სომხური რევოლუცია და საქართველო

სომხეთის რევოლუციის ლიდერმა ნიკოლ ფაშინიანმა ამასწინათ ძალაიანაც სწორად აღნიშნა, რომ სომხეთის რევოლუცია არანაირად არ არის გეოპოლიტიკური ხასიათის და ის არც ერთი გარეშე ქვეყნის მხარდასაჭერად ან წინაააღმდეგ არ არის მიმართული.

ფაქტი ისაა, რომ ეს არის სომეხი ხალხის შინაგანი ბრძოლა გათავისუფლებისთვის. საგარეო გეოპოლიტიკის საკითხებს ეს რევოლუცია არ ეხება. დღევანდელ მსოფლიოში ძალიან მნიშვნელოვანი ეპოქალური ცვლილებები ხდება: არის დაპირისპირება ერთი მხრივ, რუსეთსა და დასავალეთს შორის, რომელიც ‘ცივი ომის’ მერე ყველაზე მაღალია – და მეორე მხრივ, არის დიდი დაძაბულობა დასავლეთისა და თურქეთის ურთიერთობებში, სადაც ერდოღანის ავტოკრატიულმა მმართველობამ უკვე არაერთი სერიოზული შენიშვნა დაიმსახურა დასავლელი პოლიტიკოსების მხრიდან. ერდოღანმა მოიტანა ახალი იმპერიული გეგმები და ის უკვე პირდაპირ აცხადებს პრეტენზიას იმაზე, რომ თურქეთი არა ათა-თუქრის რესპუბლიკური ტრადიციების გამგრძელებელი იქნება, არამედ ოსმალეთის იმპერიის მემკვიდრე. ‘დიდი თურქეთის’ ტერიტორიად სახელდება არა მხოლოდ დღევანდელი რესპუბლიკა – არამედ უდიდესი ტერიტორია ჩინეთიდან ვენამდე – როგორც ეს ოსმალეთის იმპერიის დროს იყო; არ არის გამორიცხული, რომ თუ დაძაბულობამ თურქეთსა და დასავლეთს შორის იმატა, სასავლეთმა ახალი ფორტ-პოსტები ეძებოს.

ამავე დროს არ უნდა დაგვავიწყდეს რუსეთის ფაქტორი, რომელსაც სამხრეთ კავკასიაზე უკვე ტრადიციულად დიდი პრეტენზიები აქვს; ამ ორ ძალას შორის რა ურთიერთობები იქნება? ესეც არ არის ადვილი გამოსარკვევი. აქედან გამომდინარე, რევოლუციის ლიდერების მიერ საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის შეცვლაზე ლაპარაკი დღეს არანაირად არ შეიძლება. მთავარია რევოლუცია მაჰათმა განდის მეთოდბეით ბოლომდე მივიდეს – ახალმა დროებითმა მთავრობამ დანიშნოს ახალი არჩევნები და სომეხმა ხალხმა დემოკრატიულად აირჩიოს ის მთავრობა, რომელიც მას რეალურად სურს.

სწორედ ეს განცხადება გააკეთა დღეს ნიკოლ ფაშინიანმა. ზოგიერთი ახლანდელი თუ ყოფილი უცხო სახელმწიფოს ლიდერის უადგილო ჩარევა ახლა სომხეთის შიდა საქმეებში და გეოპოლიტიკაზე უფრო მეტად კონტრ-პროდუქტიულია. უფრო მეტიც, ასეთი განცხადებები ტოქსიკურია, რადგან ამაში სრულებითაც არ არის დაინტერესებული სომხური საზოგადოება. სომხურ საზოგადოებას დემოკრატია უნდა და გეოპოლიტიკურ საკითხებზე საუბარი არ არის ამ შემთხვევაში პროდუქტიული.

ხვალ და ზეგ რევოლუცია ისვენებს – პატარა აქციები იმართება გიუმრიში და ვანაძორში – და მაზეგიდან ისევ განახლდება ახალი ტალღა ერევანში. იმედია, რომ სასურველი კონსენსუსის მიღწევა მოხერხდება ნიკოლ ფაშინიანის მოძრაობასა და რესპუბლიკურ პარტიას შორის და ახალი არჩევნებიც უპრობლემოდ დაინიშნება.

ავტორი: ირაკლი კაკაბაძე

Leave a Reply