სარგსიანი გადადგა, რა იქნება შემდეგ – ანალიტიკოსი რეზი ქოიავა მოვლენების განვითარებას აფასებს

11 დღიანი მასშტაბური საპროტესტო აქციების შემდეგ, 23 აპრილს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, სერჟ სარგსიანმა თანამდებობა დატოვა.

„ნიკოლ ფაშინიანი იყო მართალი. მე შევცდი. ვტოვებ ქვეყნის ხელმძღვანელის თანამდებობას, სომხეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს. ჩემი პრემიერობის წინააღმდეგი ქუჩის მოძრაობაა. მე ვასრულებ თქვენ მოთხოვნას“,- ამ განცხადებით სარგსიანმა, როგორც სახელმწიფოს მეთაურმა ბოლოჯერ მიმართა მოსახლეობას.

ვინ იქნება ახალი პრემიერი ამაზე პასუხის გაცემა საქართველოს საზოგადიებრივი მაუწყებლის გადაცემა „42-ე პარალელის“ ანალიტიკოსს რეზი ქოიავას უჭირს. ამ ეტაპზე მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ 6 დღიანი პრემიერობის შემდეგ სარგსიანის ადგილს დროებით ვიცი-პრემიერი კარენ კარაპეტიანი დაიკავებს.

„გუშინ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე იყო ალბათობა, რომ სერჟ სარგსიანი გადადგებოდა. პარლამენტში, სადაც უმრავლესობა რესპუბლიკელების ხელშია, სარგსიანის კანდიდატურის გარდა სხვა კანდიდატის განხილვა არ ყოფილა, ამიტომ რთული სათქმელია ვინ იქნება ახალი პრემიერი. ამ ფონზე არ არის გამორიცხული დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ახალ უმრავლესობას ჩამოაყალიბებს და სწორედ ამ უმრავლესობაზე იქნება დამოკიდებული პრემიერის ვინაობა,“ – აღნიშნავს ანალიტიკოსი.

დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნა შესრულდა, მაგრამ რამდენად მოსალოდნელია სომხეთში პოლიტიკური ვითარება შეიცვალოს. ქოიავა ამბობს, რომ ოპოზიციას არანაირი გეგმა არ აქვს.

„აქციების დროს მათი მხრიდან არაფერი გვსმენია გარდა რევოლუციური კომიტეტების ჩამოყალიბებისა. როგორ უნდა მოაგვარონ კორუფციის პრობლემა, რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით, საგარეო პოლიტიკურ კურსზე ან ნებისმიერ ყოფით თემაზე საუბარი არ ქონიათ,“ – ამბობს ქოიავა.

ოპოზიციას არც აქტივისტების სრული მხარდაჭერა აქვს, როგორც რეზი ქოიავა ამბობს, ერევნის ქუჩებში მოსახლეობა არა ოპოზიციამ, არამედ სერჟ სარგსიანის ხელისუფლებაში განუსაზღვრელი ვადით დარჩენის საფრთხემ გამოიყვანა.

„ლოგიკურადაც, რთულად წარმოსადგენია ოპოზიციას, რომელმაც საპარლამენტო არჩევნებზე 8 პროცენტი დააგროვა ამდენი ხალხი გამოეყვანა ქუჩებში. სომხეთისთვის ეს იყო პოლიტიკური სიახლე. პოსტ-საბჭოთა პერიოდში მათ არ უნახავთ კონსტიტუციის საშუალებით ხელისუფლებაში სამუდამოდ დარჩენის მაგალითები, როგორიც არის აზერბაიჯანში, ცენტრალურ აზიაში, როგორიც იყო ბელორუსიაში, სწორედ ამის წინააღმდეგ გამოვიდნენ ეს ადამიანები ქუჩაში,“ – აღნიშნავს ქოიავა.

სომხეთში განვითარებულ მოვლენებში ქოიავა ვერც რუსეთის ინტერესებს ხედავს.

„რუსეთში ჭკვიანურად არ ჩათვალეს ერთ-ერთი მხარის აქტიური მხარდამჭერები ყოფილიყვნენ. ეს მხარე რომ დამარცხებულიყო უფრო უარეს ვითარებაში აღმოჩნდებოდნენ. ამიტომაც, მაინცდამაინც დიდი აქტიურობა არ გამოუჩენიათ და როგორც ვაკვირდები დიდად არც იმაზე უნერვიულიათ, რომ საგსიანმა დაკარგა ხელისუფლება“, – განაცხადა ქოიავამ.

სარგსიანის გადადგომის შემდეგ, ნიკოლ ფაშინიანმა სომხებს გამარჯვება მიულოცა.

„შენ გაიმარჯვე, სომხეთის ამაყო მოქალაქევ! ვერავინ ვერ შეძლებს ამ გამარჯვების წართმევას. გილოცავთ, გამარჯვებულო ხალხო!“ – წერს ფაშინიანი.

ერევნის ცენტრალურ ქუჩებში სარგსიანის გადადგომას ამ დრომდე ზეიმობენ.

Leave a Reply