საქართველოს მთავრობამ სახმელეთო გზით ხორბლის გადაზიდვა აკრძალა – რა გავლენა ექნება აღნიშნულ გადაწყვეტილებას სომხეთის ბაზარზე?

15 სექტემბრიდან, ფინანსთა მინისტრის ბრძანებით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ხორბლისა და სიმინდის შემოტანა ან გატანა დასაშვებია მხოლოდ საზღვაო ან სარკინიგზო ტრანსპორტით.

ივანე მაჭავარიანმა პირველ არხთან მიცემულ ინტერვიუში აკრძალვას ცივილიზებული და სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილება უწოდა. თუმცა მის ხედვებს არ იზიარებს ლეიბორისტური პარტიის წევრი გიორგი გუგავა, რომელიც მიიჩნევს რომ ხორბლის შემოტანაზე აკრძალვებს ნეგატიური შედეგები მოჰყვება.

 „ეს აბსოლუტურად უკანონო ნაბიჯია, რომელიც ხორბლის და შესაბამისად, პურის გაძვირებას გამოიწვევს. ამავე დროს ათასობით მძღოლი უმუშევარი დარჩება და ქვეყანაში მონოპოლია გვექნება“, – განაცხადა „ალიქ მედიასთან“ საუბარში გუგავამ.

ფინანსთა მინისტრის თქმით, მანქანებით ხორბლის ტრანზიტი სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე გრძელ რიგებს იწვევდა, რის გამოც ტურისტების შემოსვლა ფერხდებოდა. მინისტრისვე შეფასებით, აღნიშნული გადაწვეტილება ქვეყნის ეკონომიკაში დისონანსს არ გამოიწვევს და საქართველოში ხორბლის შემოტანა უფრო ცივილური გზით მოხდება.

საქართველოს ხორბლისა და პურ – პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა აცხადებს, რომ მიუხედავად არსებული შეზღუდვებისა ქართულ ბაზარზე ხორბლის მიწოდების მხრივ პრობლემა არ არსებობს, რადგანაც ქვეყანას ხორბლის საკმარისი მარაგი აქვს.

ლეიბორისტული პარტიის წევრი გიორგი გუგავა ამ უკანონო გადაწყვეტილების უკან ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ხედავს.

„რადგან განისაზღვრა, რომ ხორბალი საზღვაო გზით უნდა შემოვიდეს, საზღვაო ტერმინალებს ფლობს სწორედ ეს ჯგუფი (მამაცაშვილი, ფარცხალაძე) და შესაბამისად ისინი აკეთებენ ამ ბიზნესზე მონოპოლიას“, – აღნიშნავს გუგავა.

გუგავას განცხადებით, ეს გადაწყვეტილება დიდ გავლენას მოახდენს სომხეთზეც, რადგან ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ სომხეთში რუსეთიდან, საქართველოს გავლით 300 ათასი ტონა ხორბალი შემოდის. სახმელთაო გზა კი ტრანზიტისთვის უმოკლესი იყო.

სომხეთში ხორბლის იმპორტიორი უმსხვილესი კომპანიის შპს „მოდუს გრანუმ“-ის დამფუძნებელი და დირექტორი გურგენ ნიკოღოსიანი „ალიქ მედიასთან“ საუბარში აცხადებს, რომ ეს სომხეთისთვის საკმაოდ საშიში გადაწყვეტილებაა, რომელიც როგორც მოსახლეობისთვის, ასევე ბიზნესისთვის დიდ ზარალს მოიტანს.

„აქ ნათელია ქართული ინტერესები. ყველა ვაგონს ფლობს რუსული და ქართული მხარე, სომხეთს მხოლოდ 15 ვაგონი ეკუთვნის. სატვირთო მოსაკრებელი ცალკეა, ტრანსპორტირება ცალკე. სომხეთში ხალხს სურს, რომ ფასდაკლებები გავაკეთოთ, მაგრამ ბიზნესი ამის საშუალებას არ იძლევა“, – აცხადებს ნიკოღოსიანი.

სომხეთში სატრანსპორტო კომპანიებმა უკვე გამოთქვეს შეშფოთება და ამ პრობლემის შესახებ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს წერილობით აცნობეს. ისინი სახელმწიფოსგან სწრაფ რეაგირებას ელიან, რადგან მათი თქმით, პრობლემა სტრატეგიული მნიშვნელობისაა.

„ალიქ მედიამ“ საქართველოში სომხეთის საელჩოსაც მიმართა კითხვით. როგორც საელჩოდან გვაცნობეს ამ საკითხზე ქართულ მხარესთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

სომხეთის ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, წინასწარი შეთანხმების თანახმად, საქართველოს რკინიგზა სომხეთის გადამზიდავებისთვის ფასდაკლების სისტემას გამოიყენებს, რის შედეგადაც ხორბლის ტრანსპორტირების ღირებულება არ გაიზრდება.