არსებობს არა მხოლოდ 300 კილომეტრი, არამედ განსხვავებული კულტურა, ადათ-წესები, ტრადიციები.

“კომუნისტური რეჟიმის დროს ყველა ათეისტები ვიყავით, ამიტომ ქართველებსა და სომხებს შორის რელიგიური განსხვავება მკვეთრად არ იყო გამოხატული. ჯვრისწერის წინ მასწავლეს სომხურად სიტყვა „დიახ“, რაც ყველა შეკითხვაზე საპასუხოდ უნდა გამემეორებინა. ასე რომ შეკითხვაზე ქმრის მორჩილი ვიქნებოდი თუ არა ვუპასუხე „დიახ“, რისი განხორციელებაც შემდგომში ძალიან გამიჭირდა.  ქართველები ხომ თავისუფლების მოყვარული ხალხია.“

წყვილმა შვილების სახელების შერჩევაში ორივე ერის კულტურა გაითვალისწინეს და ქართველებისა და სომხებისათვის ერთნაირად მისაღები სახელები შეარჩიეს, გოგონებს თამარი, ანა და ნანა დაარქვეს.

არც დღესასწაულების ბალანსი ირღვევა, თანაბრად აღნიშნავენ ორივე ქვეყანის დღესასწაულებს, მიღებული წესებითა და კერძებით.

“მაგალითად, აღდგომა მიუხედავად იმისა რომ ზოგჯერ ემთხვევა, როგორც წესი, სხვადასხვა დროს მოდის, ამიტომ ჩვენ ორივე ეკლესიის კალენდრით აღვნიშნავთ. სააღდგომოთ სომხები მხალეულს ამზადებენ, ხოლო ქართველები, რადგან მარხვა მთავრდება, ხორცსა და ცხოველურ კერძებს მივირთმევთ. აუცილებლად ვაცხობთ პასკას,  ხოლო კვერცხებს მხოლოდ წითლად, მცენარეული საღებავით ვღებავთ. სომხეთში პირველად ვნახე სააღდგომოდ სხვადასხვაფრად შეღებილი კვერცხები, – ამბობს ნინო.

ივერია სომხეთში პატარა საქართველოა

დღესასწაულებს თანამემამულეები ერთად ხვდებიან და აღნიშავენ, თუმცა  მათი პოვნა არ იყო ადვილი. სომხეთში საცხოვრებლად გადმოსვლიდან წლების შემდეგ წაიკითხა ნინომ გაზეთში, რომ  სომხეთში არსებობს ქართული სათვისტომო და საქართველოს საელჩოს შენობაში მოქმედებს საკვირაო სკოლა.

“შვილებთან ერთად დავიწყეთ საკვირაო სკოლაში სიარული. მართალია, სამივემ იცოდა ქართული, მაგრამ ეს იყო გარემო, სადაც ვხვდებოდი თანამემამულეებს და ვლაპარაკობდით ქართულად.

ქართული სათვისტომო „ივერია“ სომხეთში მცხოვრებმა ასტროფიზიკოსმა, აკადემიკოსმა თინათინ ასათიანმა დააარსა 1997 წელს. მას ძალიან ენატრებოდა სამშობლო, ამიტომ სომხეთში შექმნა პატარა საქართველო და დაახლოებით 250 წევრი გააერთიანა. სათვისტომოს წევრები არიან როგორც სომხეთში მცხოვრები ქართველები, ასევე ქართული ფესვების მქონე სომხები. სათვისტომო საქველმოქმედო საქმიანობას ეწეოდა. სპიტაკის მიწისძვრის დროს სათვისტომოს წევრები ეხმარებოდნენ რეაბელეტაციისათვის ერევანში ჩამოყვანილ ავადმყოფებს. „ივერიელებს“ საავადმყოფოში  მიჰქონდათ საკუთარი ხელით მომზადებული ხაჭაპურები და სხვა ქართული კერძები. მართალია, ახლა სათვისტომოს წევრთა რიცხვი 100-ს მცირედ აღემატება, მაგრამ ორი ათეული წლის არსებობის მანძილზე სათვისტომოს საქმიანობა მრავალმხრივ გაფართოვდა და გააქტიურდა. საკვირაო სკოლაში ტარდება ქართული ენის, სიმღერისა და ცეკვის გაკვეთილები. 2004 წლიდან გამოდის ყოველთვიური გაზეთი „ივერია“,-აღნიშნავს ნინო სპანდერაშვილი.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროსაც სათვისტომო დაეხმარა თანამემამულეებს. „ივერიელებმა“ დიდი რაოდენობით მოაგროვეს და დაზარალებულებს გაუგზავნეს  ჰუმანიტარული ტვირთი.

