„გენდერული სტერეოტიპების ტყვეობაში“

თანამედროვე მსოფლიოში გლობალურმა გამოწვევებმა საერთაშორისო დონეზე, ადამიანის უფლებათა მექანიზმების დანერგვით (ქარტიები, რეზოლუციები, და ა.შ) სერიოზული გარდატეხა მოახდინა. ცივილური სახელმწიფოებისთვის სავალდებულო გახდა ქალისა და მამაკაცის თანასწორობა, როგორც წინაპირობა დემოკრატიული რეჟიმის ლეგიტიმაციისა.

„ადამიანის უფლებათა უნივერსალური დეკლარაცია“(UDHR) ამბობს, რომ – „ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და თანასწორი თავის ღირსებებსა და უფლებებში”.

„დემოკრატია კი მოითხოვს თანამშრომლობას, მამაკაცებსა და ქალებს შორის საზოგადოებრივ ურთიერთობებში, სადაც ისინი მუშაობენ თანაბარ პირობებში მიუხედავად მათი განსხვავებებისა“.

გენდერული უთანასწორობის საკითხი მთელი სიმწვავით დგას,როდესაც ის განიხილება შრომითი ურთიერთობებისა და ანაზღაურების კონტექსტში. კარიერული განვითარებისა და წინსვლისთვის კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალებსა და მამაკაცებს თანასწორი,კომფორტული გარემო ჰქონდეთ სამსახურში.

კანონი არ ანსხვავებს „ქალურ“ და „მამაკაცურ“ პროფესიებს და ქალებისთვის არ
აწესებს ,,მიზანშეწონილ“ ან ,,შეუფერებელ“ საქმიანობებს. თუმცა ისეთი პატრიარქალური საზოგადოება, როგორც ჩვენ ვართ მაინც გენდერული სტერეოტიპების ტყვეობაში რჩება…
ალბათ მოგისმენიათ მოსაზრება რომ „ბიჭები ძლიერები არიან ტექნიკურ საკითხებში, გოგონები კი – ჰუმანიტარულში, “ნება მომეცით ერთად გავიხსენოთ რომ ქიმიკოსი და ნობელის პრემიის ლაურეატი მარია კიური ქალი იყო, ხოლო ენათმეცნიერი აკაკი შანიძე – მამაკაცი.

გენდერული სტერეოტიპების გავლენა განსაკუთრებით შესამჩნევია ისეთ სფეროში, როგორიც პოლიტიკაა. პოლიტიკურ ველზე პოლიტიკოსი ქალისა და მამაკაცის მიმართ უთანასწორო, უსამართლო დამოკიდებულებები და მოთხოვნებია. დააკვირდით, ის რაც შეიძლება ეპატიოს მამაკაცს არ ეპატიება ქალს.

მაგალითად: საჯარო გამოსვლისას მამაკაცის მიერ უხეშად გამოთქმულმა მოსაზრებამ თუ უცენზურო სიტყვამ შეიძლება მას მეტი პოპულარობა მოუტანოს, როცა იგივე შემთხვევაში ქალს „მიწასთან გაასწორებენ“. ქალი პოლიტიკოსის შეფასებისას, პროფესიული კომპეტენტურობის გარდა მხედველობაში მისი პირადი ცხოვრება, ოჯახური მდგომარეობა, შვილებთან დამოკიდებულება და ბევრი სხვა რამ მიიღება, როცა მამაკაცის შემთხვევაში იგივე მოთხოვნები ნაკლებად მუშაობს.

ფაქტია, რომ სოციალური როლის ათვისების გზაზე, თვითდამკვიდრებისთვის, კარიერული წინსვლისა და განვითარებისთვის ქალს ნამდვილად მეტი ბრძოლა უწევს. ქალები ნაკლებად აღიქმებიან როგორც თანასწორუფლებიანი პარტნიორები და მათი პროფესიული ინტელექტუალური და პირადი ღირსებები სათანადოდ არ ფასდება.

გრძელვადიანი სოციალურ – პოლიტიკური ცვლილებების სრულფასოვანი განხორციელება განგრძობადი პროცესია და იმედი გვაქვს, რომ ამ მიმართულებით გაწეული მუშაობა სასურველ შედეგს გამოიღებს.

—————————————————————————————————————–
ეს სტატია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “ალიქ მედია” და “კავშირი ფრეია” და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს