ხელოვნება არის იქ, სადაც მშვიდობა და სიყვარულია

საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული „ჰაიარტუნ“ ცენტრის, გალუსტ გიულბენკიანის სახელობის დარბაზში გამოფენა, პირობითი სახელწოდებით, „აღორძინება“ გაიხსნა. გამოფენაზე წაროდგენილია შვიდი ახალგაზრდა ყარაბაღელი მხატვრის ფერწერული ნამუშევრები.

„გამოფენის იდეა ერთი თვის წინ დაიბადა. თავიდან გვინდოდა ქანდაკებები წარმოგვედგინა, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოხერხდა და მომავლისთვის გადავდეთ. დღეს წარმოდგენილი ნამუშევრების გამოფენა, არა მხოლოდ ერევანში, არამედ სომხეთის სხვა ქალაქებშიც წარმატებით გაიმართა. ამიტომ, გადავწყვიტეთ ეს ნამუშევრები საქარველოშიც ჩამოგვეტანა და საქართველოს მოსახლეობაც გაცნობოდა მათ. ამ ავტორებისთვის საქართველოში პირველი გამოფენაა და  იმედი გვაქვს, საინტერესო იქნება“, – ამბობს ფონდ „თექეიან ცენტრის“ დირექტორი არმენ წულიქიანი.

გამოფენის ორგანიზატორები ფონდი „თექეიან ცენტრი“, სახელმწიფო არასამეწარმეო ორგანიზაცია „ქალაქ შუშის მუზეუმები“ და საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული ცენტრი „ჰაიარტუნ“ არიან.

ფონდის დირექტორის არმენ წულიქიანის ინფორმაციით, „თექეიან ცენტრი“ 1997 წელს დაარსდა და მათი მუშაობის ძირითადი სფეროები კულტურული და საგანამანთლებლო პროექტებია. ფონდის მიზანია მხარი დაუჭიროს ახალგაზრდა სომეხ შემოქმედებს, როგორც სომხეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

თბილისში გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრების ავტორებიდან, გამოფენის გახსნას მხოლოდ ერთი მხატვარი სამველ თავადიანი დაესწრო, რომელიც ქალაქ შუშში (შუშა – აზერბაიჯანული ვერსიით) დაიბადა, დღემდე იქ ცხოვრობს და მუშაობს. „როგორც წესი ხატვა, ბავშვობიდან არ დამიწყია. ცოტა გვიან დავიწყე. ჩემი თანასოფლელი, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს ჩამოვიდა და მასთან სახელოსნოში მივედი. სახელოსნოს გარემომ, საღებავების სუნმა, მისმა შემოქმედებამ დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე. ამ დღიდან დავიწყე ხატვა და დღეს, ხელოვნება ჩემთვის მხოლოდ ყოველდღიური ცხოვრება არ არის. ხელოვნება სულიერი სამყაროა და თითოეული ნამუშევარი ჩემი სულის ნაწილი“, – ამბობს სამველ თავადიანი.

სამველ თავადიანს გამოფენაზე მხოლოდ ფერწერული ნამუშევრები აქვს გამოფენილი, თუმცა მუშაობს გრაფიკაშიც. ზეთის საღებავებში შესრულებული პეიზაჟები, პორტრეტები, კომპოზიციები ნათელი, ფერადი და რეალისტური ნამუშევრებია. „ხშირად ვხატავ, შუშის პეიზაჟებს. ეს ის ქალაქია, სადაც ყველაფერი მიზიდავს. ალბათ იმიტომ, რომ ის მხოლოდ ჩემი დაბადების ადგილი არ არის, ჩემი სამშობლო და ცხოვრების აზრია. შესაბამისად, ყველა ამ ქალაქზე შექმნილი კომპოზიცია ჩემი სულიდან მოდის. გრაფიკულ ნამუშევრებში ჩემთვის მნიშვნელოვანია ჩრდილი და შუქი, ხოლო ფერწერულ ნამუშევრებში ფერების ჰარმონია.

მე ვთვლი რომ, ქალაქი თბილისი, ხელოვნებით განსაკუთრებულად გამოირჩევა. ამიტომ მიხარია რომ, აქ ვარ, საქართველოში გაეცნობიან ჩემს შემოქმედებას და იმედი მაქვს, შესაბამისადაც შეფასდება“.

ქალაქი შუში(ა), რომელიც 1823 წლამდე ყარაბაღის სახანოს დედაქალაქი იყო, სტეპანაკერტის სამხრეთით 11 კილომეტრში, ზღვის დონიდან 1368 მეტრზე მდებარეობს. როგორც ამბობენ, ყარაბაღის ომის საწყისი ფაზა ქალაქ შუშის შტურმი გახდა. საომარი მოქმედებების დასაწყისში სწორედ იქიდან ისროდნენ სტეპანაკერტის მიმართულებით.

თუმცა, ქალაქში წლების განმავლობაში დაძაბულ ვითარებას, მხატვრისთვის ხელი არ შეუშლია მისი ნამუშევრები ფერადი და ომისგან თავისუფალი ყოფილიყო. „ჩემს ვერცერთ ნამუშევარში ვერ ნახავთ ომის თემას, რადგან მე ვთვლი რომ, ხელოვნება არის იქ, სადაც მშვიდობა და სიყვარულია“, – ამბობს სამველ თავადიანი.

მხატვარი, მინიატურისტი მერუჟან შაუმიანი ამბობს: „მე ნებისმიერი ახალგაზრდის შემოქმედებას მივესალმები. ჩემთვის დიდი სიურპრიზია ამ ნამუშევრების ნახვა. გარდა იმისა, რომ საინტერსოა, რაც მხატვრისთვის მნიშვნელოვანია, თითოეული მხატვრის შემოქმედება გამორჩეულია. ამასთან ერთად იგრძნობა სომხური სკოლა, სულიერი კულტურა“.  

ამჟამად გამოფენაზე ჩამოსვლა მხოლოდ სამველ თავადიანმა შეძლო, თუმცა სურვილი იყო რომ, სხვა მხატვრებიც ჩამოსულიყვნენ. „რა თქმა უნდა, გვინდოდა სხვა მხატვრებიც ჩამოსულიყვნენ. სამწუხაროდ, გარკვეული მიზეზების გამო, მათი აქ ყოფნა ვერ მოხერხდა. ფონდი „თექეიან ცენტრი“ დაინტერესებულია, რაც შეიძლება ბევრი შემოქმედი ადამიანი გააცნოს საზოგადოებას, ამიტომ იმედი გვაქვს, ჯერ ყველაფერი წინ არის. დიდი სურვილი გვაქვს, პერსონალური გამოფენები გავაკეთოთ. იმედს ვიტოვებთ, რომ ამის საშუალება და შესაძლებლობა მოგვეცემა“, – ამბობს არმენ წულიქიანი.

საქართველოს სომეხთა ეპარქიის კულტურულ-საგანმანათლებლო და ახალგაზრდული „ჰაიარტუნ“ ცენტრში გამოფენა ერთი თვე გაგრძელდება.

მზევინარ ხუციშვილი

 

Leave a Reply