სომხეთში საგანგებო რეჟიმი გამკაცრდა

სომხეთის პრემიერ–მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყანაში საგანგებო რეჟიმის გამკაცრება გამოაცხადა. აღნიშნული ქმედება სომხეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვის გაზრდით არის  განპირობებული.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა დავიცვათ ჩვენი დაავადებული თანამემამულეები. ასევე  ჩვენი მშობლები, ბებია-ბაბუები და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ არ მოხდეს ინფექციის გავრცელება. რა თქმა უნდა, თავად ინფექციის ფაქტი  არ არის განაჩენი; მთელ მსოფლიოში 100 000-ზე მეტი ადამიანი განიკურნა, მათ შორის 70 წელს გადაცილებულები, მაგრამ თითოეული სიცოცხლე ფასდაუდებელია და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ,  გარდაცვალების შემთხვევების თავიდან ასაცილებლად“, – განაცხადა ფაშინიანმა.

საგანგებო რეჟიმის გამკაცრებაზე ფაშინიანმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: ”ჩვენმა მოქალაქეებმა, რომლებიც ქუჩაში გამოვლენ, მკაფიოდ უნდა აგვიხსნან, სად მიდიან და ეს განმარტება უკიდურეს საჭიროებას უნდა ეხებოდეს. ქუჩაში გამოსულ მოქალაქეს თან უნდა ჰქონდეს პირადობის მოწმობა, რადგან რეგისტრატორი მას სპეციალური ფორმის შევსებას მოსთხოვს“.

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 249-მდე გაიზარდა, 868 ადამიანი კარანტინში, 2 419 კი თვითიზოლაციაში იმყოფება.