ზურაბიშვილ-ალიევის შეხვედრის შეფასება

ბაქოში საქართველოს და აზერბაიჯანის პრეზიდენტების პირისპირ, გაფართოებულ ფორმატში გამართული შეხვედრის დროს, სადაც მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული თანამშრომლობის ძირითადი პრიორიტეტები განიხილეს, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს და აზერბაიჯანის ისტორიულ წარსულზე გააკეთა კომენტარი:

,,ჩვენი ქვეყნების მეგობრობას დიდი ისტორია და ტრადიცია გააჩნია, ჩვენ დავიწყეთ თანამედროვე ცხოვრება ერთად. 100 წლის წინ ჩვენ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, ერთ დროს პატარა ფედერაციაც გვქონდა და ჩვენ ერთობლივად განვიცადეთ, რას ნიშნავს დამოუკიდებლობის დაკარგვა და განვლილი მძიმე წლები, რომლის კვალი ჩვენი სახელმწიფოების მშენებლობაზე დღესაც აღინიშნება. ჩვენ ერთად დავიბრუნეთ დამოუკიდებლობა და განვიცადეთ მსგავსი ტრაგედიები და დღესაც განვიცდით იმას თუ რას ნიშნავს ოკუპირებული ტერიტორია, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა ჯერ არ არის აღდგენილი, ოკუპაციის ხაზები ჩვენთვის დღესაც ღია ჭრილობაა, რომელიც ერთის მხრივ ჩვენს განვითარებას აფერხებს, მაგრამ ამავდროულად, ჩვენ მაინც შევძელით და გავაძლიერეთ ჩვენი სახელმწიფოები. ჩვენ ასევე ვავითარებთ ეკონომიკას, რათა ჩვენი გზა, როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფოებმა განვაგრძოთ. ეს არ არის პატარა წარმატება და გამარჯვება“, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ზურაბიშვილის ბაქოში ვიზიტის დროს გაავრცელა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამრიგად, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ყარაბაღის კონფლიქტი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტებს შეადარა. წინათ საქართველოს ხელისუფლება ყარაბაღის საკითხში კატეგორიულობას ერიდებოდა და ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა.

„სალომე ზურაბიშვილს პრაქტიკულად არაფერზე აქვს კონტროლი, ასე რომ, მხოლოდ განცხადებით შეიძლება შემოიფარგლოს, საქმეში ვერანაირად ჩაერთვება“, – აცხადებს ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე საქართველოს პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით.

როგორც “ალიქ მედიასთან” საუბარში თორნიკე შარაშენიძე აღნიშნავს, რომ “ზურაბიშვილის კონტროლი ძალიან რთულია. მე ჯერ კიდევ არჩევნების წინ ვამბობდი, რომ “ქართული ოცნება” ინანებს ზურაბიშვილის ნათქვამებზე და შარში გახვევს თავისი განცხადებებით “ქართულ ოცნების” მთავრობას”.

ექსპერტის თქმით, ზურაბიშვილის განცხადება არ ჯდება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ჩარჩოებში. მისი აზრით, ამ განცხადებამ რაიმე დაძაბულობას არ გამოიწვევს.

“იდეაში, სომხეთშიც იციან, რომ ეს ქალი ეგეთია. მისი კონტროლი შეუძლებელია”, – ამბობს შარაშანიძე.

ანალიტიკოსი, სამცხე-ჯავახეთის საინფორმაციო “ახალცხა-Net”-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ედუარდ აივაზიანი, ჩვენთან საუბარში ხაზს უსვამს, რომ ადრე, საქართველოს ხელისუფლება უფრო თავშეკავებული იყო თავის განცხადებებში.

“პრეზიდენტის განცხადება შეგვიძლია დავუკავშიროთ იმ ფაქტს, რომ სალომე ზურაბიშვილმა ჯავახეთში თავის წინასაარჩევნო პროგრამის დროს განაცხადა, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი მხოლოდ აზერბაიჯანის მოქალაქეებს აძლევდა მოქალაქეობას და დაპირდა, რომ ამ შეცდომას გამოასწორებდა. რის შედეგადაც აზერბაიჯანელი საზოგადოება უკმაყოფილება გამოთქვა, ზოგიც კი ზურაბიშვილს ანტი-აზერბაიჯანული ფიგურაც უწოდა. ასევე, ბოლო დროს აზერბაიჯანული საზოგადოების ხმაური მიხეილ ავაგიანის ბიუსტის გახსნის შესახებ – ესეც გახდა ასეთი მკაცრი ფორმულირების მიზეზი“, – აცხადებს აივაზიანი.

მან ასევე არ გამორიცხა, რომ ეს არის ზურაბიშვილის სტილში ერთ-ერთი რიგითი განცხადება, თუმცა, ყოველ შემთხვევაში, აუცილებელია დაზუსტება.

სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანში 27 თებერვალს ერთდღიანი ვიზიტით ჩავიდა. ეს მისი პირველი რეგიონული ვიზიტია მას შემდეგ, რაც გასული წლის დეკემბერში ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდა. პირისპირ საუბრის შემდეგ ალიევმა და ზურაბიშვილმა გაფართოებული შემადგენლობით გამართეს შეხვედრა, რომელზეც ზურაბიშვილი ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო და მეგობრული კავშირების შესახებ ისაუბრა.