არაჯანსაღი გარემოს გავლენა ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე – ინტერვიუ კესანე საკანდელიძესთან

ადამიანსა და ბუნებას შორის მჭიდრო კავშირის არსებობა საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია.“თუკი გარემოს გავანადგურებთ, აღარც საზოგადოება გვექნება” – ეს სიტყვები ამერიკელ კულტურის ანთროპოლოგსა და აქტივისტს, მარგარეტ მიდს ეკუთვნის. საინტერესოა, კონკრეტულად რა გავლენას ახდენს არაჯანსაღი გარემო ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით გვესაუბრა კესანე საკანდელიძე, ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ფსიქოლოგიის მაგისტრი, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტრორანტი, დავით ტატიშვილის ჯანმრთელობის ცენტრის ფსიქოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი და ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესების ცენტრის ფსიქოლოგი.

1. კესანე, ხშირად საუბრობენ ადამიანისა და ბუნების ურთიერთზეგავლენაზე. თქვენი აზრით, რა კავშირია მათ შორის და რამდენად მნიშვნელოვანია იმ გარემოზე ზრუნვა, რომელშიც ვცხოვრობთ?

ადამიანი რომ სუნთქავს ეს უკვე  მისი და ბუნების განუყოფელ კავშირზე მეტყველებს. და ეს კავშირი, ადამიანის სამყაროში არსებობის ყველა ეტაპზე რეციპროკულია. თუ ჩვენ არ მოვიყვანთ ხორბალს, ვერ შევჭამთ პურს. თუ არ დავრგავთ ხეს, ვერ ჩავისუნთქავთ სუფთა ჰაერს. ბუნებაზე ზრუნვა საკუთარ თავზე ზრუნვის ტოლფასი ქცევაა, ამიტომაა ჩვენი ფიზიკური არსებობა დამოკიდებული ჩვენ მიერ მიღებულ კონსტრუქციულ და დესტრუქციულ გადაწყვეტილებებზე ბუნებასთან მიმართებაში.

2.რას მოვიაზრებთ, როცა არაჯანსაღ გარემოზე ვსაუბრობთ?

არაჯანსაღი ფიზიკური გარემო ეს არის საარსებოდ მნიშვნელოვან რესურსებს მოკლებული ეკოსისტემა, რომელსაც, ხშირ შემთხვევაში, ჩვენი მხრიდან უარყოფითი ჩარევის ან უმოქმედობის შედეგად ვიღებთ. ამ შედეგს შემდგომში ავსახავთ საკუთარ თავებზე, ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ეკონომიური მდგომარეობის გაუარესებაში.

3. რა გავლენას ახდენს არაჯანსაღი გარემო ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობაზე? როგორ და რა ფორმით ვლინდება ეს?

ჯანსაღი ფსიქიკის შესანარჩუნებლად ადამიანს სჭირდება თვითგამორკვევა, სასიცოცხლო ძალები, კმაყოფილების შეგრძნება და სხვა. კვლევებით დასტურდება, რომ საკუთარი თავის ბუნების ნაწილად აღქმა ძლიერ კავშირშია როგორც ცხოვრებით კმაყოფილებასთან, ასევე სასიცოცხლო ძალასთან, თვითგამორკვევასთან და  ბედნიერებასთან. შესაბამისად, მარტივი მისახვედრია, რომ რაც უფრო არაჯანსაღი იქნება გარემო, მით უფრო სუსტად იქნება გამოხატული თითოეული ზემოხსენებული.

4. თქვენი დაკვირვებით, ვის უფრო მეტად უჭირს არაჯანსაღ გარემოსთან შეგუება? ქალებს თუ კაცებს? რატომ?

