სექსუალური, რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები

ჩვენ კითხვებზე პასუხობენ ორგანიზაცია ჰერა XXI-ის დირექტორი ნინო წულეისკირი და იურიდიული კონსულტანტი ანნა თვარაძე, რომლებიც გვიზიარებენ თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებას ქალთა სექსუალური, რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე:

კონკრეტულად რა იგულისხმება ადამიანის სექსუალურ, რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და მასთან დაკავშირებულ უფლებებში?

აღნიშნული გულისხმობს, როდესაც პიროვნება თავად განსაზღვრავს, როდის ჰქონდეს მისთვის სასიამოვნო და უსაფრთხო სექსუალური ცხოვრება, როდესაც თავად იღებს ინფორმირებულ გადაწყვეტილებას ოჯახის დაგეგმვის შესახებ, იყოლიოს თუ არა შვილი, ასევე, რამდენი, როდის და რა შუალედებით. სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა ადამიანის ფიზიკური სოციალური და ფსიქიკური კეთილდღეობის მდგომარეობაა.

სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, ჰქონდეთ სიღრმისეული ინფორმაცია საკუთარი სხეულის, იდენტობის შესახებ, ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ გამოხატონ საკუთარი თავი და სექსუალობა და ხელი მიუწვდებოდეთ მათთვის სასურველ უსაფრთხო და ეფექტური ოჯახის დაგეგმვის თანამედროვე სერვისებსა და მეთოდებზე.

ოჯახის დაგეგმვის მიზანია წყვილებისა და ფიზიკური პირების რეპროდუქციული უფლების ხელშეწყობა, მათი გადაწყვეტილების პატივისცემა განსაზღვრონ შვილების რაოდენობა, ინტერვალი და გამოიყენონ თავდაცვის უსაფრთხო, ეფექტური მეთოდები და სერვისები. გადაწყვეტილება ოჯახის დაგეგმვის შესახებ უნდა იყოს სრულიად ნებაყოფლობითი. 

თქვენი აზრით, რეპროდუქციული ჯანმრთელობის კუთხით  რა არის მთავარი პრობლემა, რასაც  ქალები   აწყდებიან საქართველოში?

ერთ-ერთი მთავარი პრობლემა და გამოწვევაა ახალგაზრდა გოგონებისა და ქალების ინფორმაციული ვაკუუმი რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე, ოჯახის დაგეგმვის მეთოდებზე, აგრეთვე ერთ-ერთ გამოწვევად მიმაჩნია ქალების ნაკლები ხელმისაწვდომლობა რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე. ხოლო სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობაზე ორიენტირებული საკომუნიკაციო და საგანმანათლებლო ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დამუშავებული არ არის.

კიდევ ერთი მთავარი გამოწვევა არის უსაფრთხო აბორტთან დაკავშირებული სტიგმა საზოგადოების წევრებს, მათ შორის სამედიცინო სფეროს წარმომდგენლებს შორის, ამასთან გეოგრაფიული და ფინანსური წვდომა კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდებსა და სერვისებზე სოციალურად დაუცველი, მოწყვლადი და სოფლად მცხოვრები ფერტილური ასაკის ქალებისთვის.

თქვენი აზრით, სექსუალური ჯანმრთელობის კუთხით  რა არის მთავარი პრობლემა, რასაც  ქალები   აწყდებიან საქართველოში ?

სექსუალური ჯანმრთელობა და მასთან უფლებების რეალიზება არ არის აღიარებული და მხარდაჭერილი სახელმწიფოს მხრიდან, არ არის გარანტირებული სექსუალური ჯანმრთელობის უზრუნველყოფა პირადი სივრცის და სექსუალური ხელშეუხებლობის, უსაფრთხო და სასიამოვნო სივრცის გათვალისწინებით.   სექსუალური ჯანმრთელობა, როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფერო არის იგნორირებული. სექსუალური ჯანმრთელობის და უფლებების რეალიზება არ ხდება ისეთი მოწყვლადი ჯგუფებისთვის, როგორიცაა ახალგაზრდები, შშმ პირები, აივ ინფიცირებული, ლგბტქ+ და სექს მუშაკებისთვის, ვინაიდან არ არსებობს რაიმე მექანიზმი, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის ამ ჯგუფებისთვის უსაფრთხოებისა და სექსუალური უფლებების რეალიზებას. სექსუალური ჯანმრთელობის კუთხით, ახალგაზრდა გოგოებისა და ქალებისათვის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ინფორმაციის ნაკლებობა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ადამიანის სექსუალობა;  სექსუალური გზით გადამდები ინფექციები, მათი გადაცემის გზები და სიმპტომები; პარტნიორების სრულყოფილი თანამონაწილეობა და ჩართულობა; სექსუალური და გენდერული იდენტობა; ინფორმირებული არჩევანი და თანხმობა; სექსუალური სიამოვნება.

