ერევენში 1-ლი მარტის მშვიდობიანი გამოსვლების დარბევიდან 10 წელი გავიდა

“ალტერნატიული პროექტების ჯგუფმა” პირველ მარტს განცხადება გაავრცელა, სადაც განხილულია ერევანში მოვლენები 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. მათი თქმით, ამ წლების განმავლობაში ჩატარდა გამოძიება, სასამართლოები, შეკრებები და აქციები, მსვლელობები, იყო ბრალდებები, მედიაში დეზინფორმაცია და ა.შ.

რა მოხდა 2008 წლის 1 მარტს

სომხეთში მეხუთე საპრეზიდენრტო არჩევნების შემდეგ, რომელიც 2008 წლის 19 თებერვალს ჩატარდა მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა სერჟ საგსიანმა გაიმარჯვა, რაც მეორე ადგილზე გასულმა სომხეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ლევონ ტერ-პეტროსიანმა გაასაჩივრა. ერევანში მშვიდობიანი საპროტესტო აქციები 20 თებერვალს დაიწყო და დაახლოებით, 25 ათასი ოპოზიციის მომხრე ქუჩაში გამოვიდა. ტერ-პეტროსიანმა განაცხადა, რომ ჯარი ხალხის წინააღმდეგ არ გამოვიდოდა, რადგან მას მხარს უჭერდნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილეები. დემონსტრაციების მესამე დღეს მოედანზე 30 000 ადამიანი იმყოფებოდა.

25 თებერვალს, 40-დან 50 ათასამდე ადამიანი თავისუფლების მოედანზე, ტერ-პეტროსიანის საპროტესტო აქციებს შეუერთდა.

28 თებერვალს, თავისუფლების მოედნის მიმდებარე ქუჩები პოლიციის მანქანებმა გადაკეტეს, რაც შეუძლებელს ხდიდა მანქანების გაჩერებას, ასევე მოქალაქეების გადაადგილებას.

29 თებერვალს ღამით, თავისუფლების მოედანზე კარვების რაოდენობამ 132-ს მიაღწია. დემონსტრაციები გრძელდებოდა. დღის განმავლობაში, დაახლოებით, 100 000 ადამიანი მონაწილეობდა აქციებში.

1-ელ მარტს, დაახლოებით, 6:30 საათზე, მშვიდობიანი აქცია პოლიციამ და სამხედრო ძალებმა დაარბეს, რომლის დროსაც სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა. მოწმეები აცხადებენ, რომ სამთავრობო ძალებმა იარაღი და ყუმბარები გამოიყენეს მომიტინგეების წინააღმდეგ. მოქმედმა პრეზიდენტმა ქოჩარიანმა 20 დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამ ყველაფერს თან ერთვოდა მასობრივი დაპატიმრებები და ოპოზიციის წევრების მიმართ ანგარისწორება.

გავრცელებული ინფორმაციით, მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმია სომხეთში მომიტინგეების დასარბევად გამოიყვანეს, რადგან ერევნის პოლიციამ უარი თქვა მითითების შესრულებაზე.

Leave a Reply