გამომდინარე რამოდენიმე ანთროპოლოგიური თეორიიდან, რომლებიც ქალებს ბუნებასთან უფრო ახლოს მდგომ არსებებად განიხილავენ, შეგვიძლია დავუშვათ, რომ მასთან შეგუებისთვის საჭირო უნარებიც შესაბამისად,  უფრო მეტად ჰქონდეთ გამომუშავებული და განვითარებული. თუმცა, ჩემი პირადი დაკვირვებით, გენდერული ნიშნით სხვაობა ნამდვილად არ არის.

5. როგორ უნდა იზრუნოს ადამიანმა თავის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე დღევანდელ სტრესულ გარემოში და იმ რეალობაში, რომელშიც ვცხოვრობთ?

ინტუიციურად, თითქოს ყველა ვხვდებით როგორ დადებითად შეიძლება იმოქმედოს ბუნებასთან სიახლოვემ, მაგრამ ცოტამ თუ იცის იმ მკვლევრების გენიალური მიგნებები, რომლებიც მეცნიერულად გვიდასტურებენ და სახელებს არქმევენ ბუნებასთან სიახლოვის დადებით შედეგებს. მაგალითად, ბავშვები, რომლებიც  ურთიერთქმედებენ გარემოსთან,  ხდებიან უფრო თამამები გადაწყვეტილებების მიღებისას, უმაღლდებათ თვითშეფასების მაჩვენებელი, უუმჯობესდებათ შემოქმედებითი მხარე, მეტად ინტერესდებიან სპორტით. ხშირია შემთხვევა, როცა ბუნებასთან სიახლოვე დადებითად მოქმედებს, ძალზედ გავრცელებულ, ყურადღების დეფიციტის და ჰიპერაქტიურობის სინდრომზეც.

ბუნებასთან სიახლოვის დროს აღდგება სასიცოცხლო ძალები, მაღლდება გუნება-განწყობა, შესამჩნევლად მცირდება შფოთვა და გონებრივი გადაღლილობა. ეს ყველაფერი კი ბევრი დადებითი ფსიქოლოგიური მოვლენის საფუძველია. საკმარისზე მეტი მიზეზი არ არის იმისთვის, რომ ადამიანმა საკუთარი თავი ბუნებას უფრო მეტად დაუახლოვოს?!

6. თუ ფიზიკურად ვერ ვახერხებთ ბუნებასთან სიახლოვეს, შეგვიძლია თუ არა, რომ ხელოვნურად შევიქმნათ შედარებით ჯანსაღი გარემო, რაც ჩვენს ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება?

ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული აღწერილობით თუ ვიმსჯელებთ, ბუნებასთან სიახლოვის ბევრი შესაძლებლობა გვაქვს, მაგრამ იმ სირთულეების საპირწონედ, რომლებიც ჩვენივე უარყოფითი ზეგავლენით გამოვიწვიეთ, ვიტყოდი, რომ არამხოლოდ შესაძლებელი, არამედ აუცილებელიცაა შევიქმნათ ჯანსაღი გარემო ჩვენს ირგვლივ მაინც. თან თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩემ მიერ ნახსენები დადებითი შდეგები დადგა მაშინ, როცა მკვლევრებმა მონაწილეები აქტივობებში ჩართეს არა ბუნების დაცვის და გაუმჯობესების, არამედ გართობისა და გახალისების მიზნით.  შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დადებითი ეფექტის მატარებელი იყო ბუნებასთან სიახლოვით გამოწვეული სასიამოვნო რუტინა: ყვავილების, მცენარეების დარგვა, ჩიტების გამოკვება და ა. შ, რაც სახლის პირობებშიც თავისთავად შესაძლებელია. მთავარია, აღვიქვათ და ვისწავლოთ ბუნებასთან ურთიერთობის კულტურა. ასევე ის, რომ ამ ურთიერთობის შედეგად მიღებული სიამოვნება ცხოვრების ჯანსაღი წესის ტოლფასია.

მოამზადა მარიამ მხეიძემ

ბლოგები მომზადებულია “კავშირი ფრეიას” მიერ, “ქალთა ფონდი საქართველოში”-ს ფინანსური მხარდაჭერით.