“სამშობლოსთან კავშირი ყოველთვის მაქვს, ნათესავები მყავს იქ. 2014 წელს დიასპორის სამინისტრომ  დიასპორის დღეების ფარგლებში ემიგრანტი პოეტების  პოეზიის საღამო გამართა, რომელში მეც მივიღე მონაწილეობა.  ღონისძიებაზე გავიცანი აზერბაიჯანში, ამერიკასა და დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ქართველი პოეტები. ჩვენ დავმეგობრდით, სოციალური ქსელების საშუალებით განვამტკიცეთ კავშირი და მას შემდეგ ყოველწლიურად ვმართავთ პოეზიის საღამოებს”.

დიახ, საზოგადოებრივი კვების ინჟინერ-ტექნოლოგი, ქართულის სპეციალისტი, რადიოწამყვანი, სანოტარო მოქმედებების ლიცენზირებული მთარგმნელი ნინო სპანდერაშვილი ამბობს: “მე მჯერა, რომ სიყვარული მსოფლიოს მამოძრავებელი ძალაა. ლექსებს ვწერ სიყვარულზე, დედაზე, სამშობლოზე, ფილოსოფიურ თემაზე. ჩემი აზრით,  ადამიანის ცხოვრება წელიწადის დროებს გავს და ვფიქრობ, რომ ახლა ჩემს ცხოვრებაში ოქროსფერი შემოდგომაა.”

ამ დღეებში  თბილისის ოვანეს თუმანიანის მუზეუმში  ნინოს კრებულის „ხელისგულიდან ხელისგულამდე“ პრეზენტაცია გაიმართა. კრებულში შესულია მისი ლექსები, მოთხრობები და სხვადასხვა ენიდან თარგმნილი პოეზიის ნიმუშები.

ასევე მისი წიგნის პრეზენტაცია და ემიგრანტ პოეტთა ( ხათუნა შავგულიძე- ინგლისიდან, ზურაბ პაპიაშვილი-აზერბაიჯანიდან, ლიანა სამადალაშვილი-სომხეთიდან) პოეზიის საღამო გაიმართა ქ. რუსთავის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში რუსთავის მერიის პროგრამის „ჩვენი სტუმარი“ ფარგლებში.

ქართველმა ქალბატონმა სამშობლოში მხოლოდ 16 წელი იცხოვრა, ხოლო ორჯერ მეტი, 32 წელი სომხეთში. მას უყვარს სომხეთიც, სომხური ენაც, სომეხი ხალხიც, მაგრამ საქართველო მუდამ გულში აქვს შენახული. ის ახალგაზრდებს ურჩევს, დაქორწინდნენ მხოლოდ თავიანთი ეროვნების წარმომადგენლებზე.

“ზოგადად, როდესაც ქალი ქორწინდება და სხვა ოჯახში შედის, გარკვეული სირთულეები ხვდება და ეს სირთულეები ბევრად მეტია, როცა უცხო ქვეყნაში, სხვა ეროვნების ადამიანთან ქმნი ოჯახს.  სამშობლოს ფარგლებს გარეთ ცხოვრებისას სამშობლოს მონატრება არასდროს გტოვებს. ასევე გენატრება ახლობლები, ნათესავები, მეგობრები, რომლებთან ჭირისა და ლხინის გაზიარება არ არის ყოველთვის შესაძლებელი. საბედნიეროდ, მე დიდი სიყვარულით მიმიღეს სომხეთში, ამიტომ ადვილად გავართვი თავი მენტალურ განსხვავებას და სირთულეებს. თუმცა, ვიცი ისეთი ოჯახებიც, სადაც უცხოელ რძალს თანამემამულეებთან ურთიერთობას უშლიან, მეტიც, მშობლიურ ენაზე ლაპარაკსაც უზღუდავენ”.

Leave a Reply