გიორგი სოღოიანი ოლიმპიადაზე 32-ე ადგილზე გავიდა

მოციგურავე გიორგი სოღოიანმა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე 32-ე ადგილი დაიკავა.

20 წლის სპორტსმენს, სამი დაშვებისთვის ჯამში 2.27,459 წუთი დასჭირდა და ის ფინალურ ოცეულს მიღმა აღმოჩნდა. ოლიმპიური ჩემპიონი გახდა ავსტრიელი დევიდ გრეიხნერი, ვერცხლის მედალი მოიპოვა ამერიკელმა კრის მაზდერმა, ბრინჯაო – გერმანელმა იოჰანეს ლუდვიგმა. გამარჯვებულები საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა დააჯილდოვა.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვებ-გვერდის თანახმად, გიორგი სოღოიანის ოლიმპიური დებიუტის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.

„გიორგი ჯერ ახალგაზრდაა, 20 წლისაა და მისთვის ეს ოლიმპიადა გამოცდილების მიღების საუკეთესო საშუალება იყო. ამდენი ტიტულოვანი მოციგურავის გვერდით გამოსვლა მას ბევრს შესძენს. გიორგი სოღოიანმა თამაშების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე მოიპოვა პიონჩანგის საგზური, აქ კი რვა მეტოქეს აჯობა, რაც ურიგო შედეგი არ არის“.

საქართველოს დელეგაცია პიონჩანგის ოლიმპიურ თამაშებზე ოთხი სპორტსმენითაა წარმოდგენილი. სოღოიანის გარდა ოლიმპიურ შეჯიბრში ჩაებმებიან მოთხილამურეები ნინო წიკლაური და იასონ აბრამაშვილი, ასევე ფიგურული მოციგურავე მორის ყვითელაშვილი.

radiotavisufleba.ge

Leave a Reply