სექსუალური განათლების მნიშვნელობა: ინტერვიუ ანუკი მოსიაშვილთან

სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა ერთ-ერთი ყველაზე ტაბუ დადებული თემაა საქართველოში, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ სექსუალური ჯანმრთელობის საკითხები კიდევ უფრო ნაკლებად განიხილება ჩვენს საზოგადოებაში, ვიდრე რეპროდუქციული ჯანმრთელობა. ეს ალბათ განპირობებულია იმით, რომ რეპროდუქციის პირდაპირი კავშირი გამრავლების უნართან, მეტად მისაღებია საზოგადოებისთვის, რომელიც ხშირად ქალის ფუნქციად მხოლოდ გამრავლებას ხედავს. 

ზემოაღნიშნულს, ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართლის მაგისტრი ანუკი მოსიაშვილი ჩვენთან საუბრისას უსვამს ხაზს და დასძენს, რომ, ამ კუთხით რომელიმე კონკრეტული პრობლემის გამოყოფა რთულია.

ანუკი მოსიაშვილის გამოცდილება ძირითადად უკავშირდება მოზარდებისა და ახალგაზრდების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის საკითხებს, მათ შორის სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობას და უფლებებს. თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე, ანუკი მოსიაშვილი საუბრობს რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების იმ ძირეულ პრობლემებზე, რაც დღესდღეობით არის ჩვენს საზოგადოებაში, მათ შორის ახალგაზრდებთან, ქალებთან და გოგოებთან. ასეთია მაგალითად შვილის ყოლის თაობაზე წნეხი, ოჯახის უსაფრთხო, ნებაყოფლობით დაგეგმვასთან დაკავშირებული პრობლემები, ახალგაზრდების სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული პრობლემები და ა.შ.:

“ვფიქრობ, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების ძირეული მიზეზი სექსუალური განათლების თითქმის არ არსებობაა. დღესდღეობით, ფორმალური განათლება ვერ უზრუნველყოფს სათანადო სექსუალურ განათლებას, რაც შემდგომში სხვა პრობლემების ძირითადი გამომწვევი მიზეზია: ცოდნის დაბალი დონე და არასაკმარისი განათლება”, – აღნიშნავს რესპონდენტი.

ექსპერტის აზრით, სექსუალური განათლება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მდგომარეობას სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების მიმართულებით. თუმცა მოსიაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ მხოლოდ განათლება ვერ გადაჭრის ყველა პრობლემას, ამიტომ საჭიროა კომპლექსური მიდგომა, მათ შორის სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებთან დაკავშირებული სერვისების გაუმჯობესება, განსაკუთრებით კი მოზარდებისა და ახალგაზრდებისადმი კეთილგანწყობილი (მეგობრული) სერვისების დანერგვა, სადაც ახალგაზრდები უსაფრთხო და ნაკლებად სტრესულ გარემოში შეძლებენ მიიღონ მათთვის საჭირო ინფორმაცია თუ სერვისი სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების, კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდების, ადრეული ორსულობის პრევენციისა თუ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.  

საქართველოში არის რამდენიმე ორგანიზაცია, რომელიც  აქტიურად საქმიანობს   სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების სფეროში, უზრუნველყოფს სქესობრივი და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებთან დაკავშირებულ ინფორმაციასა და სერვისებზე ხელმისაწვდომობას, მათგან ერთ-ერთი არის ორგანიზაცია “ჰერა XXI”, რომელიც სთავაზობს უფასო კონსულტაციას რეპროდუქტოლოგთან, ექიმის ონლაინ კონსულტაციას, სოცმუშაკის კონსულტაციას ანდაც იურიდიულ დახმარებას სქესობრივი და რეპროდუქციული უფლებებთან დაკავშირებით.

რაც შეეხება კონკრეტულად რეპროდუქციულ ჯანმრთელობას, ექსპერტი აღნიშნავს, რომ პრობლემათა უმეტესობა განპირობებულია გავრცელებული სტერეოტიპებითა და ცნობიერების დაბალი დონით. მაგალითად შვილის ყოლის აუცილებლობლობის წნეხი ან ორსულობისგან თავის დაცვის შესახებ ქალის პასუხისმგებლობაზე გავრცელებული სტერეოტიპული მიდგომა, ასევე პრობლემად რჩება სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისა და კონტრაცეფციის მეთოდების შესახებ ცნობიერების დაბალი დონე, კონტრაცეპტივებზე ხელმისაწვდომობა, აბორტი და ტაბუ, რომელიც კონტრაცეფციის გარშემო ჯერ კიდევ არსებობს და ა.შ.

აქვე დავამატებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) განმარტებით სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა (Sexual and Reproductive Health) ადამიანის ჯანმრთელობის განუყოფელი ნაწილია, რაც გულისხმობს ადამიანის სექსუალობასთან/რეპროდუქციულ სისტემასთან და მის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ სრულ ფიზიკურ, ფსიქიკურ და სოციალურ კეთილდღეობას მთელი სიცოცხლის განმავლობაში. 

რეპროდუქციული ჯანმრთელობა თავის თავში არა ერთ მიმართულებას აერთიანებს, მათ შორის: ორსულობისა და მშობიარობის მართვა, პოსტ-ნატალური (მშობიარობის შემდგომი) ზრუნვა, დედათა და ჩვილ ბავშვთა ჯანმრთელობა, აბორტისა და სექსუალური გზით გადამდები დაავადებების პრევენცია, უსაფრთხო სექსუალური ცხოვრება და უსაფრთხო აბორტი და სხვა.

სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა წარმოადგენს სრულ ფიზიკურ, ფსიქიკურ და სოციალურ სიჯანსაღეს რეპროდუქციულ სისტემასთან დაკავშირებულ ყველა საკითხში. ეს ნიშნავს მდგომარეობას, როცა ადამიანებს შეუძლიათ ჰქონდეთ დამაკმაყოფილებელი და უსაფრთხო სქესობრივი ცხოვრება, გამრავლების უნარი და შეეძლოთ მიიღონ თავისუფალი და ინფორმირებული გადაწყვეტილება, თუ რამდენი შვილი იყოლიონ და როდის. თითოეულ ადამიანს უფლება აქვს, გააკეთოს თავისუფალი არჩევანი თავის სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.

სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან ერთად აუცილებელია, ვისაუბროთ სექსუალურ და რეპროდუქციულ უფლებებზე (Sexual and Reproductive Rights). სექსუალური და რეპროდუქციული ადამიანის უფლებებია, რომელთა დაცვაც მჭიდრო კავშირშია გენდერული თანასწორობის მიღწევასთან. ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტისა და ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საკითხთა კომიტეტის მიერ ცალსახად აღინიშნა, რომ ქალთა ჯანმრთელობის უფლება მოიცავს, მათ შორის, სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობას და შესაბამისად სახელმწიფოს ვალდებულებას, პატივი სცეს, დაიცვას და უზრუნველყოს სექსუალური და რეპროდუქციული უფლებები.

და ბოლოს, როგორც ჩვენთან საუბარში ანუკი მოსიაშვილი აღნიშნავს, საზოგადოებაში ხშირად ცირკულირებს აზრი, რომ სექსუალური განათლება გაზრდის ახალგაზრდების სექსუალური ცხოვრებით დაინტერესებას, რაც არის მითი.

სტატია მომზადებულია „ალიქ მედია ჯორჯია-ს“ მიერ „ჩემი სხეული – ჩემი უფლება“ პროექტის ფარგლებში, “ქეა კავკასია“-ს ფინანსური მხარდაჭერით. წარმოდგენილი ინფორმაციის შინაარსზე სრულიად პასუხისმგებელია „ალიქ მედია ჯორჯია“ და სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა, არ გამოხატავდეს “ქეა კავკასია“-ს შეხედულებებს.