რა გამოწვევების წინ დგას დღეს რეპროდუქციული ჯანმრთელობა და მასთან დაკავშირებული უფლებები საქართველოში?

საქართველოში რეპროდუქციული ჯანმრთელობის გამოწვევები მასშტაბურია და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ოჯახის დაგეგმვის სერვისებზე ინფორმაციისა და კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდებზე ხელმისაწვდომობა, უსაფრთხო აბორტთან დაკავშირებული სტიგმა, უსაფრთხო აბორტის სერვისის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობა, ოჯახის დაგეგმვისა და კონტრაცეფციული საშუალებების შესახებ ინფორმაციის გავრცელება; ალტენატალური მეთვალყურეობა, დედათა და ჩვილთა ჯანმრთელობა, ძუძუთი კვების პოპულარიზაცია და ხელშეწყობა; საკეისრო კვეთის მაღალი მაჩვენებელი, საქართველოში მკვდრადშობადობა ჩვილ ბავშვთა მოკვდაობა, 0-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვთა მაღალი გარდაცვალების კოეფიციენტი; აივ ინფექცია/შიდსისა და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების პრევენცია, აივ-დადებითი პირების მიმართ მაღალი სტიგმა, კაცების რეპროდუქციული და სექსუალური ჯანმრთელობის ხარისხიანი სერვისების ხელმისაწვდომობა; ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენცია, ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა, აგრეთვე მოზარდთა განათლება სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებში, ოჯახის ექიმთან დაბალი მიმართვიანობა, პირველადი ჯანდაცვის სისტემის ნაკლებად განვითარება და სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისი არასრული ინტეგრაცია პირველადი ჯანდაცვის დონეზე, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების სავალდებულო პოსტდიპლომური განათლების პროგრამების არარსებობა.

საქართველოში არ არის განვითარებული რეფერალური სერვისების თანამედროვე სისტემა და სათანადოდ არ მუშაობს სამედიცინო აუდიტისა მონიტორინგისა და ზედამხედველობის სისტემა. საქართველოში დღესდღეობით ზემოთაღნიშნულ თითოეულ მიმართულებაში ვაწყდებით გარკვეული ხასიათის ბარიერებსა და გამოწვევებს, რაც სისტემური ხასიათისაა და საჭიროებს როგორც სახელმწიფო, აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ერთობლივ მუშაობას აღნიშნული საკითხების გაუმჯობესებისა და მართვის მიმართულებით.

თქვენი აზრით, რეპროდუქციული მიმართულებით ჯანდაცვის მომსახურებაზე, ქალების წვდომის შეზღუდვა რა მიზეზებით არის განპირობებული?

რეპროდუქციული მიმართულებით ჯანდაცვის სერვისებზე ქალების უმეტეს ნაწილს (განსაკუთრებით სოფლად მცხოვრები/დევნილი/ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალები) სრულფასოვნად არ მიუწვდებათ ხელი. აღნიშნული დაკავშირებულია სხვადასხვა ბარიერთან, რომელიც ყოველდღიურად აისახება მათ ფუნქციონირებაზე, სამედიცინო სერვისები გეოგრაფიულად მიუწვდომელი/შეზღუდულია. რეგიონებში და სოფლად არ არის განვითარებული ძლიერი სოფლის და ოჯახის ექიმის ინსტიტუცია. არ ხდება კომპეტენციების შესაბამისად მათი კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლება. 

