გიორგი ტუმასიანი – ადამიანებმა, რომლებიც დგანან მეორე მხარეს, დღეს ჩვენი ტრაგედია სასაცილო პერფომანსად აქციეს

თბილისში თურქეთის საელჩოს წინ დღეს, 24 აპრილს, სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით საქართველოს სომხური თემის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს.

აქციის პარალელურად, საელჩოს მეორე მხარეს თურქი ახალგაზრდები ღონისძიებას ატარებდნენ და ათა-თურქისადმი მძღვნილი გამოფენა მოაწყეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ფატმა სერენ იაზგანმა აღნიშნა: „დღეს თურქეთში ბავშვეთა დღეს ზეიმობენ და გადავწყვიტეთ ის აქაც (თბილისში) აღგვეღნიშნა“.

სომხური თემის წარმომადგენელმა,პლატფორმა “არძაგანქ”-ის ხელმძღვანელმა გიორგი ტუმასიანმა შეკრებილებს მიმართა. გთავაზობთ მის სიტყვას უცვლელად:

“მე მინდა მივმართო ჩვენს თანამემამულეებს, საქართველოს ხელისუფლებას, საქართველოს საზოგადოებას. დღეს, აქ ჭავჭავაძის გამზირზე, ილიას ძეგლის გვერდით , შეიკრიბა ორი მხარე: ერთი მხარე – ნათელი, მეორე – ბნელი დღეს ჩვენ შევიკრიბეთ გავიხსენოთ 1.5 მილიონი უდანაშაულო ადამიანის მკვლელობა.

ჩვენ შევიკრიბეთ რომ გავიხსენოთ ის ტრაგედია, რომლის შესაფასებლად შემდგომში გაერომ ტერმინი „გენოციდი“ დაამკვიდრა. ადამიანებმა, რომლებიც დგანან მეორე მხარეს, დღეს ჩვენი ტრაგედია სასაცილო პერფომანსად აქციეს. თქვენ ხედავთ, თუ როგორ დასცინიან 1.5 მილიონ ადამიანს. დასცინინ ჩვენს წინაპრებს. დასცინიან ასევე მილიონობით სხვა ადამიანებს – ბერძნებს, ასურელებს, ვინც ასევე იქნა მოკლული ამ პერიოდში.

ქართველებიც, რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა დაგვივიწყდეს, შერიფ ხიმშიაშვილის სიტყვები „ოსმალეთს არ შერჩება აჭარა“, არ დაგვავიწყდეს, რომ ქართველი ერი იბრძოდა და დღეს აჭარა თავისუფალია, ეს არის ამის ნათელი მაგალითი“, – განაცხადა ტუმასიანმა.