რატომ აუქციეს გვერდი სომეხი მოსახლეობით ყველაზე დიდ სოფელ შაუმიანს

მარნეულის რაიონში სოფელ შაუმიანში, რომელიც სომეხი მოსახლეობით ყველაზე დიდი სოფელია, გზების დიდი ნაწილი საბჭოთა კავშირის პერიოდის შემდეგ აღარ დაგებულა. წლების განმავლობაში, განსაკუთრებით თოვლის დადნობის შედეგად,  გზის საფარი საგრძნობლად გაუარესდა,   ერთი წლის წინ კი  გაზიფიკაციის სამუშაოების დროს, ისედაც  დანგრეული  გზები კიდევ უფრო დაინგრა, რასაც სარემონტო-აღდგენითი სამუშაოები არ მოჰყოლია.

მოსახელობა ამბობს, რომ მხოლოდ დაპირებები ესმით, მაგრამ მაინც არაფერი კეთდება.

მოსახლეობის მოთმინების ფიალა აივსო  განსაკუთრებით ბოლო დღეების განმავლობაში, როდესაც შაუმიანის  რამდენიმე მეზობელი აზერბაიჯანული  სოფლის გზები დააგეს სახელმწიფო რესურსებით, ხოლო შაუმიანის შემთხვევაში  შემოიფარგლნენ მხოლოდ ასფალტის ნაწილობრივი დაგებით და ორმოების  ამოვსებით. როგორც  ადგილზე გაირკვა, სწრაფი ტემპებით ასფალტის დაგების მიზეზი გახდა შაუმიანის მეზობლად მდებარე სოფელ წერაქვში  25-28 აგვისტოს  მულტი-კულტურული ფესტივალის გამართვა, სადაც მონაწილეობის მისაღებად  სხვადასხვა ქვეყნების დელეგაციები აპირებენ ჩამოსვლას. წერაქვის გზები ამ დროისთვის სრულად დაგებულია. გაუგებარია, ამ შემთხვევაში, რატომ აუქციეს გვერდი შაუმიანს, რომელსაც სატრანზიტო მნიშვნელობა აქვს. სტუმრებს წერაქვში მისასვლელად ყველა შემთხვევაში მოუწევთ გაიარონ შაუმიანის გზა.

2შაუმიანის მაცხოვრებლები დარწმუნებულები არიან, რომ  მათ მიმართ ხელისუფლების მხრიდან იგრძნობა ხაზგასმული მიკერძოებული დამოკიდებულება. უკმაყოფილება უამრავმა ადამიანმა გამოთქვა.

 „მოსულან და დაუნგრევიათ გაზისა და წყლის გასაყვანად. ბოლოს და ბოლოს 21-ე საუკუნეში ვისი საშუალებებით უნდა გაკეთდეს სარემონტო სამუშაოები. ამისი პასუხი ჩვენ არ გაგვაჩნია. თუ პასუხს გაგვცემდნენ, ხალხი ასეთ ხმაურს არ ატეხდა. გასაკვირია, თუ მთავრობიდან ან რაიმე ორგანიზაციიდან უნდა ჩამოვიდნენ   ღონისძიებაზე წერაქვში,  ეს მონაკვეთი როგორ უნდა გაიარონ?“– კითხულობს შაუმიანის მაცხოვრებელი მეხაკ ჩობანიანი.

10დანგრეული გზების აღდგენა ამ ადამიანებისათვის გახდა ჰაერისა და წყლის მსგავსი აუცილებლობა. მიზეზი მარტო  მტვრიანი ჰაერი არაა, არამედ, წვიმიან ამინდში ტალახიანი ფეხსაცმელი და ზამთარ-ზაფხულ ორმოების შემოვლის მცდელობებით მოძრავი მძღოლები. დანგრეული გზების გამო სასწრაფო ბრიგადა ვერ მოდის დროულად გამოძახების ადგილზე. ეს უკვე მრავალჯერ გახდა ტრაგედიის მიზეზი. შაუმიანის მცხოვრებნი ვერ ივიწყებენ შემთხვევას, როდესაც ნაადრევად დაბადებული ტყუპები სასწრაფოს დაგვიანების გამო დაიღუპნენ. ჩვენთან ერთად იმყოფება სასწრაფოს მძღოლი, რომელიც ამბობს: „მე მინდა დავეხმარო ხალხს, მაგრამ გზა არ არის“. მოსახლეობის თქმით, ექიმები იმდენად იგვიანებენ, რომ ავადმყოფი ასწრებს ფეხზე წამოდგომას, გამოკეთებას და თვითონ ხვდება სასწრაფო ბრიგადას. ასევე ხუმრობით ამბობენ, რომ წვიმიან ამინდში  მეორე წყვილი ფეხსაცმლის გარეშე სახლიდან არ გადიან. ამბობენ: “ბოტებს ვიცვამთ, რომ მივიდეთ ცენტრამდე, მერე კი ვიცვლით ფეხსაცმელს“.

4საკითხის მოუგვარებლობის შემთხვევაში შაჰუმიანის  მაცხოვრებლები  აცხადებენ, რომ  უკიდურეს  ზომებს მიმართავენ, მაგალითად, ღონისძიებისთვის  გადაკეტავენ  გზას  და გააპროტესტებენ საერთაშორისო ფესტივალს.

გადაღებების დროს  მაცხოვრებლებთან გასაუბრებას  და  იმედის  მიცემას ცდილობდნენ   მარნეულის რეგიონალური ხელისუფლების წარმომადგენლები. უფრო მეტიც, ისინი დაპრდნენ, რომ  მეორე დღესვე დაიწყებენ ადგილ-ადგილ  გარემონტებას. ეს შეიძლება გახდეს პრობლემის  დროებითი გადაჭრა, სანამ გზას კაპიტლურად გაარემონტებენ, რის გამოც ჯერ ხელისუფლებამ თანხები უნდა გამოყოს და ტენდერი გამოაცხადოს.

არიან მაცხოვრებლები, რომლებიც  მიამიტად ფიქრობენ, რომ კომპეტენტურმა ორგანოებმა  მათი სოფლის მდგომარეობის შესახებ არაფერი იციან, წინააღმდეგ შემთხვევაში  ამ პრობლემას აუცილებლად გადაჭრიდნენ.

7სოფლის დეპუტატი  ლიოვა  ჰაკობიანი საპირისპიროს ამტკიცებს. ხელისუფლებაში კარგად იციან, ისიც  რეგულარულად ახსენებს, ამბობს, რომ ყოველდღიური ბრძოლა აქვს ამ საკითხის მოსაგვარებლად. სამწუხაროდ ამ ბრძოლას შედეგად მხოლოდ დაპირებები მოჰყვება. ხალხს უკვე იმედი გაუცრუვდა, დაპირებების აღარ სჯერათ. ხელისუფლება იცვლება, პრობლემები კი იგივე რჩება.

უამრავ პრობლემას შორის გზების საკითხი ერთ-ერთია, სხვა პრობლემებს  უახლოეს მომავალში დავუბრუნდებით. იმედგაცრუებული  სოფლის მაცხოვრებლებისთვის  პრესის  დასწრება  თითქოს იმედის მიმცემი გახდა, რომ ისინი თავიანთ პრობლემებთან მარტო არ არიან. იმედის მომცემია ასევე ის, რომ ჩვენი იქ ყოფნისას გაისმა კონკრეტული დრო. 18 აგვისტოდან  აღდგენითი სამუშაოები დაიწყება. ჩვენ კი გავაგრძელებთ თვალის მიდევნებას, თუ როგორ განვითარდება მოვლენები.

 

 

Leave a Reply