ბავშვობის ოცნება, ოჯახი და კარიერა

ყველას აქვს ბავშვობის ოცნება… სკოლაში ყველას გვეკითხებოდნენ, რომ გავიზრებით, ვინ უნდა გამოვსულიყავით?

მე-6-7 კლასში ვსწავლობდი, როცა უკვე გადაწყვეტილი მქონდა ჩემი მომავალი პროფესია – ჟურნალისტობა. ჩემი თანატოლებისგან განსხვავებით მე დარწმუნებული ვიყავი ,ჩემს პროფესიულ არჩევანში. როგორც წესი, ადრეულ ასაკში ყველა ოცნებობს გახდეს მსახიობი, მომღერალი, ექიმი ან მანქანის მექანიკოსი. ჩემი პროფესიის არჩევა, ალბათ, განპირობებული იყო ჩემი ურჩი და სამართლიანობისთვის მებრძოლი ხასიათით.

წლები გავიდა, ჩემი ოცნება მაინც არ შეიცვალა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ირგვლივ ყველა წინააღმდეგი იყო ჩემი არჩეული პროფესიისა. მიზეზები განსხვავებული იყო, თუმცა ძირითადი პრობლემა სტერეოტიპული დამოკიდებულებები იყო. „გოგო ჟურნალისტი“, „რაში გჭირდება, სულ გადარბენაზე იქნები“, „ეს არ არის ნორმალური გოგოს საქმე“, „ჯობია მასწავლებელი იყო“…

კარგად ვსწავლობდი. ბევრს ვმეცადინეობდი, რადგან უნდა დამემტკიცებინა, რომ ჩემს მიზანს აუცილებლად მივაღწევდი. უნივერსიტეტში ჩავაბარე… დიდი სიამოვნებით და ინტერესით ვსწავლობდი. ყოველ ლექციაზე, მიღებული ცოდნა ჩემთვის ახალი იყო. ის ადგილი, სადაც მე გავიზარდე, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ რამდენიმე წლით ჩამორჩება პროგრესს და საზოგადოება დოგმებით ცხოვრობს. იმ ადამიანებისგან განსხვავებით,რომლებიც ცვლიან საკუთარ მიზნებს საზოგადოებრივი აზრიდან გამომდინარე, მე პირიქით მოვიქეცი და ვიბრძოლე. უფრო მეტად შევიყვარე ჩემი პროფესია.კარგად ვსწავლობდი. ჩემი სადიპლომო ნაშრომი,კი რომელიც მოკლემეტრაჟიანი ფილმი იყო  ჩემი საცხოვრებელი ადგილის შესახებ, წარმატებით დავიცავი. ჟურნალისტებს მეტად მრავალფეროვანი და საინტერესო ცხოვრება აქვთ.

ბოლო კურსზე დავოჯახდი… პირველი შვილი გამიჩნდა… ორი წლის განმავლობაში მხოლოდ ბავშვის აღზრდით, მოვლით და ოჯახის საქმეებით ვიყავი დაკავებული, შემდეგ კი მუშაობა მომიწია… აქ სხვადასხვა პრობლემები გაჩნდა. მათგან ყველაზე რთული, დროის მენეჯმენტი იყო, რადგან ჟურნალისტის სამუშაო არაპროგნოზირებადია. შეიძლება სამუშაოდ დღის ნებისმიერ მონაკვეთში მოგიწიოს მუშაობა ან მივლინებით წასვლა და თუ ბავშვის აღმზრდელი არ  გყავს  ოჯახი, ვერავის დაუტოვებ მას.

კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც უფრო გლობალურია, სამსახურის პოვნაა. თუ სტუდენტობის პერიოდში მოახერხე რედაქციაში (რადიო, გაზეთი ან ტვ) მუშაობა ან პრაქტიკა, შენს კარიერას მყარ საფუძველს შეუქმნი.  თუმცა თუ ორი წლის განმავლობაში, ჩემსავით პასიური ცხოვრებით იცხოვრებ, კარიერა დიდი გამოწვევა გახდება.

როდესაც ასეთი პრობლემების წინაშე დგები, უნდა დაანგრიო და ხელახლა აკრიფო ის, რასაც ლეგოს ნაწილაკებივით წლების განმავლობაში აგროვებდი, თუმცა სხვა შენობის შექმნის მოლოდინით.

ახალი პროფესიის არჩევა მომიწია. მაგისტრის ხარისხი მივიღე პედაგოგიკაში და სკოლაში დავიწყე მუშაობა. მე სიამოვნებით ვმუშაობ, ამავე დროს შვილებზე ვზრუნავ. კარგად ვიცი, პედაგოგის მნიშვნელოვანი როლი საზოგადოებისა და მოქალაქეების ფორმირებაში. მე ერთდროულად ვმონაწილეობ სხვადასხვა პროგრამებში. ჩემი, როგორც ჟურნალისტის პროფესია, ძალიან მეხმარება ნებისმიერი სიტუაციიდან გამოსავლის სწორად პოვნაში, ანალიზში, განსჯაში. ჩემი პროფესია არის ჩემი ქვაკუთხედი, როგორც ადამიანის, ქალის, მოქალაქის. 

მიუხედავად ამისა ,ჩემი სამომავლო გეგმები დაკავშრებულია ჟურნალისტობასთან. როდესაც ჩემს ოჯახურ პრობლემებს მოვაგვარებ და   შვილებიც  დამოუკიდებლები იქნებიან, მე აუცილებლად დავუბრუნდები აქტიურ ჟურნალისტურ ცხოვრებას.

პ.ს. მინდა აღვნიშნო, რომ ბევრისგან განსხვავებით, ჩემი მეუღლე არასდროს ყოფილა წინააღმდეგი ჩემი ჟურნალისტობისა თუ სხვა სახის მუშაობისა, მაგრამ იმ პასუხისმგებლობებმა, რომლებიც როგორც დედას მეკისრებოდა, ზემოხსენებულმა გარემოებებმა არ მომცა საშუალება ბავშვობის ოცნებას კვალდაკვალ გავყოლოდი…

ეს სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “ალიქ მედია” და “კავშირი ფრეია” და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს