ფაშინიანი ჯო ბაიდენს პრეზიდენტობას ულოცავს

სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ჯო ბაიდენს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩევა მიულოცა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ინფორმაციით მისალოც წერილში ნათქვამია:

”პატივცემულო ბატონო ბაიდენ,

გთხოვთ მიიღოთ ჩვენი გულწრფელი მილოცვა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩევასთან დაკავშირებით.

დარწმუნებული ვარ, რომ მრავალწლიანი პოლიტიკური და საკანონმდებლო საქმიანობის შედეგად მიღებული მდიდარი გამოცდილება და ცოდნა დაგეხმარებათ აშშ-სა და მისი ხალხის კეთილდღეობისა და პროგრესისკენ მიმავალ გზაზე.

თქვენი საქმიანობის განმავლობაში დიდი წვლილი შეიტანეთ სომხურ-ამერიკული მეგობრობის განმტკიცებაში და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაში. სომეხი ხალხი აფასებს თქვენს პრინციპულ დამოკიდებულებას სომხეთის გენოციდის აღიარებისა და მისი უფლებების დაცვის საკითხებთან დაკავშირებით.

დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი პრეზიდენტობის პერიოდში, სომხურ-ამერიკული ორმხრივი ურთიერთობები, რომლებიც საერთო დემოკრატიულ ღირებულებებზეა დაფუძნებული, განაგრძობს ზრდას ჩვენს სახელმწიფოებს შორის სტრატეგიული დიალოგის დონის შესაბამისად.

რა თქმა უნდა, ამ პროცესში ფასდაუდებელი წვლილი აქვთ ამერიკელ სომხებს, რომლებიც დამაკავშირებელი ხიდია ჩვენს ქვეყნებს შორის.”

სომხეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს შეერთებული შტატების, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნის როლს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში, როგორც მოგეხსენებათ უკვე თვეზე მეტია, რაც აზერბაიჯანი და თურქეთი უგულებელყოფენ თანათავმჯდომარეების ყველა მცდელობას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, განაგრძობენ ერთობლივ აგრესიას სომხეთისა და არცახის წინააღმდეგ, უცხოელი ტერორისტების მონაწილეობით.

ამ მხრივ, მე მივესალმები თქვენს ხედვას საკითხის მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოგვარების შესახებ, რომელიც თქვენ როგორც პრეზიდენტობის კანდიდატმა გამოხატეთ.

იმედი მაქვს, რომ თქვენი ადმინისტრაცია ქმედით  ნაბიჯებს გადადგამს ომის დასრულებისა და  საკითხის ყოვლისმომცველი მოგვარების მიმართულებით, რომელიც უნდა ემყარებოდეს არცახის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას მათი თვითგამორკვევის უფლების გამოყენებით.

ნება მიბოძეთ კიდევ ერთხელ მოგილოცოთ შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩევა, გისურვოთ  ჯანმრთელობა, წარმატებები და ნაყოფიერი საქმიანობა.’’