ფაშინიანმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში სამხედრო ვალდებულება მოხდილ ჯარისკაცებს მოხალისეობისკენ მოუწოდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში სამხედრო ვალდებულება მოხდილ ჯარისკაცებს ჯარში გასაწვევად ცენტრალურ სამხედრო ასამბლეაში გამოცხადებისკენ მოუწოდა.

”ბოლო ერთი წლის განმავლობაში სამხედრო ვალდებულება მოხდილი ბიჭები კანონით სამობილიზაციო რესურსში არ შედიან, მაგრამ ახლა ყველას ვთხოვ მოხალისეებად ჩარიცხვას. მსურს მოვიწვიო ეს ხალხი და გულწრფელად ვთქვა, რომ მათ არა მხოლოდ საბრძოლო მოვალეობის შესასრულებლად, არამედ სასიკვდილო ბრძოლაში და ამ ომში გამარჯვების უზრუნველსაყოფად ვიწვევთ“, – განაცხადა ფაშინიანმა.

პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ ბოლო წლის განმავლობაში სამხედრო ვალდებულება მოხდილთა საბრძოლო მზადყოფნა უფრო მაღალია, სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ამ მოწოდების გაკეთება.

მან აღნიშნა, რომ სომხეთში 10 000 ასეთი ბიჭია და თუ ნახევარი მაინც გამოეხმაურება ამ მოწოდებას, “ეს  ჩვენი არმიის ერთ-ერთი ყველაზე ბრძოლისუნარიანი ნაწილი იქნება”.

აღსანიშნავია ასევე, რომ პრემიერ-მინისტრის შვილი, აშოტ ფაშინიანი უკვე გამოცხადდა სამხედრო ასამბლეაში და ჯარში ჩაირიცხა. აშოტ ფაშინიანი ჯარიდან რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა.