ინტერვიუ სოციალურ მუშაკთან სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე

COVID 19-ის გავრცელებით გამოწვეულმა კრიზისმა გაამწვავა მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობა. გაზარდა უარყოფითი ზეგავლენა მოწყვლად ჯგუფებზე. ორგანიზაცია “ქეას” 2020 წლის დეკემბრის მდგომარეობით ჩატარებული ანალიზის შედეგებმა აჩვენა, რომ პანდემიამ გააუარესა ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობა და შემცირდა ქალების პირადი შემოსავალი, რაც განსაკუთრებული სიმძაფრით  ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ქალებს შეეხო.

საქართველოში, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალებისათვის მეტად მნიშვნელოვანი გამოწვევები არსებობს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მიმართულებით. მათ შორისაა ინფორმაციული ვაკუუმი, რადგანაც მათ არ აქვთ ინფორმაცია ქვეყანაში არსებულ ჯანდაცვის სერვისებზე და შესაბამისად ვერ ახერხებენ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს, შესაბამისი კვლევების ჩატარებასა და პრევენციული ნაბიჯების გადადგმას. აგრეთვე მნიშვნელოვანი გამოწვევაა გეოგრაფიული ბარიერი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის არარსებობის გამო, განსაკუთრებით ქალებს უჭირთ გადაადგილება და შესაბამისი, ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიღება კვალიფიციური მედ-პერსონალის მხრიდან. 

ეთნიკურ უმცირესობებში ქალთა მიმართ შეინიშნება სხვადასხვა სახის დამოკიდებულებები, რასაც თან ახლავს გარკვეული სტიგმა და სტერეოტიპები ადგილობრივი თემისა და საზოგადოების მხრიდან. მათ შორისაა ქალთა დასაქმების კუთხით არსებული სტერეოტიპული დამოკიდებულებები, რომ ქალებს არ აქვთ მუშაობის უფლება, მათი მოვალეობა ბავშვებისა და მეუღლის მოვლაა, რის გამოც ქალებს ნაკლებად აქვს შესაძლებლობა დასაქმდნენ, ჰქონდეთ საკუთარი შემოსავალი და მიიღონ მათთვის სასურველი და საჭირო სამედიცინო მომსახურება.  აღნიშნული ფაქტი,  მათ უბიძგებს მთლიანად შეითავსონ ოჯახის საქმიანობა, აღზარდონ შვილები და შესაბამისად უწევთ, რომ იყვნენ ოჯახზე დამოკიდებულები.

სტიგმა არის დამკვიდრებული ნეგატიური განწყობა ადამიანის, ან ადამიანთა ჯგუფის მიმართ, რომელიც გამოარჩევს მათ გარკვეული ნიშნით/მიზეზით. სტიგმას, როგორც წესი, ამყარებს ცრუ, სტერეოტიპული, გაუცნობიერებლად, ან მიზანმიმართულად ჩამოყალიბებული შეხედულება, რომელიც, თავის მხრივ, იწვევს სტიგმატიზირებული პირის, ან ჯგუფის შევიწროებას/ნეგატიურ ქცევას, ანუ დისკრიმინაციას.  სტიგმა და სტერეოტიპული დამოკიდებულებები წარმოადგენს მნიშვნელოვან გამოწვევას, რომელიც განსაკუთრებით გავრცელებულია სოფლებსა და ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში, ხელს უშლის ახალგაზრდა გოგონებისა და ქალების დამოუკიდებლობას, უფლებების რეალიზებასა და საზოგადოებაში სრულფასოვან ინტეგრაციას. პატრიარქალურ საზოგადოებაში ქალის როლი, უფლებები და უსაფრთხოება შესაძლოა შეილახოს გავრცელებული სტერეოტიპული მოსაზრებისა და სტიგმების გამო.

აგრეთვე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა, როდესაც ქალები ნაკლებად ენდობიან თანამედროვე მედიცინას და ირჩევენ ხალხურ მიდგომას – თვითმკურნალობას – პიროვნების მიერ ექიმის დანიშნულების გარეშე სხვადასხვა სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება, მკურნალობა და მედიკამენტების მიღება, რაც მეტად აფერხებს ქალების თანამედროვე და მათ საჭიროებებზე მორგებული რეპროდუქციული სერვისებით სარგებლობის პროცესს.

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა სააგენტოს უფროსი სოციალური მუშაკი,   პროფესიული ზედამხედველი ნელი გვარაძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალები საქართველოში, სექსუალური და რეპროდუქციული მიმართულებით ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის კუთხით, აწყდებიან ისეთ სპეციფიკურ ბარიერებს, როგორიცაა ენობრივი ბარიერი, ტერიტორიული ბარიერი, შიში, რომ ოჯახი და გარშემომყოფები ვერ გაუგებენ. 

ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენელი ქალებისათვის, ქართული ენის ცოდნა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. ენის ბარიერის გამო, ასევე, დაბალია ექიმთან ან სხვა სერვისებზე მიმართვიანობაც. აღსანიშნავია ასევე, რომ ქვემო ქართლში ქალები ექიმთან მისვლას მეორეხარისხოვან საკითხად თვლიან და დიდ ფინანსებს უკავშირებენ. 

აღსანიშნავია ასევე, იმ პრობლემათა ჩამონათვალი, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის კუთხით საქართველოში არსებობს. ამ საკითხთან დაკავშირებით სოციალური მუშაკი ნელი გვარაძე აღნიშნავს:

“ეს საკითხი საკმაოდ აქტუალურია ქვეყანაში. ქალები ხშირად რჩებიან შემოსავლისა და თავშესაფრის გარეშე, არ აქვთ ახლობლების მხარდაჭერა, რის შედეგადაც ხშირად ხუჭავენ თვალს ძალადობაზე. ამ კუთხით მნიშვნელოვანია ცნობიერების ამაღლების მიმართულებით ჩატარებული კამპანიების გაგრძელება და მეტი მუშაობა, რათა ძალადობის მსხვერპლთათვის ცნობილი გახდეს, რომ არსებობს თავშესაფრები, ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკისა და იურისტის დახმარება”.

გლობალური გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ეთნიკური, რასობრივი ან რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელ ქალებს და გოგოებს, ზოგადად, ნაკლებად მიუწვდებათ ხელი განათლებაზე, რესურსებზე, დასაქმებასა და ჯანდაცვის მომსახურებებზე. ამას გარდა, კაცების მხრიდან მათი დისკრიმინაცია ხდება თავიანთ საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ჯერ კიდევ არსებობს გენდერული სტერეოტიპები და ღრმად ფესვგადგმული პრაქტიკები, რომელიც ქალთა  საჭიროებების წინა პლანზე წამოწევას აბრკოლებს. უმცირესობის წარმომადგენელი ქალები, რომელთა მიმართ სხვადასხვა სახის დისკრიმინაციას აქვს ადგილი, უფრო დიდი ალბათობით შეიძლება გახდნენ ძალადობის, მათ შორის ოჯახში ძალადობის მსხვერპლები.

რეპროდუქციული ჯანმრთელობის კუთხით პრობლემებზე საუბრისას, ნელი გვარაძე უპირველეს ყოვლისა ინფორმაციის ნაკლებობაზე მიუთითებს, რომელსაც მოჰყვება არასასურველი ორსულობა და სხვადასხვა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, ხოლო სექსუალური ჯანმრთელობის კუთხით მთავარი პრობლემა კონფიდენციალურობაა.

“თუკი ქალების ცნობიერება ამაღლდება ამ მიმართულებით, ნაკლები იქნება არასასურველი ორსულობა და  ამ ორსულობის შედეგად შექმნილი ოჯახები, რომლებიც საზოგადოების დისფუნქციური ნაწილი შესაძლოა გახდეს. ასევე, მნიშვნელოვანი იქნება ქალის ჯანმრთელობა და ეს ასპექტი იქნება გაცნობიერებული საზოგადოების მიერ”.

არსებობს სახელმწიფო და არასამთავრობო სერვისები როგორც ოჯახში ძალადობის რისკის ქვეშ მყოფი ან ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის, ასევე რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების შემთხვევებისთვის:

ოჯახში ძალადობის ცხელი ხაზი 116 006,

სახალხო დამცველის ცხელი ხაზი 14 81,

ხოლო რაც შეეხება არასამთავრობო სექტორს, სამართლებრივი კონსულტაცია, რეპროდუქტოლოგის ან სოციალური მუშაკის კონსულტაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ “ჰერა XXI”- ს (http://www.hera-youth.ge/, http://forparents.ge/) ან დაურეკოთ ცხელ ხაზზე: 2 01 12 21. სიღარიბესა და ძალადობის მიმართულებით ასევე მუშაობს ფონდი “ფემინა” (feminafund@gmail.com) და სხვა.

სტატია მომზადებულია „ალიქ მედია ჯორჯია-ს“ მიერ „ჩემი სხეული – ჩემი უფლება“ პროექტის ფარგლებში, “ქეა კავკასია“-ს ფინანსური მხარდაჭერით. წარმოდგენილი ინფორმაციის შინაარსზე სრულიად პასუხისმგებელია „ალიქ მედია ჯორჯია“ და სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა, არ გამოხატავდეს “ქეა კავკასია“-ს შეხედულებებს.