სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებები გრძელდება

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე, ორ-სამსაათიანი პაუზებით, შეტაკებები გრძელდება.

დილით აზერბაიჯანულმა მხარემ განაახლა პროვოკაციული მოქმედებები, განაგრძო სროლა სომხური პოზიციების მიმართულებით. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერი შუშან სტეფანიანი ავრცელებს.

მანამდე სპიკერმა განაცხადა, რომ 12 ივლისს, 12:30 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა სომხეთის სახელმწიფო საზღვრის გადალახვა სცადეს.

სომხური მხარის გაფრთხილების შემდეგ, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა დატოვეს მანქანა და დაბრუნდნენ თავიანთ პოზიციაზე. 13: 45-ზე, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა განმეორებით სცადეს სომხეთის შეიარაღებული ძალების სასაზღვრო პოზიციის დაკავება საარტილერიო ცეცხლის გამოყენებით.

ინციდენტის შედეგად სომხეთის შეიარაღებულ ძალებს მსხვერპლი და დაშავებულები არ ჰყავს.