ექსპერტები ერევნის მერის არჩევნებს მნიშვნელოვან მოვლენად აფასებენ

23 სექტემბერს, სომხეთში, ერევნის უხუცესთა საბჭო არჩევნები ჩატარდა. ხმების 81,06 %-ით (294 109 ხმა) პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშიანიანის მხარდაჭერილმა ბლოკმა „ჩემი ნაბიჯი“  გაიმარჯვა. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ნიკოლ ფაშინიანისთვის, როგორც ქვეყნის ახალი ლიდერისთვის, ეს არჩევნები მნიშვნელოვან გამოცდას წარმოადგენდა.

სომხეთის საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, გამარჯვებული პარტიის, ამ შემთხვევაში კი ბლოკ „ჩემი ნაბიჯის“ კანდიდატი ჰაიკ მარუტიანი ერევნის მერი გახდება. ერევნის ყოფილი მერი, ტარონ მარგარიანი თანამდებობიდან ზაფხულში გადადგა,  მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში საპროტესტო აქციების შედეგად ფაშინიანი მოვიდა. მარუტიანი სომხეთში კარგად ცნობილი კომედიური ჟანრის მსახიობი, შოუმენი, სცენარისტი და პროდუსერია.

შედეგების მიხედვით ქალაქის საკრებულოში კიდევ ორი პარტია შევა, რომლებიც მთავრობაშიც არიან წარმოდგენილნი.  რაც შეეხება ყოფილ მმართველ ძალას, „რესპუბლიკურ პარტიას“, მას არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია.

სომხეთში ექსპერტები ერევნის მერის არჩევნებს მნიშვნელოვან მოვლენად აფასებენ, რადგან  შედეგები ნიკოლ ფაშინიანის მიმართ საზოგადოების  მხარდაჭერას აჩვენებს. მათივე ვარაუდით სწორედ მოახლოებულ არჩევნებსა და ნიკოლ ფაშინიანისთვის რეიტინგის შემცირებას უკავშირდებოდა სპეცსამსახურებთან დაკავშირებული ჩანაწერების გავრცელებაც, რომელშიც საუბარია 2008 წლის 1-ლი მარტის მოვლენებთან დაკავშირებით სომხეთის მესამე პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანისა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის გენერალური მდივნის იური ხაჩატუროვის დაკავებაზე.

ერევნის მერის არჩევნების წინ  ამომრჩევლებისთვის ქრთამის მიცემისთვის დაწესებული სასჯელი გამკაცრდა, ქრთამის აღება კი სისხლის სამართლის დანაშაული გახდა.

საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით სასჯელის გამკაცრების შესახებ საკანონმდებლო პაკეტის მიღების შემდეგ, გათვალისწინებულია თავისუფლების ოთხიდან ექვს წლამდე აღკვეთა, ან $5.000 — 6,000 ოდენობის  ჯარიმა.

თუ ადრე არჩევნების ან კენჭისყრის შედეგების გაყალბება სამიდან ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა, ახლა სასჯელი ოთხიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საბოლოოდ არჩევნებმა სომხეთში ექსცესების გარეშე ჩაიარა. საარჩევნო უბანზე ერთ-ერთი პირველი სომხეთის პრემიერ-მინისტრი მივიდა. ფაშინიანმა აშშ-ში თავისი ოფიციალური ვიზიტიც კი გადადო, სადაც გაეროს გენერალური ასამბლეის მუშაობაში უნდა მიეღო მონაწილეობა. პრემიერის თქმით, არჩევნები სომხეთისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია და რომ შედეგებმა მოქალაქეებს შეკითხვები არ უნდა გაუჩინოს.

უხუცესთა საბჭოს არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღიათ სომხეთის არც ყოფილ პრეზიდენტებს და არც მოქმედ პრეზიდენტს არმენ სარქისიანს, რომელიც სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში იმყოფებოდა.