სახელმწიფო ეფექტიანად არ ასრულებს საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე ნაკისრ ვალდებულებებს მიუხედავად იმისა რომ სახელმწიფოს აქვს 2030 წლამდე დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის ხელშეწყობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, არ ხდება შესაბამისი დაფინანსების გამოყოფა, მათ შორის საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების ოჯახის დაგეგმვის სერვისებითა და კონტრაცეფციის საშუალებებით უზრუნველყოფა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით.

რამდენად მნიშვნელოვანია სექსუალური განათლების როლი ქალთა რეპროდუქციული და სექსუალური უფლებების მიმართულებით, სიტუაციის გაუმჯობესებაში? და კონკრეტულად რა პოზიტიური  შედეგების მომტანია?

სექსუალური განათლება ყოვლად მნიშვნელოვანი ასპექტია თითოეული ადამიანის და განსაკუთრებით მოზარდის ცხოვრებაში. განსაკუთრებით გარდატეხის ასაკში ახალგაზრდებს უჩნდებათ გარკვეული კითხვები მათ სექსუალობასთან და რეპროდუქციასთან დაკავშირებით, რაც საკმაოდ ბუნებრივი პროცესია, თუმცა ხშირად ამ ინფორმაციის მიწოდებას ვერ უზრუნველყოფს საგანმანათლებლო დაწესებულება და სამწუხაროდ, მშობლებიც არ არის მზად, უჭირთ გააზრება თუ როგორაა შესაძლებელი აღნიშნული საკითხების მიწოდება მოზარდისათვის, შესაბამისად ერთადერთ წყაროდ ამ დროს რჩება მეგობრები და ინტერნეტ-სივრცე, რაც მეტად საზიანო და არაზუსტი ინფორმაციის შემცველი შეიძლება აღმოჩნდეს თინეიჯერისათვის. ხოლო როდესაც ინფორმაცია დაყრდნობილია შესაბამის კვლევებზე და მშობლის, მასწავლებლის ან აღმზრდელის მხრიდან ჯანსაღად არის მიწოდებული, ამას ბევრად უფრო მეტი დადებითი შედეგი მოაქვს მოზარდისათვის, მათი სწორი განვითარებისა და ჩამოყალიბების პროცესში. კერძოდ, მოზარდს აქვს ინფორმაცია საკუთარი სხეულის შესახებ, იცის როგორ დაიცვას თავი არასასურველი სქესობრივი კავშირისა და ორსულობისაგან, აქვს ინფორმაცია ძალადობისა და მისი ნიშნების შესახებ, სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე, ფლობს ინფორმაცია ჯანსაღ სქესობრივ ურთიერთობებზე, რაც დაფუძნებულია ორივე პარტნიორის ინფორმირებულ თანხმობაზე. ქვეყნებში (მაგ: ნიდერლანდების სამეფო, ესტონეთი, ლატვია და სხვ.), სადაც დანერგილია სექსუალური განათლება სასკოლო განათლების დონეზე, დადებითი დინამიკაა ძირითადი ინდიკატორების კუთხით, კერძოდ შემცირებულია სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების მაჩვენებელი, აივ ინფექციის გავრცელება, მოზარდთა ორსულობა და შობადობა, არასრულწლოვანთა აბორტების მაჩვენებელი და ა.შ.

დღესდღეობით, სამწუხაროდ ეროვნული სასწავლო გეგმა მხოლოდ ნაწილობრივ ფრაგმენტულად ფარავს რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებს, რაც არ შეესაბამება UNESCO საერთაშორისო სტანდარტს. ბიოლოგიის, ბუნებისმეტყველებისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლები ხშირ შემთხვევაში კომპეტენციისა და ცოდნის ნაკლებობის გამო, არ ატარებენ გაკვეთილებს ამ საკითხებზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, ასოციაცია HERA XXI-მა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით შეიმუშავა აკრედიტებული დისტანციური სასწავლო კურსი ბიოლოგიის, ბუნებისმეტყველებისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგთათვის.

სტატია მომზადებულია „ალიქ მედია ჯორჯია-ს“ მიერ „ჩემი სხეული – ჩემი უფლება“ პროექტის ფარგლებში, “ქეა კავკასია“-ს ფინანსური მხარდაჭერით. წარმოდგენილი ინფორმაციის შინაარსზე სრულიად პასუხისმგებელია „ალიქ მედია ჯორჯია“ და სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა, არ გამოხატავდეს “ქეა კავკასია“-ს შეხედულებებს.