სომხური რევოლუციის ალქიმია

ნიკოლ ფაშინიანი აქციების დროს

ნიკოლ ფაშინიანი ‘საკუთარი თავის შემქმნელი’ საზოგადო მოღვაწეა.  ის არც ელიტური ოჯახიდანაა, არც პარტიული კარიერისტია და არც ოლიგარქის შვილი.  ის ერთ-ერთი საუკეთესო ჟურნალისტი იყო, რომელსაც 2008 წლის პროტესტებში მონაწილეობის შემდეგ პატიმრობა მიესაჯა.  ის ერთი წელი თვით სომხეთში იმალებოდა და ისეთ საინტერესო მიმოხილვებს წერდა, რომ მას მთელი ქვეყანა კითხულობდა.  1 წლის მალვის შემდეგ ის თვითონ გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში და 2 წელიწადზე მეტი ციხეში დაუმსახურებელ სასჯელს იხდიდა.
მას რა თქმა უნდა, ელიტური წრეები ზემოდან უყურებდნენ, მაგრამ მისი ნიჭის უარყოფა ძნელი იყო.   მან თითქოს რადიკალურად განსხვავებული ხედვა გამოავლინა ქვეყნის პროგრესის და პირველ ხანებში ამას ირონიულადაც უყურებდნენ.  მაგრამ ის ყოველთვის ამტკიცებდა, რომ მისი არჩეული გზა სწორი იყო.  ნიკოლ ფაშინიანს დღესაც ახლო კონტაქტები აქვს სომხეთის ძალიან ვიბრატულ და პროგრესულ სამოქალაქო საზოგადოებასთან – და ის თვითონ ხალხიდან მოდის, ხალხის ნამდვილი წარმომადგენელია. 

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, როდესაც მის პიროვნებაზე ვსაუბრობთ.   2012 წელს იგი სომხეთის პარლამენტის წევრი ხდება ლევონ ტერ პეტროსიანის პარტიის სიებით და უკვე პარლამენტში მოღვაწეობისას მან გამოავლინა კარგად გამოკვეთილი რეფორმისტული ხასიათი.  ქართველ პოლტიკოსებს თუ შევადარებთ – იგი კონკრეტულად არავის ჰგავს.   მან მოიხადა სასჯელი ციხეში, ისევე როგორც მერაბ კოსტავამ, ზვიად გამსახურდიამ, გია ჭანტურიამ და სხვებმა.  მან თავისი პროფესიული თვისებებით გამოიჩინა თავი და გახდა რეფორმისტი, ისევე როგორც ზურაბ ჟვანია.  ის ისევე გაბედულად იქცევა რევოლუციის დროს, როგორც მიშა სააკაშვილი.  ასე რომ მასში ბევრი თვისებაა, რომელიც ძალიან საინტერესოა.

როდესაც სამოქალაქო დაუმორჩილებლობა დაიწყო მე თვითონ ერევანში გახლდით და მომიწია შეხვედრა როგორც ნიკოლთან, ასევე ამ მოძრაობის ლიდერებთან.  საინტერესო ის იყო, რომ ისინი არც ზედმეტ ნერვიულობას ავლენდნენ და არც ზედმეტ ძალაუფლებისკენ სწრაფვას.  ეს საკმაოდ შთამბეჭდავია.  ფაშინიანის მოძრაობამ თავიდანვე განაცხადა, რომ ის სამოქალაქო დაუმორჩილებლობის ორგანიზებისას მაჰათმა განდის გზას მიჰყვება, რომელმაც წარმატებები მოიპოვა არა მარტო ინდოეთში, არამედ აფრიკის, აღმოსავლეთ ევროპის დეკოლონიზაციის პროცესში, მსოფლიოში უძლიერესი იმპერიების წინააღმდეგ.  ეს გათვლაც სწორი აღმოჩნდა.  სამოქალაქო აქტივისტების ის ვიწრო წრე, რომელიც ნიკოლს ეხმარება რევოლუციის განხორციელებაში სწორედაც, რომ განდის Playbook-ით ხელმძღვანელობს. ხალხის რაოდენობაც დიდი პროპორციით იზრდება.  დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ სერჟ სარქისიანის მთავრობა ღრმა კრიზისშია – ერევნის, გიუმრის, ვანაძორის და სხვა ქალაქების ქუჩებს თუ შევხედავთ ვნახავთ, რომ მისი ლეგიტიმურობა უკვე ყოველ წუთს იკლებს.  ის გამოიყურება, როგორც ხელისუფლების უზურპატორი.   გუშინდელი დიალოგის მცდელობაც საკმაოდ წარუმატებელი აღმოჩნდა პრემიერ მინისტრის მხრიდან.  ხვალ კი გენოციდის დღეა – და სომეხი ერის დიდი ნაწილი უკვე გამოვა ქუჩებში საბოლოო გადაწყვეტილების მოლოდინში.

 ჯერჯერობით არ შეიძლება ლაპარაკი როგორი გეოპოლიტური სიტუაცია იქნება ახლო მომავალში სამხრეთ კავკასიაში.  ფაქტი ისაა რომ ძველი ‘მსოფლიო წესრიგი’ აღარ მუშაობს.  დღეს ახალი დღის წესრიგის წინაშე ვართ.  საქართველოსა და სომხეთის დემოკრატიული მოძრაობების ალიანსი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება კავკასიისათვის.  ამ ალიანსს შეუძლია აგრეთვე კარგად იმოქმედოს სიტუაციაზე აზერბაიჯანშიც, სადაც ასევე ავტორიტარული მმართველობაა და ბევრი ადამიანი პატიმრობაშია ადამიანის უფლებების დაცვისათვის და მშვიდობის აპოლოგეტობისათვის.

საქართველოში, სომხური რევოლუციის მერე ახლებურად უნდა გავიზაროთ ქართულ-სომხური ურთიერთობები და ვეცადოთ რაც შეიძლება გავაუმჯობესოთ ისინი.  ერევანი დღეს პროგრესის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრად ყალიბდება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ახლო კონტაქტში ვიყოთ ამ პროგრესის მატარებლებთან.   ისიც უნდა ითქვას, რომ ერევნის პროგრესულ წრეებში საქართველოს მიმართ ძალიან პოზიტიური დამოკიდებულებაა და ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია.

მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ სომხეთში განვითარებული მოვლენები მშვიდობიანად დამთავრდება და ჩვენ რა თქმა უნდა სომეხი ხალხის გვერდზე ვართ.  ‘აზატ ჰაიასტან’ – ეს საქართველოს ინტერესებშიც არის. მშვიდობა სომხეთში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის.

ავტორი: ირაკლი კაკაბაძე   

Leave a Reply